Accessibility links

ნატოს შეფასების ჯგუფი საქართველოს ”საშინაო დავალებას” შეუმოწმებს


საქართველოში მეორე დღეა იმყოფება ნატოს შეფასებითი მისია, რომელსაც საქართველოს საკითხების კოორდინატორი ბრუს ბახი ხელმძღვანელობს.

ნატოს დელეგაციის წევრებმა თავდაპირველად რამდენიმე სამუშაო შეხვედრა სამხედრო უწყების ხელმძღვანელობასთან გამართეს. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრა საგარეო და ფინანსთა სამინისტროს კოორდინატორებთან. სწორედ ნატოს შემფასებელთა მისიის მიერ გაკეთებული შეფასება უნდა დაედოს საფუძვლად საქართველოსათვის მეპ-ის ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას - ეს საკითხი, პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ უნდა დადგეს დღის წესრიგში ალიანსის დეკემბრის სხდომაზე.

ნატოს შეფასებითი ჯგუფი საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების მიმართულებით გატარებული რეფორმების - ანუ, როგორც ექსპერტები უწოდებენ, ”საშინაო დავალების” შესრულების - შესასწავლად წელიწადში ორჯერ ჩამოდის. ამ ჯგუფის შემადგენლობა უცვლელია. უცვლელია მუშაობის ფორმატიც: ყველა პასუხისმგებელი პირისაგან მაქსიმალურ ინფორმაციას ისმენენ, თავად კი საჯაროდ თითქმის არაფერზე არ ლაპარაკობენ - საერთოდ არ აკეთებენ პროგნოზებს თემაზე, თუ როდის მიიღებს მეპ-ს, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, საქართველო. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ქვეყანამ ვერც ნატოს გენერალური მდივნისაგან მიიღო. ნატო არ აპირებს დაუშვას საქართველოსთვის გამონაკლისიო, - განაცხადა 16 სექტემბერს, თბილისში ყოფნისას, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერი] ”კომპრომისების გაწევა არ შეიძლება და ჩვენ არასოდეს წავსულვართ კომპრომისებზე. ნატო არის ფასეულობებზე ორიენტირებული ორგანიზაცია. როდესაც ქვეყნებს სურთ, არ შეიძლება უარი უთხრა ალიანსში გაწევრიანებაზე. თუკი ქვეყანა ასრულებს კრიტერიუმებს, მას უნდა შეეძლოს ალიანსში გაწევრიანება. სამოქმედო გეგმა არის ზუსტად ნაწილი იმ ტრაექტორიისა, რომელმაც საქართველო ნატომდე უნდა მიიყვანოს. და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში ჩაატარებენ საქართველოს პროგრესის პირველ შეფასებას ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება.”

მაგრამ საქმე ისაა, რომ ამაზე უფრო მეტს ვერც ნატოს გენერალური მდივანი იტყოდა. ამა თუ იმ ქვეყნისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას, ნატოს შიდა წესდების თანახმად, მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები განსაზღვრავენ. მათი რაოდენობა კი 27-ია და ყველას თანაბარი უფლება აქვს. აგვისტოს ომამდე მათი სოლიდური ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა საქართველოსათვის მეპ-ის მიცემას, რაც აპრილის ბუქარესტის სამიტზეც გამოჩნდა. დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის დაკვირვებით, მეპ-ი საქართველოს არც დეკემბერში ელოდება:

[ირაკლი სესიაშვილი] ”მაგრამ ნატო არ ფიქრობს, რომ დეკემბერში საქართველოსათვის მეპ-ის არმინიჭებით მთავრდება ურთიერთობა. ამიტომ წინ ძალიან ბევრი სამუშაო ელოდება ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით ამ ეტაპზე, ალბათ, აქცენტები გაკეთდება ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხზე.”

ნატოში საქართველოს გაწევრიანების პრობლემაზე ყურადღება 19 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმაც გაამახვილა. ფრიდმა გაიხსენა ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია და განაცხადა, რომ ნატოს წევრობისკენ მიმავალი გზა მხოლოდ შემდგომ რეფორმებზე გადის:

[დენიელ ფრიდის ხმა]”გაიხსენეთ, რა გადაწყვიტეს ნატოს ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე. მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველო და უკრაინა ერთ მშვენიერ დღეს გახდებიან ალიანსის წევრები. ეს არის ნატოს პოზიცია. საქართველოს ძალიან დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი, ვიდრე იქნება მზად ნატოს წევრობისთვის. ეს არ არის ახალი ამბავი. ეს კარგა ხანია ცნობილია. საკითხავი ის არის, რომელია საუკეთესო გზა ამ მიზნის მისაღწევად და როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები? ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში განიხილავენ მომდევნო ნაბიჯებს და იმსჯელებენ ამ საკითხზე. ჩემი აზრით, ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე დამოკიდებული უნდა იყოს საქართველოს რეფორმებზე და ეს ასეც უნდა იყოს.”

რეფორები საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეჩერდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დემოკრატიის ახალი ტალღის დაწყება გამოაცხადა, ისიც ითქვა, რომ რეფორმები უფრო ენერგიულად განხორციელდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
XS
SM
MD
LG