Accessibility links

logo-print

გროზნოში ევროპის უდიდესი მეჩეთი გაიხსნა


ჩეჩნეთის დედაქალაქში დღეს გაიხსნა მეჩეთი, რომელიც, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, ევროპაში უდიდესია. ის ათი ათასზე მეტ მლოცველს დაიტევს.



მეჩეთის გახსნის საზეიმო ცერემონიას ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დედაქალაქში, რომლის აღდგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს მრავალწლიანი ომის შემდეგ.

როგორც იტყობინებიან, გროზნოში მეჩეთის გახსნაზე 200-ზე მეტი სასულიერო პირი ჩავიდა მთელი მსოფლიოდან. ტაძრის მშენებლობა სამი წლის წინათ დაიწყო და, როგორც ვარაუდობენ, 20 მილიონი დოლარი დაჯდა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გახსნის ცერემონიამდე ჩავიდა გროზნოში და მეჩეთი ხუთშაბათს დაათვალიერა.

[პუტინის ხმა] "ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩეჩენი ხალხი და ჩეჩნეთის მუსულმანები, არამედ რუსეთის მთელი მუსულმანებიც შეიძლება ამაყობდნენ ასეთი მეჩეთით. ეს მართლაც დიდი საჩუქარია მთელი მუსულმანური სამყაროსთვის."

ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე გროზნოს ცენტრალურ გამზირს პუტინის სახელი ეწოდა. პუტინისა, რომელმაც გაგზავნა ჩეჩნეთში ჯარები სეპარატისტული რესპუბლიკის დასამორჩილებლად. პუტინის გამზირს ადრე გამარჯვების გამზირი ეწოდებოდა.

რაც შეეხება თავად მეჩეთს, ის ატარებს პრეზიდენტ რამზან კადიროვის მამის, 2004 წელს მოკლული აჰმედ ჰაჯი კადიროვის სახელს.

მეჩეთი აღიმართა საბჭოთა კავშირის კომპარტიის რეგიონული სასახლის ადგილას.

მეჩეთი ათიათას მლოცველს იტევს. მისი მინარეთის სიმაღლე კი 60 მეტრს აღწევს. მეჩეთის გარშემო განლაგდება ჩეჩნეთის ისლამური ადმინისტრაცია, რელიგიური სკოლა, ისლამური უნივერსიტეტი, სასტუმრო და რელიგიური ბიბლიოთეკა.

მოსკოვის ერთგულმა კადიროვმა კომპლექსს ჩეჩნეთის ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა ომის შემდგომ პერიოდში. საბჭოთა პერიოდში ჩეჩნეთს არ ჰქონდა ცენტრალური მეჩეთი.

[კადიროვის ხმა] "ეს მთელი მუსულმანური თანამეგობრობის სიამაყეა. ის ბედნიერებას და სიხარულს გვანიჭებს, ვინაიდან ჩვენ ჭეშმარიტად მორწმუნე მუსულმანები ვართ", განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, აქამდე ჩეჩნეთის დედაქალაქში მორწმუნეებს არ ჰქონდათ ერთ, მთავარ მეჩეთში ლოცვის საშუალება. მაშინ, როცა ისლამურ სახელმწიფოებსა და რეგიონებში ჩვეულებრივი რამაა ასეთი მეჩეთების ქონა.

როგორც ვარაუდობენ, ჩეჩნეთის ომებში ჩეჩნეთის მოსახლეობის სულ ცოტა 10 პროცენტი, ანუ ასიათასამდე ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების თანახმად, ეს რიცხვი ბევრად უფრო მაღალია.
XS
SM
MD
LG