Accessibility links

logo-print

რაზე ითხოვს ოპოზიცია ყურადღების გამახვილებას დონორებისაგან?


22 ოქტომბერს ბრიუსელში საქართველოს ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ხელშეწყობის მიზნით შეკრებილ საერთაშორისო დონორებს ღია წერილით მიმართა

ქართველი პოლიტიკოსების ჯგუფმა. წერილში ნათქვამია, რომ, აგვისტოს მოვლენების შედეგად განცდილი ეკონომიკური ზარალის ლიკვიდაციის პარალელურად, ფინანსური სახსრები მიმართული უნდა იყოს ასევე დემოკრატიის კონკრეტული პროგრამების მხარდაჭერისაკენ. სწორედ დემოკრატიაა ერთადერთი გარანტია სამხედრო ავანტიურების წინააღმდეგ და სწორედ დემოკრატიის ნაკლებობამ განაპირობა ის, რაც მოხდა, - ნათქვამია წერილში, რომლის ზოგიერთ ავტორსაც დავუკავშირდი.

ბრიუსელში 22 ოქტომბერს დონორთა კონფერენციის მონაწილეებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ღია წერილით მიმართა, ერთი მხრივ, სახალხო დამცველმა და, მეორე მხრივ, ხუთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა. ესენი არიან „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა და „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. სწორედ ეს უკანასკნელი იყო საერთაშორისო დონორებისადმი მიმართვის ინიციატორი.

[სალომე ზურაბიშვილის ხმა]“ რატომ გაჩნდა ასეთი ინიციატივა? იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთი სამი დღე ბრიუსელში და ყველას შევხვდი, ვინც ამ კონფერენციას ამზადებდა. და გამიჩნდა აზრი, რომ არ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს საზოგადოებისა და ოპოზიციის ხმა არ ისმოდეს იქ, არ შეიძლება ელაპარაკებოდნენ, ინფორმაციას ღებულობდნენ და პოზიციებს გებულობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისგან.“(სტილი დაცულია)

როგორც სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, საქართველოს ოპოზიციონერი ლიდერები მადლიერებას გამოხატავენ საერთაშორისო დონორების მიმართ საქართველოს ომის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილი ფინანსური მხარდაჭერის გამო, თუმცა აყენებენ პირობებსაც – კერძოდ, დაწესდეს მკაცრი მონიტორინგი თანხების განკარგვის პროცესზე, რაც, თავის მხრივ, დაუკავშირდებოდა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის ხელშემწყობი პროექტებისა თუ პროგრამების განხორციელებას. გამჭვირვალობა, როგორც დემოკრატიის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი, – ასეთია სალომე ზურაბიშვილის შეფასება, რომელიც ოპოზიციონერ ლიდერთა ერთობლივ წერილში რამდენიმე კონკრეტული მიმართულების სახითაც ჩამოყალიბდა. მედიისა და სასამართლო სისტემის თავისუფალი ფუნქციონირება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება. ამ უკანასკნელი კუთხით წერილის ავტორები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ადმინისტრირების განხორციელებას ითხოვენ, პირდაპირი ზედამხედველობისა და მონიტორინგის გზით. რესპუბლიკელთა ლიდერი დავით უსუფაშვილი, მაგალითად, ფიქრობს, რომ დამკვირვებელთა სპეციალური მისია არჩევნებამდე 3–4 თვით ადრე უნდა განთავსდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და კონკრეტულ საკითხებზე, განსაკუთრებით სადავო თემებზე წარმოადგინოს დასკვნები. საერთაშორისო მონიტორინგის უზრუნველყოფას ითხოვენ ღია წერილის ავტორები მედიის თავისუფლების საკითხშიც. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აქ ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის ახალი ფორმატით განახლების რეკომენდაციაა მოცემული.


[დავით უსუფაშვილის ხმა]“22–ში შეხვედრაზე აქ იყო ზოგადი გადაწყვეტილებები მიღებული. ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრმა დაუჭირა მხარი საქართველოსთვის დახმარების პაკეტში მონაწილეობას და ეს საკითხები, რომლებიც ჩვენ წამოვჭერით, უნდა იქნეს ასახული უკვე კონკრეტულ დოკუმენტებში, რომლებიც გაფორმდება სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფოებთან კონკრეტული დახმარების მიღების დროს.“(სტილი დაცულია)

ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. კონსერვატორი კახა კუკავა კი კონკრეტულად საუბრობს იმ სავარაუდო სქემაზეც, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აამოქმედებს. იგულისხმება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ფინანსური დახმარების განკარგვა, როგორც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გარანტია – მოკლედ ეს ფორმულა ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს, ვრცლად კი თავად კახა კუკავა განმარტავს:

[კახა კუკავას ხმა]“პოლიტიკური ნება უკვე დამოკიდებულია იმაზე, რომ უკვე არსებულ რეკომენდაციებს უნდა დაემატოს ერთადერთი – ვადები. ახლა აუცილებელია, ზუსტად იგივე რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს სამოქმედო გეგმის სახით, სადაც იქნება უკვე ნათქვამი, რომ საქართველო დეკემბრამდე ასრულებს ამა და ამ ვალდებულებებს, მარტამდე ამ ვალდებულებებს, აპრილამდე ამ ვალდებულებებს და ერთი წლის ვადაში მოვა სრულ შესაბამისობაში ადრე ნაკისრ ვალდებულებებთან. ეს არის, ჩემი აზრით, გასაკეთებელი და უნდა იყოს იქვე დათქმული, რომ ნებისმიერი - მილიონიანი თუ მილიარდიანი - დახმარებების კონკრეტული ტრანში წამოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც, პარალელურად, კონკრეტულ ვადაში შესრულდება პოლიტიკური ვალდებულებები.“(სტილი დაცულია)

კახა კუკავა დასძენს, რომ დონორებისადმი ოპოზიციონერთა ერთი ჯგუფის ღია წერილში დემოკრატიული პროცესების ძირითადად ამ ტიპის მხარდაჭერაზეა საუბარი და არა დაფინანსებაზე. საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე კი განმარტავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა დონორთა ეგრეთ წოდებული ტექნიკური დახმარების პაკეტში ჩაიდო:

[გია ბარამიძის ხმა]“ სხვადასხვა ქვეყნები და ორგანიზაციები, ვთქვათ, დააფინანსებენ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. იგივე იქნება ეს დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობის, სასამართლო რეფორმის განხორციელება, უფრო მეტი გამჭვირვალობა, სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ასე რომ, ნაწილი თანხისა წავა ამ მიმართულებითაც.“ (სტილი დაცულია)

გია ბარამიძე არ აზუსტებს, დონორთა 4 მილიარდ-ნახევრიანი დახმარების რა ნაწილი მოხმარდება ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნებს. დაბოლოს, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, 22 ოქტომბერს ბრიუსელში შეკრებილ საერთაშორისო დონორებს, ოპოზიციური სპექტრისგან დამოუკიდებლად, საკუთარი მადლიერების წერილით მიმართა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც. დემოკრატია სტაბილურობისთვის – ეს იყო მთავარი გზავნილი დონორებისადმი.
XS
SM
MD
LG