Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას და როგორ მოხმარდება საქართველოში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე შეგროვილი თანხები


მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფონზე, ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი იყო ის, რომ 22 ოქტომბერს დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე

საქართველოსთვის მოსალოდნელზე მეტი თანხის შეგროვება გახდა შესაძლებელი. სხვადასხვა სახის სამომავლო დახმარებასთან ერთად, ბრიუსელში შეგროვილ თანხაში შედის საქართველოსთვის უკვე გაწეული ჰუმანიტარული დახმარების ხარჯები და იაფი კრედიტი, რომლის ერთი ნაწილი საბანკო სფეროს უნდა მოხმარდეს. მინდა გესაუბროთ იმის თობაზე, თუ რა რეაქციები და კომენტარები მოჰყვა თბილისში მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ბრიუსელში გამოხატულ მხარდაჭერას და რა რისკები უკავშირდება ამ პროცესს.

დონორთა საერთაშორისო კონფერენციის მოულოდნელ შედეგებს მეთვალყურეები, ეკონომიკურის გარდა, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ საქართველოს მისამართით გამოხატულ უდიდეს პოლიტიკურ სიგნალად აღიქვამენ. სწორედ ამგვარი აღქმა გამოიკვეთა საქართველოშიც და როცა ძლიერ პოლიტიკურ სიგნალზე ამახვილებენ ყურადღებას, კონტრასტისთვის ბევრი ახსენებს ისლანდიის მაგალითს. ნატოს წევრ ქვეყანას - ისლანდიას - იმავე ალიანსის წევრებმა უარი უთხრეს ფინანსური კრიზისის დასაძლევად საჭირო დაახლოებით 4 მილიარდ ევროზე და მან დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ეს მაგალითი ბევრისთვის იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობისთვის მეტად აქტუალურ ქვეყნად რჩება. შესაბამისად, მადლიერი და აღფრთოვანებულია თბილისი.

საქართველოსთვის ბრიუსელის კონფერენციაზე დაახლოებით ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარის შეგროვება მოხერხდა, რაც წინასწარ ნავარაუდევ მოცულობას დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარით აღემატება.

(გიორგი ბარამიძის ხმა) ”ნაწილი არის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ფული, რომელიც წამოვა ქვეყნის ბიუჯეტში. მეორე ნაწილი არის, ასე ვთქვათ, ტექნიკური დახმარება, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანა და ორგანიზაცია, დააფინანსებს, ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ - იქნება ეს დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობის, სასამართლო რეფორმის განხორციელება, უფრო მეტი გამჭვირვალობა, სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება... მესამე მიმართულება არის პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება, რისი ნაწილიც უკვე განხორციელებულია... გარდა ამისა, ეს თანხა მოიცავს თანხას, რომელსაც კრედიტის სახით მიიღებს ნაწილს - საქართველოს მთავრობა და ნაწილს მიიღებს კერძო სექტორი, ვთქვათ - საბანკო სექტორი, მათ შორის... ”(სტილი დაცულია)

ეს ინფორმაცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ რადიო ”თავისუფლებას” 22 ოქტომბერს ბრიუსელიდან მიაწოდა სულ ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც იქ დონორთა საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. მანვე დაასახელა პრიორიტეტული სფეროები, რომლებსაც მსოფლიოს ძალისხმევით შეგროვილი თანხა უნდა მოხმარდეს. უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება დევნილების დახმარება, მათი საცხოვრებელი პირობებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესება. ასევე, რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა და უშუალოდ ეკონომიკის მხარდაჭერა, კონკრეტული პროექტების გაგრძელება, ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, გზების მშენებლობა და ასე შემდეგ...

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ თანხა საკმარისზე მეტია, თუმცა ეს მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი:

(სოსო სიმონიშვილის ხმა) ”თუ ეს თანხა მოხმარდება იმას, რომ კერძო ბიზნესის კიდევ უფრო მეტ განვითარებას შეეწყოს ხელი... მეორე მხრივ, რისკი არის იმისა, რომ სახელმწიფო (მთავრობა) ზედმეტად გაერთობა იმით, რომ ეს ფული უშუალოდ თვითონ მართოს. არის საშიშროება, რომ, როდესაც ქვეყანას აძლევენ ასეთ უზარმაზარ თანხებს, შეიძლება გამოჩნდეს სურვილი, რომ სახელმწიფომ თვითონ დაიწყოს რაღაც ბიზნესების კეთება, იქნება ეს გზების გაყვანა თუ ხიდების აშენება... ამ ყველაფრის გაკეთება კერძო სექტორს შეუძლია... და ეს გააძლიერებს ქვეყანას და გაამდიდრებს ქვეყანას.” (სტილი დაცულია)

