Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაცია საქართველოს მთავრობაში სავარაუდო ცვლილებებს ეძღვნება:


”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაცია საქართველოს მთავრობაში სავარაუდო ცვლილებებს ეძღვნება:

”გადაწყვეტილება მიღებულია. გარკვეული ცვლილებები მოხდება მთავრობაში. შეიცვლებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, რეინტეგრაციის და განათლების მინისტრები. გარდა ამისა, იცვლება სასაზღვრო პოლიციის შეფი. ერთ-ერთი ვერსიით, ბადრი ბიწაძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი კოდუა შეცვლის. მეორე ვერსიით, მას დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გელა ბეჟუაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ასევე მოიაზრება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა ამ ვერსიას ექსპერტები კატეგორიულად გამორიცხავენ”, - წერს ”რეზონანსი”. პუბლიკაციის მთავარი თემა პრემიერ-მინისტრობის მომავალი სავარაუდო კანდიდატურაა. ”რეზონანსის” ინფორმაციით, ამ პოსტზე გიგი უგულავასა და ირაკლი ალასანიას კანდიდატურები სახელდება. გაზეთის თანახმად, გასულ კვირაში ალასანია კონსულტაციებისთვის გამოუწვევიათ. ”რეზონანსის” ინფორმაციით, - წერს გაზეთი, - ირაკლი ალასანიასთან ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები, რადგან გაპრემიერებაზე ალასანიამ უარი სააკაშვილს თვითმფრინავში უთხრა... ალასანია ხელისუფლებას თავის პირობებს უყენებს და ძალოვანი მინისტრების მასზე დაქვემდებარებას ითხოვს, რასაც ქვეყნის პირველი პირი არ ეთანხმება”, - წერს ”რეზონანსი”.

ამავე გაზეთის დღევანდელი ნომრიდანვე შეიტყობთ, რომ შესაძლებელია მედია-ჰოლდინგი ”იმედი” ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, ინა გუდავაძეს, დაუბრუნონ. ამ ინფორმაციის წყაროდ გაზეთი ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ასახელებს.

პატარკაციშვილის ქონების შესახებ წერს დღეს ”ალიაც”, რომლის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ”მთაწმინდის პარკს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის აკაკი მინაშვილის მამა ეპატრონება”, წერს გაზეთი. ავტორი დასძენს: ” ’ალიამ’ გადაამოწმა, რომ დეპუტატის მამა მართლაც ოფიციალურად ფიგურირებს იმ შპს ”ლინქსის” მონიტორინგის ჯგუფში, რომელიც მთაწმინდის პარკშია შესული. თუმცა პარკში ადგილზე მისულ ”ალიას” უძრავი მდგომარეობა დახვდა - რაც პატარკაციშვილის დროს გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერმა რამდენჯერმე გააპიარა, სერიოზულ პარკს მალე ნახავენ თბილისელებიო”, - წერს ”ალია”. გაზეთი დღეს წერს ჩეხეთში საქართველოს ელჩ ლადო ჭიპაშვილის რამდენიმედღიანი დაპატიმრების შესახებ. ”ალიას” თანახმად, ”ჭიპაშვილს ერთი წლის წინანდელ, მისგან კარგად გაპიარებულ, ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტზე - 100 საავადმყოფოს გეგმის განხორციელების პირველ ეტაპზე მითვისებულ ფულს ედავებიან”.

დღევანდელი”24 საათი” წერს: ”რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ქართველების ინდივიდუალური საჩივრები, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია. სამაგიეროდ, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიერ გაგზავნილი 3 ათასი სარჩელი უკვე დევს.” გაზეთის ცნობით, ეს ადამიანები ზარალის ანაზღაურებას საქართველოსგან ითხოვენ. ”24 საათისთვის” მიცემულ კომენტარში საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალურ სარჩელებზე მომუშავე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” - ხელმძღვანელი მანანა კობახიძე ამბობს: ”ის, რომ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ოსური მხარის მიერ 3 ათასი სარჩელია შეტანილი, არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი განსახილველად დასაშვები აღმოჩნდება. რაოდენობა მთავარი არ არის, მთავარია საჩივრის ხარისხი”, - ამბობს კობახიძე.

პრესაში გრძელდება აგვისტოს მოვლენების ანალიზი. ”საქართველოს რესპუბლიკა” გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილს ესაუბრა. ის 1998 წლამდე მსახურობდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში. ნიკოლაიშვილი ამბობს: ”არის ასეთი ფრთიანი გამოთქმა: ის ჯარი მარცხდება, სადაც დაუმსახურებლად სჯიან და დაუმსახურებლად აჯილდოვებენო. ეს ქართულ ჯარს ესადაგება”. გურამ ნიკოლაიშვილი განმარტავს: ”ქართული ჯარი იმიტომ დამარცხდა, რომ სისტემა მოუქნელი და დილეტანტურია, მიუსადაგებელი სტრუქტურებით. სრული გაუნათლებლობა და მომზადების დაბალი დონეა შტატებსა და მართვის ორგანოებში. რაც მთავარია, არასრულია საკანონმდებლო ბაზა.”

და კვლავ 7 ნოემბრის შესახებ. ”ახალი თაობა”: ”როგორც ამბობენ, შვიდი ნოემბრის აქციაზე პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს არ დაასწრებენ. უფრო ზუსტად, სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცემენ, თორემ მიტინგზე მისვლას, ალბათ, ვერავის დაუშლიან. მიტინგი კი, როგორც ამბობენ, გრანდიოზული იქნება. მიტინგის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ამ დღეს ქართველი ხალხი ყოველგვარი მოწოდების გარეშე გამოვა რუსთაველზე. სპეციალურად ამ დღისთვის ოპოზიცია შეეცდება კიდევ ერთხელ გაერთიანდეს. ამ დროისთვის მათ შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი ხანგრძლივი ვადით გაერთიანება ნამდვილად საეჭვოა. ერთი დღის განმავლობაში კი როგორმე აიტანენ ერთმანეთს”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG