Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლეთა რეგისტრაცია იწყება – იდენტიფიკაცია სავალდებულოა


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესს იწყებენ.

ზოგადი შეფასებით, მოსწავლეთა რეგისტრაცია განათლების სფეროს მართვის გაუმჯობესებასა და მოზარდებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების ეფექტურ განხორციელებას ისახავს მიზნად.

საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, მოზარდებს პირადი საინდენტიფიკაციო ნომრები არა აქვთ. არადა, როგორც განათლების მინისტრი გიორგი ნოდია განმარტავს, სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა რეგისტრაცია, უშუალოდ განათლების სამინისტროსთვის კი მოსწავლეთათვის პირადი ნომრების მინიჭება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება სკოლების დაფინანსების პროცესში:

[გია ნოდიას ხმა]“ სკოლები ფინანსდება მოსწავლეთა მიხედვით, მოსწავლეებს მიჰყვება ფული. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი სკოლა არაკეთილსინდისიერად იქცევა და ერთი ბავშვის ვაუჩერი მიდის 2 სხვადასხვა სკოლაში. რეალურად, ცხადია, ერთი ბავშვი სწავლობს მხოლოდ ერთ სკოლაში. ასეთი არასწორი ქცევების თავიდან აცილებისთვის აუცილებელია მოსწავლეთა რეგისტრირება.“(სტილი დაცულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გია ნოდიას განცხადებით, მომავალი წლიდან განათლების სამინისტრო სკოლებს ვაუჩერებს მონაცემთა ახალი ბაზის შესაბამისად გადაურიცხავს. მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესი 2009 წლის მაისში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სკოლის დაფინანსების სისტემა მაქსიმალურად იქნება დაზღვეული მოსწავლეთა დუბლირების ერთეული შემთხვევებისგანაც კი. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბერიკა შუკაკიძე კი განმარტავს, რომ მინისტრის მიერ ზემოთ ნახსენები ეგრეთ წოდებული არაკეთილსინდისიერი ქცევა მოსწავლეთა მონაცემთა ბაზის ხარვეზებით უფროა განპირობებული, ვიდრე სკოლების ადმინისტრაციის დაინტერესებით:

[ბერიკა შუკაკიძის ხმა]“ არა, დარღვევები არ არის. შეგნებულად სკოლის დირექტორები ამ დანაშაულს არ სჩადიან. ხშირად იმდენად დიდია მოძრაობა ბავშვების, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბავშვები გადადიან სკოლიდან სკოლაში, გადადიან ისე სწრაფად, რომ ვერ ხდება ამაზე სწრაფი რეაგირება. ეს მონაცემთა ბაზა იმიტომაა კარგი, რომ ის ავტომატურ რეჟიმში იძლევა ამის საშუალებას. მაგრამ როცა ეხლა ეს ფურცელზე კეთდება, იქ საქმეთა მმართველს დაავიწყდა რაღაც, იქ ერთ მშობელს ერთი სკოლა უნდა, მეორეს მეორე და ამის ბრალია, თორემ დანაშაულს არ სჩადიან ისინი.“(სტილი დაცულია)

ბერიკა შუკაკიძე ფიქრობს, რომ მოსწავლეთათვის პირადი ნომრების მინიჭება განათლების სისტემის ქმედობაუნარიანობის მრავალმხრივი ანალიზის საშუალებას იძლევა, მათ შორის ისეთი სპეციფიკური მიმართლებით, როგორიცაა, მაგალითად, სკოლაში გადამზადებულ მასწავლებელთა რაოდენობასა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის არსებული კავშირი. მოსწავლეებს პირად ნომრებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლები სკოლაში ადგილზე მიანიჭებენ. ამისათვის საჭიროა მოსწავლეებმა თან იქონიონ ფოტოსურათები. ამასთან, რეგისტრაციის პროცესში 14 წლამდე ასაკის ბავშვები პირად ნომრებს მიიღებენ, 14 წლის ზემოთ კი - პირადობის მოწმობებს. ამ განსხვავების შესახებ განმარტება იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს ვთხოვეთ.

[გიორგი ვაშაძის ხმა]“გაზაფხულზე შევიდა კანონში ცვლილება. 14 წელს ზემოთ პირი ვალდებულია აიღოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. თუ 2 ფოტოსურათს მოიტანენ 14 წლამდე ასაკის ბავშვებიც, მათაც მივცემთ პირადობის მოწმობას, ესეც არ არის პრობლემა. უბრალოდ, საჭიროება ნაკლებია 14 წლამდე ასაკის პირებზე.“

მთლიანობაში, გიორგი ვაშაძის თქმით, რეგისტრაციას გაივლის 600 000-ზე მეტი ბავშვი. მათი მონაცემები - მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის, სკოლისა და კლასის შესახებ - ონლაინ რეჟმში ხელმისაწვდომი იქნება როგორც განათლების სამინისტროს, ისე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთვის. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ, არასრულწლოვანთა პირადი ნომრებითა და პირადობის მოწმობებით იდენტიფიცირების ბაზის მომზადების შემდეგ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი ბავშვების პირადი მონაცემებიც იქნება.
XS
SM
MD
LG