Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო


აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსებს მასობრივად შეაქვთ საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში.

თავის მხრივ საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი. სასამართლო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპის საბჭოს წევრებს ერთმანეთს შორის დაპირიპირება საბრძოლო ველიდან სასამართლო დარბაზში გადააქვთ.

მას მერე, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პირველი რაკეტა დაეცა 7 აგვისტოს, სტრასბურგში, ევროპის ადამინის უფლებების სასამართლოში, შესვლა იწყო დიდი რაოდენობით საჩივრებმა საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლოს თანახმად, შესულია 3000-ზე მეტი საჩივარი.
რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი კი საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანა. საჩივარი შეიცავს ბრალდებებს სამხედრო დანაშაულის, მათ შორის ეთნიკური წმენდის დანაშაულის საფუძველზე.
ეს უპრეცედენტო შემთხვევაა სასამართლოსთვის და ევროპის საბჭოსთვის, რომელიც ზედამხედველობს ამ სასამართლოს და რომლის წევრიც არიან საქართველო და რუსეთი.
მოუსმინეთ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის პროფესორს ლონდონის უნივერსიტეტის ბერკბეკ კოლეჯიდან, ბილ ბოურინგს, რომელიც რეგულარულად ეხმარება რუსეთის მოქალაქეებს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში საჩივრების შეტანაში:
[ბოურინგის ხმა] "ევროპის საბჭო გამოუვალ ვითარებაშია. ეს პირველი შეიარაღებული კონფლიქტია ევროპის საბჭოს ორ წევრს შორის და უკვე ეს აქცევს სისტემას წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ. ეს დიდი პრობლემაა ევროპის საბჭოსთვის, ვინაიდან როცა სახელმწიფოები საბჭოს წევრები ხდებიან, ისინი კისრულობენ სამართლებრივ ვალდებულებებს, რომ დაპირისპირებებს მშვიდობიანი გზით მოაგვარებენ."
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ორივე მხარეს ადანაშაულებენ სამხედრო მოქმედებების დროს კანონდარღვევებში.
ევროპის საბჭოს თანახმად, რუსეთმა და საქართველომ ვალდებულებები დაარღვიეს უკვე იმით, რომ ომში ჩაებნენ. საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა ორი ქვეყანა გააფრთხილა, რომ მათ შეიძლება შეუჩერდეთ 47-წევრიანი ორგანიზაციის წევრობა, თუკი ისინი არ აღკვეთენ ადამიანის უფლებების დარღვევას საომარი მოქმედებების რეგიონებში.
თუ ეს ასე მოხდა, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ევროპის საბჭო ასეთ ნაბიჯს გადადგამს. აქამდე ორგანიზაცია ყველაზე შორს წავიდა რვა წლის წინათ, როცა რუსეთს დროებით შეუჩერა ხმის მიცემის უფლება ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულებების გამო.
ორ ქვეყანას შორის სტრასბურგში წამოწყებული სამართლებრივი ომი ხშირ შემთხვევაში იწვევს კრიტიკას.
მოუსმინეთ მოსკოვის კარნეგის ცნეტრის ექსტერტს კავკასიის საკითხებში, ალექსეი მალაშენკოს:
[მალაშენკოს ხმა] "ეს საჩივრები აშკარად პოლიტიკური დაკვეთითაა გაკეთებული. ამ განცხადებებს პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, ისინი ერთმანეთზე ზეწოლის საშუალებას წარმოდაგენს. ერთი მხრივ რუსეთი და დასმხრეთ ოსეთი, მეორე მხრივ კი საქართველო, ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი სრული უდანაშაულობა, რომ ისინი ყველანი მტრედები არიან."
განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია იმან, რომ რუსეთი უცებ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიმართ ენთუზიაზმით განეწყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრებს დაეხმარება საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანაში.
ეს განცხადება მკვეთრად ეწინააღმდგეება ამ სასამართლოს მისამართით მოსკოვის მხრიდან გამუდმებულ კრიტიკას. სასამართლოსი, რომელმაც საკმაოდ ხშირად ცნო რუსეთის სახელმწიფო დამნაშავედ და ამით კრემლი განარისხა. ამიტომ ბუნებრივია ეჭვი, რომ სასამართლოში საჩივრების შეტანა ნაწილია კოორდინირებული მცდელობისა, რომელცი მიზნად ისახავს სასამართლოს მუშაობის პარალიზებას.სასამართლოში შეტანილ საჩივრებს მალე არ გასცემენ პასუხს. მათი დამუშავების პროცესმა შეიძლება ათ წლამდე გასტანოს.
მიუხედავად ამისა, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო დიდი ზეწოლის ქვეშაა როგორც სამუშაოს მოცულობის, ისე მისი დელიკატური ხასიათის გამო.
მაგრამ, როგორც ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, მიუხედავად ამ გამოწვევის სირთულისა, მან შეიძლება სასამართლოს საშუალება მისცეს, თავისი ავტორიტეტის ამაღლებაში შეუწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG