Accessibility links

logo-print

კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე საშიში პროვოკაციები ძლიერდება


21 ოქტომბერს, სოფელ ავლევთან პოლიციის პატრულის ნაღმზე აფეთქებამ ცხადჰყო, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ ძალიან საშიშია.

სხვადასხვა მასშტაბის პროვოკაციებს და სროლას ადგილი აქვს გალის რაიონსა და ახალგორში, სადაც რუსეთი ზრდის სამხედრო შეიარაღებას. საქართველოში არ გამორიცხავენ, ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ, რუსეთმა კვლავ სცადოს ვითარების ესკალაცია და საქართველო ახალ პროვოკაციაში ჩაითრიოს. რამდენად არსებობს ახალი სამხედრო დაპირისპირების პროვოცირების საფრთხე?

ქართველი პოლიციელების მანქანა 21 ოქტომებრს ცხინვალიდან 5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ავლევთან დისტანციური მოქმედების ნაღმზე აფეთქდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით "მონ-50" ტიპის მართვადი ნაღმი გზაზე, სავარაუდოდ, თვითაღიარებული ცხინვალის სამხედრო ფორმირებებმა დაამონტაჟეს. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ცხინვალის ახლომდებარე ქართული სოფლების მისამართით ბოლო ხანს კვალავ გახშირდა ავტომატური იარაღიდან სროლა მას შემდეგ, რაც იქ ქართული პოლიციის წრმომადგენლებმა პატრულირება დაიწყეს.

საქართველოს ხელისუფლება და პარლამენტი სიტუაციის ხელახალი ესკალაციის საფრთხით შეშფოთებულია. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სიტუაცია მიზანმიმართულად იძაბება თვითაღაირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

[პაატა დავითაია] ”ირღვევა სქართველოს საჰაერო სივრცე, ხდება გაწვევა საქართველოს მოქალაქეებისა ოსურ ჯარში, იძულებით. ხდება ესკალაცია, სროლები და აფეთქებები აფხაზეთში, ხდება საზღვრის დაფიქსირება ფე-ეს-ბეს ჯარებთან ერთად, ქართულ პოლიციაზე გაცემულია ბრძანება, რომ გაიხსნას ცეცხლ. საუბარია არა სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ გაუხსნან ცეცხლი.”

პაატა დავითაიას მიერ ჩამოთვლილ სახიფათო ქმედებებს 21 ოქტომბერს დაემატა სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ფაქტი ახალგორში, რომელსაც 18 აგვისტოს შემდეგ რუსი და ოსი სამხედროები აკონტროლებენ. ახალაგორში, რომელიც თბილისიდან 30 კილომეტრითა არის დაშორებული, სამშაბათს რუსეთმა დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული მძიმე საბრძოლო ტექნიკა შეიყვანა. რუს სამხედროებს ეს მანევრი არ შეუთანხმებიათ საქართველოს ხელისუფლებასთან. თუმცა, როგორც ახალგორის ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ფიცხელაურმა განუცხადა ჩვენ რადიოს, რუსმა სამხედროებმა ახალგორის რაიონში დამატებითი სიმაღლეები დაიკავეს.

[ზურაბ ფიცხელაური] ”რუს მაიორს გამოველაპარაკე და არაო, დროებით ვართ შემოსულიო. დანარჩენებმა კი მთლიანობაში სიმაღლეები დაიკავეს იქ სოფლებში ყანჩავეთში, წირქოლში, ბაზოანთში და სრიოზული ტექნიკა შემოყარეს და ცოცხალი ძალაც. ის ხალხიც იმ სოფლებიდან დაიცალა, აბა ეხლა იქ ვინ გაჩერდებ?”

ახალგორსა და ცხინვალში სამხედრო ძალების დემონსტრირებისა და მორიგი პროვოკაციების გამო საქართველოს პარლამენტი აუცილებლად თვლის საქმის კურსში ჩააყენოს საერთაშორისო საზოგადოება. პარლამენტის დროებით კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, რუსეთი აპირებს მორიგ პროვოკაციაში ჩაითრიოს საქართველო და შეასრულოს ის განზრახვა, რაც აგვიტოსში ვერ განხორციელდა.

[პაატა დავითაია] ”რუსეთი მსოფლიოში გამოჩნდა აგრესორად, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება ვერ შეცვალა, რუსეთს აქვს სერიოზული პრობლემები საერთაშორისო სამართალში, იგივე ჰააგში ხდება ზეწოლა. აქედან გამომდინარე, რუსეთს სურს იმ შედეგის მიღწევა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა. ეს ხომ ღიად ჩანს ყველაფერი.”

პაატა დავითაია, ამასთან, აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოეგოს პროვოკაციას და არ მისცეს რუსეთს საბაბი, კვლავ გააჩაღოს ომი საქართველოს ტერიტორიაზე. თავად რუსეთში კი მიიჩნევენ, რომ რევანშისათვის ნიადაგს სწორედ საქართველოს ხელისუფლება ამზადებს. ოს სეპარატისტთა ლიდერის, ედუარდ კოკოითის პირადმა წარომადგენელმა მოსკოვში დიმიტრი მედოევმა ახალი ამბების სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობის გარდა სხვა გზა არ დარჩა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აკონტროლებენ, ჯერჯერობით არ გამოუხატავთ საკუთარი პოზიცია არც 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქებისა და არც ახალგორში დამატებითი ტექნიკის შეყვანის თაობაზე.
XS
SM
MD
LG