Accessibility links

logo-print

რას უპირებს ხელისუფლება სარეზერვო სამსახურს?


რუსეთთან ხუთდღიანი ომის შემდეგ

საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო უწყების ყველა სტრუქტურას მაღალი შეფასება მისცა, გარდა სარეზერვო სამსახურისა. მეტიც, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც სარეზერვო სამსახურს თავისი ხელისუფლების ერთ-ერთ მეტად წარმატებულ პროექტად მიიჩნევდა, სამხედრო ხელმძღვანელობას სისტემის სხვაგვარად გადაწყობა მოსთხოვა. ამასთან, სააკაშვილმა აღიარა, რომ ”სისტემაში სერიოზული ჩავარდნა მოხდა არა რიგითების, არამე მეთაურების გამო”. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა გავიხსენო ომის დროს რეზერვისტებთან შეხვედრის ორი განსხვავებული ეპიზოდი და უფრო დაწვრილებით გავაანალიზო სარეზერვო სისტემის მმართველობაში დაშვებული შეცდომები.

ერთად თავმოყრილი, საბრძოლოდ გამზადებული და მოტივირებული ქართველი რეზერვისტები ქვეყანამ ბოლოს 8 აგვისტოს ქალაქ გორში ნახა. ასობით ყვითელი ავტობუსით რამდენიმე ათასი რეზერვისტი გორში საღამოს ჩამოვიდა. რეზერვისტებს ჰქონდათ საბრძოლო აღჭურვილობა, თუმცა არ ჰქონდათ სასმელი წყალი და მშრალი ულუფა, რის გამოც მათმა უმრავლესობამ გორის ცენტრში, სურსათის მაღაზიასთან, მოიყარა თავი. ნახევრად დაცლილი ქალაქის ფონზე გადამდები იყო მათი ხალისიანი განწყობა და ოპტიმიზმი.
[რევაზ ბარიშვილი] ”112-ე ბატალიონის მეოთხე ასეული, რიგითი რევაზ ბარიშვილი. მე იმ დღეს ვმუშაობდი დილით, სამსახურში ვიყავი, და რომ გავიგე გაწვევააო, გამოვვარდი ეგრევე და მოვედი აქ. შემართება არის ძალიან, ძალიან მაგარი. ვართ სამშობლოს სიყვარულით და სულისკვეთებით, კაცურად, ლამაზად და როგორც შეეფერება ქართულ არმიას, ისე.”(სტილი დაცულია)

რევაზ ბარიშვილთან ერთად იყო მისი თანამებრძოლი, ასევე რეზერვისტი, სერგო, თბილისელი სომეხი ბიჭი, რომლის გვარი არ მახსოვს, თუმცა ზუსტად მახსოვს, რაც ვკითხე. მინდოდა გამეგო სად მიდიან და მიიღეს თუ არა საბრძოლო დავალება.
[სერგო, რეზერვისტი] ”ეხლა ჩვენ ეგ არ ვიცით. ბრძანება როგორც კი მოგვივა, მაშინვე წავალთ. ჩვენ ჯერ აქ უნდა გავამაგროთ და მერე ვნახავთ. ჯერ არ ვიცი. არ გვეშინია არაფრის, დავანგრევთ ყველას.”(სტილი დაცულია)
მეორე ხმა ჩემ მიერ უკვე 10 აგვისტოსაა ჩაწერილი. ვაზიანის სამხედრო ბაზის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, სადაც გორიდან გამოქცეული რეზერვისტები იარაღს მასიურად უკან აბარებდნენ და თანაც ჰყვებოდნენ იმ არაორგანიზებულობისა და ქაოსის შესახებ, რაც მათ საკუთარი თვალით ნახეს დღე-ნახევრის განმავლობაში ბრძოლის ველზე.

[რეზერვისტის ხმა] ”რეზერვისტი ვარ. ჩავედი არცევში, ოსური სოფელი არის. გახიზნულები იყვნენ ოსები, რომლებიც იმ ღამეს, გაგვიმართლდა და, არ ჩამოვიდნენ. ვეკითხები ავტობუსში, ვინც იყო ჩემთან ერთად, - წოდება არც ვიცოდი მისი, ვიცოდი, რომ ბრძანებებს იძლეოდა,- ტიპს ვეუბნები, აი, სერჟანტი ხო ხარ შენ, მითხარი რა დანიშნულება გვაქვს, ჩვენ რა გვევალება. არ ვიცი, ძმაო, მოვლენ და გვეტყვიანო.”(სტილი დაცულია)

მრავალათასიანი რეზერვის ლაშქრის ასეთი არაორგანიზებულობის გამო რეზერვის სისტემაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის - ეროვნული გვარდიის - სარდლის თანამდებობიდან გადაყენება სრულიად ლოგიკურია. და პოლკოვნიკი დავით აფციაურიც ყველაზე პირველი მოხსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ აფციაური უკვე რიგით მე-5 სარდალია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოიცვალა. გასახსენებელია მისი წინამორბედების დანიშვნა-გათავისუფლების ისტორიაც. მით უფრო, რომ ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობაში მომხდარ ცვლილებებს პოლიტიკური ბრძოლის ელფერიც დაჰკრავდა. ასე მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2006 წლის 16 იანვარს ეროვნული გვარდიის სარდლად დანიშნულმა გიორგი თათუხაშვილმა ორი კვირის თავზე თანამდებობა დატოვა. რადიო ”თავისუფლების” არქივში გენერლის მხოლოდ ერთადერთი განმარტება ინახება:
[გოგი თათუხაშვილი] “მე პატაკი დავწერე არა გადადგომაზე, არამედ პენსიაზე გასვლის გამო.”