იმავე აზრზეა დემურ გეორხელიძეც. ის ამბობს, რომ ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი დიდი თანხაა, მაგრამ ის საქართველოს ეკონომიკის წელში გამართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ფული, ასე ვთქვათ, ფულის გამოსამუშავებლად დაიხარჯება:

(დემურ გეორხელიძის ხმა) ”ჩვენ, ბოლო-ბოლო, ქართული მენტალიტეტიდან თუ გამოვალთ, ჩვენ ახლა ფული ვიშოვეთ... ფული კი არ გამოვიმუშავეთ, არამედ - ფული ვიშოვეთ. მე კი ვფიქრობ, რომ ფულის შოვნას სჯობს ფულის გამომუშავებაზე გადავიდეთ და ეს ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი საკმარისია იმისთვის, რომ სტიმული მიეცეს საქართველოში ეკონომიკურ აქტივობას და ეს თანხა, რაც უფრო მეტად მოხმარდება ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, მით უკეთესი... თორემ შეიძლება ეს თანხა გაიფლანგოს.”(სტილი დაცულია)

ბრიუსელში შეგროვილი თანხის საქართველოში დახარჯვის კონკრეტული, ციფრებში გაწერილი სქემა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მაჩვენებლები დახურულ კარს მიღმა დაკონკრეტდა ბრიუსელშიც და თბილისშიც, როცა აგვისტოს მოვლენებით დაზარალებული საქართველოსთვის დახმარების მოცულობა ჯამდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდათ შიში, რომ დახმარება, შესაძლოა, ასევე დახურულ კარს მიღმა დაიხარჯოს და, შესაბამისად, ვერ მიაღწიოს იქამდე, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო. შეგახსენებთ, რომ, ამ მხრივ, საკმაოდ მკაცრი შეფასებები გამოაქვეყნა ავტორიტეტიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. თანხის მიზნობრივად დახარჯვასთან მიმართებით ეჭვები საქართველოს მოქალაქეთა ნაწილსაც აწუხებს:

(ხალხის ხმა/გამოკითხვა თბილისში) ”ეჭვი მეპარება, რომ დაიხარჯება მიზნობრივად. არა მჯერა ამათი..../ მე მჯერა ჩემი მთავრობის. თუ არ გამოჩნდა ისევ მანკიერი ადამიანები, რომლებიც შეპარული არიან იქა.../ არა მგონია, რომ მიზნობრივად დაიხარჯოს.../ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალედ დაიხარჯება, რადგანაც თითონ გამომყოფები აკონტროლებენ. მათ მოტყუებას ვერ შევძლებთ (იცინის).../ არა, მეეჭვება. აქამდე არ ყოფილა გამჭვირვალეობა. არ მგონია.../ რავი, აბა. იმედი როგორ არ მაქვს, მაგრამ....” (სტილი დაცულია)

მათ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ბრიუსელში შეგროვილი თანხა მიზნობრივად და გამჭვირვალე გარემოში დაიხარჯება, ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე მონიტორინგის ოთხი გზის დასახელებით ამშვიდებს:

(გიორგი ბარამიძის ხმა) ”ჯერ ერთი, საქართველოს მთავრობას აქვს თავისი მექანიზმები და ნამდვილად არავის არ შერჩება რაიმე თანხის ჯიბეში ჩადება... მეორე - პარლამენტი, რომელშიც ახლა სპეციალური კომისია შეიქმნა, ანტიკრიზისული, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი უდგას სათავეში და მათ ეს უფლებამოსილება მიეცა... მესამე - ჩვენ გვექნება დამატებითი მექანიზმები საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, აი, ამ თანხის განაწილებაზე, კონკრეტულად ათვისებაზე მონიტორინგის თვალსაზრისით... და მეოთხე - ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, დამეთანხმებით - ყველას, ვინც ჩვენ ეს თანხა მოგვცა, იქნება ეს ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ ცალკეული სახელმწიფო, ყველას აქვს თავისი პირობები, თუ როგორ უნდა გააკონტროლონ... ”(სტილი დაცულია)

როგორც ხედავთ, გიორგი ბარამიძე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზეც საუბრობს. თუმცა ჯერჯერობით მესამე სექტორს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში ჩართვის საშუალება არ მიეცა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG