Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემა “ეკონომისტი” დღეს ორ სტატიას აქვეყნებს საქართველოს შესახებ


ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემა “ეკონომისტი” დღეს ორ სტატიას აქვეყნებს საქართველოს შესახებ,

რომელთაგან ერთი ეძღვნება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობას - საქართველოს კრიზისის კონტექსტში, მეორე კი ზოგად ვითარებას კავკასიაში.

სტატიაში, რომელიც ევროკავშირის ბოლო, 16 ოქტომბერს დასრულებულ სამიტს ეძღვნება, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ევროკავირმა არ უნდა გააფორმოს პარტნიორობის ახალი შეთანხმება რუსეთთან, ვიდრე მას მართლაც არ გაუყვანია ჯარები საქართველოდან.

“ევროკავშირის ბევრმა ლიდერმა სასწრაფოდ შეაქო კრემლი, ამ 6 კვირის წინ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის და თითქმის ასევე სასწრაფოდ მოითხოვა რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენა”, ამ დროს, სინამდვილეში, წერს “ეკონომისტი”, ჯარების გაყვანის ამბავი დიდწილად სიცრუეა. სტატიაში მოყვანილია ფაქტები, რომელთაც ეს შეფასება ეფუძნება. შემდეგ კი ვკითხულობთ:

“საქართველოსა და კავკასიას ზოგიერთი პატარა, შორეულ და უმნიშვნელო ადგილად მიიჩნევს. სინამდვილეში კი ის სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონია, რომელსაც საკვანძო როლის შესრულება შეუძლია ევროკავშირის მომავალი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. და, როგორც მიხეილ სააკაშვილს ხშირად უთქვამს, თუ რუსები ჩათვლიან, რომ დაუსჯელად გადაურჩნენ უცხო ქვეყანაში ინტერვენციასა და მისი ნაწილების ოკუპაციას, ამან შესაძლოა კიდევ უფრო წაახალისოს მათი ავანტიურიზმი. ამ ომმა დიდი მოწონება დაიმსახურა რიგით რუსებში: პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პოპულარობამ იმატა საფინანსო ბაზრებზე დაღმასვლის მიუხედავად.”

“ეკონომისტი” არ გამორიცხავს საფრთხეს, რუსეთმა უეცრად იგრძნოს მეზობელ უკრაინაში, ბელორუსიაში, ან ბალტიისპირეთში მცხოვრები რუსების, თუ რუსული პასპორტის მფლობელთა დაცვის აუცილებლობაც, როგორც ეს სამხრეთ ოსეთში გააკეთა. ამის გამო სტატიის ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს ევროკავშირმა სასწრაფოდ იზრუნოს სამეზობლო პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდაზე.

“რაც უნდა გამაღიზიანებელი იყოს სააკაშვილის ქედმაღლობა, ის დემოკრატიულად არჩეული პროეზიდენტია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოახდინა და კორუფციას შეებრძოლა. უკრაინის დემოკრატია ზოგჯერ შესაძლოა ტრაგიკომედიას გავდეს (ამჟამად მესამე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს სულ სამწლიან პერიოდში) მაგრამ სწორედ ამით ჩანს, რამდენად ენერგიულია. ავტოკრატული სომხეთი და აზერბაიჯანიც კი, ახლა შესაძლოა უფრო მეტად იყურებოდნენ დასავლეთისაკენ, ვიდრე ეს საქართველოში ომამდე ხდებოდა (...) ევროკავშირს შეუძლია დაეხმაროს ამ ქვეყნებს მეტი ფინანსური ხელშეწყობით, უფრო ღია სავაჭრო შეთანხმებებითა და სავიზო რეჟიმის გაიოლებით. მათ უნდა დაუსახოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაც. ეს ნაკლებად პროვოკაციულია, ვიდრე იმის გამოცხადება, რომ რომელიმე მათგანს ნატოში მიიღებენ”.

ასევე “ეკონომისტში” დაბეჭდილი მეორე სტატია სათაურით “ომის შემდეგ” კიდევ უფრო დაწვრილებით აანალიზებს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ შექმნილ ვითარებას მთელს კავკასიაში, მოჰყავს მიზეზები, რომელთა გამოც ამ რეგიონში მიმდინარე პროცესებს მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის. ლაპარაკია გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზეზებზე - მათზე მსმენელის ყურადღებას ამ მიმოხილვაში არ შევაჩერება, ისევე როგორც არ შევჩერდებით განსხვავებულ ვერსიებზე იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო აგვისტოს ომი.

სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა ასევე გავლენას, რომელიც აგვისტოს ომმა იქონია სომხეთსა და აზერბაიჯანზე. აქაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ ორივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში (ორივეს რუსეთთან გაცილებით უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე საქართველოს), იმატა დაინტერესებამ დასავლეთთან დაახლოების მიმართ.

“საქმეში ჩაუხედავ უცხოელს კავკასია ხშირად წარმოესახება ბოროტი ინტრიგების, ძალაუფლებისათვის ბრძოლისა და გადაუჭრელი ეთნიკური კონლიქტების კერად. ომმა საქართველოში ბევრს გაუმართლა ყველაზე უარყოფითი ვარაუდები. მაგრამ ამავე ომმა შესაძლოა, ცვლილების შანსი შექმნა საქართველოშიც და მის ორ მეზობელ ქვეყანაშიც. (...) პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია აშკარად შერყეულია. ის უფრო დამყოლი უნდა გახდეს - გაჰყვეს კურსს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საუკეთესო გზაა ჭეშმარიტად ლიბარელური დემოკრატიის განმტკიცება - ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ანკლავებმა, შესაძლოა, საქართველოში დაბრუნება ამჯობინონ. ასეთივე არგუმენტი შეიძლება გამოადგეთ გარკვეულ ძალებს აზერბაიჯანსა და სომხეთში, რომლებიც მეგობრებს ეძებენ რუსეთს მიღმა. თუმცა, თუ დასავლეთს სურს, რომ თანმიმდევრული იყოს, ამ ქვეყნებს უნდა დაეხმაროს მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ნაბიჯებს გადადგამენ იმავე დემოკრატიული მიმართულებით, როგორც ამას საქართველო აკეთებს,” - ვკითხულობთ ყოველკვირეულ “ეკონომისტში”.

უცხოეთის პრესის მიმოხლვის ბოლოს კი თქვენს ყურადღებას გერმანიის წამყვან კონსერვატიულ “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგზე” შევაჩერებთ. სტატია სათაურით “ალიევიდან ალიევამდე”, მართალია, აზერბაიჯანსა და, როგორც სათაური მიუთითებს, საპრეზიდენტო მემკვიდრეობას ეხება, მაგრამ მასში საქართველოზეც არის ლაპარაკი.
“საქართველოში რუსების ინტერვენციით დაიწყო ახალი რაუნდი გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის გარშემო. მან ილჰამ ალიევს აიძულა, უარი ეთქვა საომარ რიტორიკაზე, რომლითაც ის ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო ძალით მოგვარების მუქარას გამოთქვამდა. (...) ამასობაში, ამერიკაც და რუსეთიც ჩქარობენ, საჯარო განცხადებებით დაადასტურონ განზრახვა ყარაბაღის საკითხის მალე მოგვარების შესახებ - თუმცა, ჯერ არ ჩანს, როგორც აპირებენ ამის გაკეთებას. როგორც ჩანს, მთავარი მიზანია დროშის აღმართვა სამხრეთ კავკასიაში. ომის შედეგად რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში გავლენა გაზარდა, მაგრამ ნდობა დაკარგა.”
XS
SM
MD
LG