Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა


ოთხშაბათს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 89 პროცენტით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 77-მა პროცენტმა.

ილჰამ ალიევი მეორე ხუთწლიანი ვადით იქნა არჩეული აზერბაიჯანის პრეზიდენტად. მისი ექვსი კუნკურენტიდან არცერთი არ ყოფილა საზოგადოებისთვის ცნობილი პირი. ოპოზიციური პარტიები ახცადებენ, რომ ეს კანდიდატები მარიონეტები არიან და მხოლოდ იმისთვის მონაწილეობდნენ არჩევნებში, რომ მისთვის სამართლიანი შეჯიბრის იმიჯი შეემატათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზარი პანაჰოვმა ხუთშაბათს დილით გამოაცხადა, რომ ალიევმა კენჭისყრაში ხმების 89 პროცენტი მოაგროვა:

[პანაჰოვის ხმა] " ალიევი ილჰამ ჰეიდარის ძე - 89 მთელ 4 მეასედი. აგაზადე იქბალ ფირუზის ძე 2 მთელი 78 მეასედი პროცენტი..."

პანაჰოვის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 75-მა პროცენტმა, რაც მეტია 2003 წლის მაჩვენებელზე.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ოგანიზაციამ, რომელსაც აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე 400-ზე მეტი მეთვალყურე ჰყავდა მივლენილი, ხელისუფლება ჯერ კიდევ კენჭისყრის წინა დღეს გააკრიტიკა საარჩევნო კამპანიაში დარღვევებისთვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია ოპოზიციის საჯარო შეკრებების აკრძალვისა და კენჭისყრაზე ალიევის სასარგებლოდ სტუდენტებისა და საჯარო მოხელეების ძალით მიყვანის გამო.

ეუთოს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული განცხადება კი შეიცავს კრიტიკას, რომ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები არ ასახავს დემოკრატიულ პრინციპებს. განხცადების თანახმად, წინა არჩევნებთან შედარებით მოხდა წინსვლა, მაგრამ ის სრულად არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, "აზადლიკმა" ჯერ კიდევ არჩევნების წინ განაცხადა, რომ საარჩევნო კანონი უპირატესობას ანიჭებს მმართველ "იენი აზერბაიჯანს". კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდი ძალზე ხანმოკლე იყო ამომრჩევლისთვის საკუთარი საარჩევნო პროგრამის გასაცნობად.

ადამიანის უფლებების დამცველები იზიარებენ ოპოზიციის წუხილს. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები და ჟურნალიტების ნაწილი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგიერთმა დასავლურმა მთავრობამ შეასუსტა აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით კრიტიკა იმის შიშით, რომ არ დაკარგონ სტრატეგიული მოკავშირე და, შესაბამისად, გზა არ გადაეკეტოთ აზერბაიჯანის ნავთობის უზარმაზარი რეზერვებისკენ.

როგორც ოპოზიციური სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ, ალი ქერიმლიმ უთხრა ჩვენს რადიოს, წელს არჩევნები უფრო მეტად გაყალბდა, ვიდრე ამას ოპოზიცია მოელოდა.

[ქერიმლის ხმა] "რაც არჩევნების დღეს მოხდა, იმაზე უარესიც კი იყო, რასაც მოველოდით. ეს ტოტალიტარიზმია აზერბაიჯანში. გაყალბება ღიად ხდებოდა, ისე, რომ საზოგადოებრივი აზრი და საერთაშორისო რეაქციები უგულებელყოფილ იქნა. შეფარულად მოქმედებაც კი არ უცდიათ. ძალზე სამწუხაროა."

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოკლებული იყო დაძაბულობას, ოპოზიცია კი ბორიკოტს უწევდა მას, ბაქოში მთელი ღამე ცოცხალი ატმოსფერო სუფევდა. ქუჩებში საზეიმო განწყობილება დომინირებდა განსხვავებით იმ ძალადობისგან, რომელმაც ჩრდილი მიაყენა 2003 წლის არჩევნებს, როცა ილჰამ ალიევი პირველად გახდა პრეზიდენტი.

საგულისხმოა, რომ მმართველი პარტიის, იენი აზერბაიჯანის მიერ ორგანიზებული დღესასწაული მანამდე დაიწყო, სანამ რაიმე სახის ოფიციალური მონაცემები გამოცხადდებოდა.

ილჰამ ალიევმა 2003 წელს შეცვალა პრეზიდენტს პოსტზე საკუთარი მამა, ჰეიდარ ალიევი - აზერბაჯიანის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, მისი პარტიული ლიდერი და შემდეგ დამოუკიდებლობის პერიოდის პრეზიდენტი. მთლიანობაში ის ქვეყნის სათავეში იყო 30-ზე მეტი წლის მანძილზე.

XS
SM
MD
LG