ორი წლის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკადრო სკანდალი ეროვნულ გვარდიაში ახალი სკანდალური გადაწყვეტილებით ჩააქრო: ეროვნული გვარდიის სარდლად, ანუ რეზერვის მომზადებაზე პასუხისმგებლად, დაინიშნა სამოქალაქო პირი, იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული, აკაკი ბობოხიძე, რომლის სახელიც იმხანად ყველა ბრუნვაში ტრიალებდა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის ცემის გამო. შიდა დაპირისპირების საკადრო ექსპერიმენტებით განეიტრალება, დამოუკიდებელ ექსპერტთა აზრით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკადრო პოლიტიკის ორგანული შტრიხია, რამაც რეზერვის ორგანიზებაზე ნეგატიურად იმოქმედა:
[ირაკლი სესიაშვილი] ”მე ვერ ვიტყვი ეხლა, თუ რამდენად პროფესიონალი შეიძლებოდა ყოფილიყო თათუხაშვილი, მაგრამ ფაქტია,რომ მუდმივად არის ჭიდილი და ეს ახასიათებს პრეზიდენტს - აქცენტი გააკეთოს პროფესონალიზმზე თუ ნდობით აღჭურვილ პირებზე. სამწუხაროდ, როგორც წესი, აქცენტი კეთდება სანდოობაზე გარკვეული პოლიტიკური ფიგურების მიმართ და არა პროფესიონალებზე.” (სტილი დაცულია)
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორის ირაკლი სესიაშვილის დაკვირვებით, რეზერვის სისტემა არც უარესია და არც უკეთესი სხვა საჯარისო სახეობებზე, რომელთა ხელმძღვანელებსაც პრეზიდენტმა წოდებები და ჯილდოები მიანიჭა:
[ირაკლი სესიაშვილი] ”არ შეიძლება ერთ რომელიმე კომპონენტს დავაბრალოთ ყველაფერი. ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა იყო ზოგადად ის, რომ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საერთო ხედვა არ არსებობდა.”(სტილი დაცულია)
უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ხუთდღიან ომში რეზერვის სუსტ მოქმედებას განაპირობებდა ობიექტური გარემოებაც - რეზერვი გამოიყენეს პროპაგანდისტული მიზნით, მაგრამ არ დაუსვამთ საბრძოლო ამოცანა:
[ვახტანგ მაისაია] ”უნდა შექმნილიყო მეორე და მესამე ეშელონი. ეს იყო მთავარი, იმიტომ რომ პირველ ეშელონში მიდიოდა რეგულარული ნაწილები, რაც, რა თქმა უნდა, არასაკმარისი იყო იმ საფრთხისათვის, რაც შექმნილი იყო ცხინვალის რეგიონში. მეორე და მესამე ეშელონის სისტემა კი არ იყო შექმნილი, რადგან რეზერვში ყველა გააერთიანეს - გამოუცდელიც და გამოცდილიც. და მე ვფიქრობ, რომ, საერთოდ, რეზერვს ჰქონდა უფრო პოლიტიკური ასპექტით ჩამოყალიბების მომენტი. ანუ ჩვენ გავიმეორეთ 1918-21 წლების შეცდომა, რასაც ვალიკო ჯუღელის [ეროვნული გვარდიის] მოდელი შეიძლება ეწოდოს. ეს არის პარტიულ- პოლიტიკური მოდელი. ”(სტილი დაცულია)

რეზერვის მომზადების სისტემა, რომელიც რეზერვისტის 18 დღიან მომზადებას გულისხმობს, საქართველოში 2005 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. პირველი რეზერვისტები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მომდევნო წლებში კი დაიწყეს ყველა მოქალაქის გაწვევა. 3 წლის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეზერვის მომზადების სისტემა 100 ათასამდე კაცმა გაიარა, თუმცა ცნობილი არ არის რა თანხები დაიხარჯა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რეზერვისტების მომზადებაზე ან დაიხარჯება მომავალში, როდესაც ხელისუფლება რეზერვის მომზადების ახალ მოდელზე გადასვლას დაიწყებს. მანამდე კი ეროვნულ გვარდიას საქართველოში მორიგი ახალი სარდალი ჰყავს, პოლკოვნიკი შმაგი თელია, რომელსაც უკვე უწინასწარმეტყველებენ თანამდებობის მალე დატოვებას.
XS
SM
MD
LG