Accessibility links

logo-print

რამდენად გამართლებული იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება უზბეკეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე?


10 ოქტომბერს უზბეკეთში სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დამოუკიდებელ ჟუნალისტს,

მთავრობის კრიტიკით ცნობილ სალიჯონ აბდურაჰმონოვს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამად-სამ დღეში ევროკავშირმა შეაქო ტაშკენტი უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობის “გაუმჯობესებისთვის” და შეამსუბუქა სანქციები, მიმართული უზბეკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ჟურნალისტები და უფლებადამცველები გაოცებული და განაწყენებული არიან. თუმცა, ევროკავშირის გადაწყვეტილებას მხარდამჭერებიც ჰყავს.

“ჰიუმან რაითს უოჩს” - როგორც ცნობილია, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უფლებადამცავ ორგანიზაციას - უზბეკეთში წარმომადგენლები არ ჰყავს. ივლისში მის თანამშრომელს უზბეკეთში დაბრუნება აუკრძალეს. მანამდე უზბეკეთშივე პოეტი იუსუფ ჯუმა დააპატიმრეს იმ უბრალო მიზეზით, რომ პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს გადადგომისკენ მოუწოდა. ჯუმა დღემდე ციხეშია და მას, როგორც ახლობლები ირწმუნებიან, აწამებენ, რაშიც უჩვეულო არაფერია უზბეკეთის ციხეებისთვის...

წელსვე დააპატიმრეს და ხულიგნობაში ბრალდების საფუძველზე გაასამართლეს ჩვენი რადიოს უზბეკური სამსახურის კორეპსონდენტი ნოსირ ზოკირი. ის ბრალდებას უარყოფს. ზოკირის საქმეს მოჰყვა დამოუკიდებელ ჟურნალისტ სალიჯონ აბდურაჰმონოვისთვსის 10-წლიანი პატიმრობის მისჯა.

ეს ყველაფერი (და კიდევ გაცილებით მეტი!) წელს მოხდა და მაინც, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეამსუბუქოს სანქციები: ევროკავშირის ვიზებზე აკრძალვა მოუხსნას 8 უზბეკ ოფიციალურ პირს. ეს სანქცია შემოღებული იყო 2005 წელს ქალაქ ანდიჟანში ასობით დემონსტრანტის დახოცვის შემდეგ.

ევროკავშირმა, სანქციების შემსუბუქების გარდა, შეაქო უზბეკეთში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი. არადა, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ლაპარაკიც კი ზედმეტია რეალურ გაუმჯობესებაზე, რომ მთავრობის ათობით ოპონენტი რჩება ციხეებში.

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში უკმაყოფილება არ დაუმალავს უზბეკ ჟურნალისტს, იძულებით ემიგრაციაში მყოფ გალიმა ბუხარბაიევას. [ბუხარბაიევას ხმა] “ევროკავშირმა უზბეკეთისთვის სანქციების შემსუბუქებით მარცხი განიცადა ადამიანის უფლებების დაცვის, თავისი პოზიციის გამოხატვის თვალსაზრისით არა მარტო უზბეკეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან ის ძალიან სახიფათო მესიჯს უგზავნის ყველა დიქტატორს მთელს მსოფლიოში - რომ, პრინციპში, შეიძლება მათთან თანამშრომლობა ისე, რომ ანგარიში არ გაუწიო არც ადამიანებს და არც იმას, რასაც ეს დიქტატორები საშინაო პოლიტიკაში აკეთებენ - თუ მათი მთავრობები ევროკავშირთან თანამშრომლობენ სფეროებში, როგორიცაა ნავთობი, გაზმომარაგება, ან სამხედრო სფერო, როგორც გერმანიასა და უზბეკეთს შორის”.

ამ აზრს იზიარებს “ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენელი იგორ ვორონცოვი. მან ჩვენი რადიოს უზბეკურ სამსახურთან ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება: [ვორონცოვის ხმა]
“ჩემი აზრით, არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ უზბეკეთი რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ვითარების გასაუმჯობესებლად. ამიტომ, მიღებული გადაწყვეტილებით რასაკვირველია ძალიან გაწბილებულები ვართ და მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა გისოსებს მიღმა იმყოფებიან, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდიან - მათი მდგომარეობა, სამწუხაროდ, გაუარესდება”.

ისევე როგორც “ჰიუმან რაითს უოჩს”, რომლის წარმომადგენელიც იგორ ვორონცოვია, უზბეკეთში ოფისები დაახურინეს კიდევ რამდენიმე უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას, მათ შორის ჩვენს რადიოსაც.

თავის გადაწყვეტილებას სანქციების შემსუბუქების შესახებ, ევროკავშირი იმით ამართლებს, რომ ტაშკენტმა საპატიმროებიდან რამდენიმე უფლებადამცველი გაუშვა და უმასპინძლა ევროკავშირის ეგდიდთ გამართულ კონფერენციას უფლებების დაცვის საკითხებზე. ეს წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ ბრიუსელში. ამას გარდა, განმარტავს ცენტრალური აზიის ექსპერტი, ლონდონში მოღვაწე ალიშერ ილხამოვი, ევროკავშირმა მარტო ვიზებზე დაწესებული აკრძალვა გაუუქმა უზბეკ ოფიციალურ პირებს, რომელთა უმრავლესობასაც ისედაც აღარ უკავია ძველი პოსტები. დანარჩენ სანქციებს კი ევროკავშირი ძალაში ტოვებს, მათ შორის სანქციას უზბეკეთისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ.

ამდენად, ევროკავშირის გადაწყვეტილება არ უნდა მივიჩნიოთ რაიმე შემოტრიალებად ბრიუსელის პოლიტიკაში. უზბეკეთზე ზეწოლა, ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების გასაუმჯობესებლად, კიდევ გაგრძელდება, ამბობს ლონდონში მოღვაწე ექსპერტი ალიშერ ილხამოვი.
XS
SM
MD
LG