Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლის სადავოდქცეული მიზეზები და მომავალი შეხვედრის ბუნდოვანი პერსპექტივები


15 ოქტომბერს ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად ოფიციალური მოსკოვი და თბილისი განსხვავებულ გარემოებებს

ასახელებენ და ერთმანეთს არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებენ. სამაგიეროდ, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მომდევნო შეხვედრაზე ამ სირთულეების დაძლევა მოხერხდება. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ჩაშლის საფრთხე დაემუქრება მომდევნო, 18 ნოემბრის, შეხვედრასაც, თუკი მხარეები მანამდე არ შეთანხმდებიან მოლაპარაკების ფორმატზე და უარს არ იტყვიან ზოგიერთ ფორმულირებაზე, რაც მოკონფლიქტე მხარეებს შორის ყოველგვარ მოლაპარაკებას აზრს უკარგავს.

15 ოქტომბრის ჟენევის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სკანდალური რომ იქნებოდა, ეს ამ თარიღამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. რუსეთმა 27 აგვისტოს ცალმხრივად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რაც ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეულ 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრა საერთაშორისო შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. 15 ოქტომბრის შეხვედრაზე, ჟენევაში, რუსეთი ცდილობდა მისგან ცალმხრივად აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოლაპარაკების თანაბარ სუბიექტებად ეცნოთ, რაც, საერთაშორისო ექსპერტ არჩილ გეგეშიძის აზრით, ევროკავშირისა და ამერიკის დიპლომატიურ ძალისხმევას ჩიხურ ვითარებაში აქცევდა:

[არჩილ გეგეშიძე] ”ამ ყველაფერმა გაართულა, ერთი მხრივ, ისეთი მეორე და მესამეხარისხოვანი საკითხები, როგორიცაა პროცედურული საკითხები. პრაქტიკულად, ეს მოსალოდნელი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.”

თუმცა ერთგვარ პოლიტიკურ ტარანზე საქართველოს ხელისუფლებაც წავიდა. თუ მოსკოვმა მოისურვა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები, სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით, ჟენევაში ჩაეყვანა, თბილისმა, სახელმწიფო დელეგაციის პარალელურად, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია და პროქართულად განწყობილი ოსთა ლიდერი დიმიტრი სანაკოევი წაიყვანა მივლინებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია ”იბერ-ირონის” თავმჯდომარე, დიმიტრი სანაკოევის მთავრობის ყოფილი წევრი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი მიიჩნევს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო:

[ჩიგოევა-ცაბოშვილი] ”იქითა მხრიდან ნამდვილად ვიცოდით, რომ წამოიყვანდნენ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან[დელეგაციებს] და ჩვენც, ალბათ, გვინდოდა წაგვეყვანა მარიონეტი სანაკოევი, რომელიც ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელზეც მე შემიძლია სერიოზულად ვილაპარაკო.” (სტილი დაცულია)

ოსთა და ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი უკმაყოფილოა დელეგაციის იმ შემადგენლობითაც, რომელიც ჟენევაში საერთაშორისო შეხვედრაზე გაემგზავრა. მისი აზრით, საქართველოს დელეგაცია უნდა დაკომპლექტებულიყო ისეთი მოღვაწეებით, რომლებიც, შესაძლოა, არ არიან მმართველი პარტიის ან მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ, თავიანთი წარსული გამოცდილებით, ომის შემდგომ პირველ შეხვედრაზე მოკონფლიქტე მხარეებთან მოლაპარაკებას შეძლებდნენო:

[ჩიგოევა-ცაბოშვილი] ”ალბათ, იცით, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა, მეც მივიღებ მონაწილეობასო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა მიეღოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრაზე ცალკეული სიტყვის გატანა. მე ეს ვერ დავინახე. გიგას[ბოკერიას] მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, კი ბატონო, მაგრამ გიგა არ არის ის ადამიანი, ვინც აუცილებლობისას შეძლებს კომპრომისულ აზროვნებას. გიგას ამის უნარი არა აქვს.”(სტილი დაცულია)


მაგრამ იბადება კითხვა, რა გარანტიაა, რომ უთანხმოება მოგვარდება 18 ნოემბრამდე, როდესაც დანიშნულია მეორე საერთაშორისო შეხვედრა საქართველოს საკითხზე? არანაირი გარანტია არ არსებობს, - ამბობს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი არჩილ გეგეშიძე, რომელიც ვარაუდობს, რომ შეხვედრები ჟენევაში, სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, უფრო ფართო დიალოგის ფორმატში მოექცეს და დროში საკმაოდ გაიწელოს:

[არჩილ გეგეშიძე] ”რომლის შესახებაც ამას წინათ ევიანში პრეზიდენტი მედვედევი და სარკოზი შეთანხმდნენ და რომელიც გულისხმობს 2009 წლის ბოლომდე ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის თაობაზე რაღაცა ახალი, ჰელსინკის მსგავსი, პროცესის დაწყებას. ეს ნიშნავს ბევრად უფრო ფართო დღის წესრიგის ირგვლივ დიდ მსჯელობას, შეიძლება ითქვას - ვაჭრობასაც. და ამ ყველაფრის ფარგლებში, სხვებთან ერთად, ჟენევაში განსახილველი საკითხების ირგვლივაც გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მოიძებნოს.” (სტილი დაცულია)

აქედან გამომდინარე, ჟენევის 15 ოქტომბრის შეხვედრა პროცედურულ საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო ჩაიშალა. შესაბამისად, მხარეებს არც უცდიათ დაეწყოთ მოლაპარაკება ისეთ არსებით საკითხებზე, როგორიცაა ახალგორისა და კოდორის დეოკუპაცია და სტატუს-კვოს აღდგენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლტოლვილთა დაბრუნებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უშედეგო შეხვედრის შემდეგ თბილისისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებებით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის 18 ნოემბრის საერთაშორისო შეხვედრა თავისი წინამორბედის ბედს არ გაიზიარებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG