Accessibility links

logo-print

რატომ ვერ ხერხდება უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ ჯარისკაცთა მოძიება?


რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დასრულებიდან ორი თვის თავზე კვლავ გაურკვეველი რჩება რამდენიმე ათეული ქართველი ჯარისკაცის ბედი.

დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 34 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია მათ შორის გარდაცვლილი და რამდენი ტყვე, არც კომისიას და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყებას არ გააჩნია. პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს
ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დაზუსტება-მოძიების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. საკითხავია, რა კეთდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების თვალსაზრისით.

თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების სია, რომლის მიხედვითაც, დაკარგულად ითვლება რვა ოფიცერი და ოცდაერთი კაპრალი.

[რუსუდან ჩუთლაშვილის ხმა] „სხვისგან, ერთ-ერთი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის მეუღლისგან ვიცი, რომ ჩემი შვილი დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ვერ დაეხმარნენ... ეს იმას უთხრეს, თორემ მე აღარ მეუბნებიან, გაჩუმებულები არიან...“

ეს ქალბატონი თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლის, უგზო-უკვლოდ დაკარგული კაპრალის, შმაგი ნოზაძის, დედაა. რუსუდან ჩუთლაშვილის თქმით, შვილის ასავალ-დასავლის გარკვევა პირადი კონტაქტებითაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ:

[რუსუდან ჩუთლაშვილის ხმა] „ძალიან ბევრი ოსი ცხოვრობს ჩვენთან, მეც ახლობელი ოსი ქალი დამეხმარა, რომელიც ორჯონიკიძეში დაუკავშირდა ერთ პიროვნებას. ორჯონიკიძიდან დაავალეს ცხინვალში ვინმე ალანას, გვარი არ ვიცი. ამ ალანმა მოგვცა გივი თარგამაძის ნომერი, მერე ამ პიროვნებას მე თვითონაც ვესაუბრე. მითხრა, ათი გვამია აქ კიდევ, იქნებ თქვენი შვილიც იყოსო. სულ სამი იყო ამოცნობილი, მაგრამ ამოცნობილთა შორის ჩემი შვილი არ აღმოჩნდა.“(სტილი დაცულია)

რუსუდან ჩუთლაშვილის თქმით, ამოცნობილთა შორის მისი შვილი არ ყოფილა. შესაბამისად, დაკარგულის დედა არ გამორიცხავს, რომ შმაგი ნოზაძე ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება, თუმცა დაკარგული ჯარისკაცების საქმეში მეტი სიცხადის შეტანა უჭირს დაკარგულთა მოძიების კომისიის ხელმძღვანელს გივი თარგამაძესაც:

[გივი თარგამაძის ხმა] „ჩვენ, სავარაუდოდ, გვყავს 34 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს ტყვეობაში, თუმცა ამის პირდაპირი მტკიცებულებები, ცხადია, არ არსებობს. არსებობს ფრაგმენტული ინფორმაციები, რომელთა გადამოწმება ვერ ხერხდება.“ (სტილი დაცულია)

გივი თარგამაძის თქმით, დაკარგულთა მოძიების გარდა, კომისია სეპარატისტებისგან, სულ ცოტა, ათი გვამის გადმოცემას ითხოვს, თუმცა სეპარატისტთა წარმომადგენელი მოსკოვში დმიტრი მედოევი საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეი-ჩენისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ცხედრების გადასვენების პროცესი ქართული მხარის პასიურობის გამო ფერხდება. ამ ბრალდებას ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი გია თორთლაძე ასე უპასუხებს:

[გია თორთლაძის ხმა] „ის ბრალდება, რომ არ გაგვყავს, აბსურდია, იმიტომ რომ გავიყვანეთ 43 ერთხელ, 7 მეორედ, კიდევ 7 და მანამდეც რამდენიმე მიცვალებული იქნა გამოყვანილი. ასე რომ, საქართველო თავის მიცვალებულებს პატრონობს და გამოყვანასაც ვცდილობთ.“

ცხინვალიდან თბილისში ათი ცხედრის შესაძლო გადასვენების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების საკითხებში ევროსაბჭოს კომისარიც ავრცელებს. სულ ახლახან თომას ჰამარბერგმა კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ მეორე მოხსენება გამოაქვეყნა, თუმცა ევროპელმა მოხელემ დაკარგულთა და გარდაცვლილთა დროული მოძიების მნიშვნელობაზე ყურადღება ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას გაამახვილა:

[ჰამარბერგის ხმა] „მნიშვნელოვანია გარდაცვლილთა ცხედრების პოვნა და ამოცნობა. შემიძლია ვთქვა, რომ სულ რაღაც კვირებია საჭირო იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს თითქმის ყველა შემთხვევას - ვინ არის მოკლული და რა მოხდა. თუმცა იმ დროისთვისაც იქნება შემთხვევები, რომლებიც ვეღარასდროს გაირკვევა იმის გამო, რომ ზოგიერთ ადამიანზე საერთოდ არ არის ინფორმაცია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი წინსვლაა ამ დროისთვის.”

თუმცა წინსვლა, რომლის შესახებაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ლაპარაკობდა, ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეფერხდა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პროცესის დაჩქარება მხოლო დაპირისპირებულ მხარეთა თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „მე ვიცი, რომ ოსებიც ასევე ეძებენ ვიღაც-ვიღაცებს და ამიტომ ერთობლივი თანამშრომლობის ფორმა უნდა მოიძებნოს. თუ ქართველები მხოლოდ თავისიანებს ეძებენ და ოსებს არ ეძებენ, მაშინ არც ოსები დაიწყებენ ქართველების ძებნას.“

თუმცა დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრთა მდგომარეობას ის გარემოებაც ამძიმებს, რომ არ დასრულებულა დე-ენ-ემ-ის ანალიზის საფუძველზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული უცნობი ჯარისკაცების იდენტიფიცირება. რუსუდან ჩუთლაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული კაპრალის, შმაგი ნოზაძის, დედა ამბობს:

[რუსუდან ჩუთლაშვილის ხმა] „მესამე თვეა, რაც ჩემი შვილის ბედი გაურკვეველია. გარდაცვლილია თუ ცოცხალი არ ვიცი. გარდაცვლილს, გვამს ვეძებ. დე-ენ-ემ-ის სინჯი ორი თვეა, რაც ამიღეს. განა ამდენი ხანი ლოდინი შეიძლება? გამოვიფიტეთ ამდენი ფიქრისგან?“ (სტილი დაცულია)

სულ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დე-ენ-ემ-ის ანალიზის საფუძველზე ორმოცდაექვსიდან ოცი ჯარისკაცის იდენტიფიცირება მოხერხდა. სამინისტროს წარმომადგენელი ნანა ინწკირველი ამბობს, რომ პროცესზე პასუხისმგებელი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა:

[ნანა ინწკირველის ხმა] „ამოცნობა მათი პრეროგატივაა. პროცედურაა რთული, რომელსაც მე ვერ აგიხსნით. ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებს უნდა მიმართოთ. ჩვენი მიზეზით არაფერი ფერხდება - არც დაფინანსება აკლია და არც არაფერი.“(სტილი დაცულია)

იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კი აცხადებენ, რომ დე-ენ-ემ-ის ანალიზის ჩატარება რთული ტექნიკური პროცესია, რასაც, ხშირ შემთხვევაში, არა ერთი და ორი კვირა სჭირდება. ბიუროს ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე განმარტავს:

[მამუკა მამალაძის ხმა] „საერთო დე-ენ-ემ-ის კვლევას ასეთი რთული ობიექტებისას უცხოეთშიც კი სამი-ოთხი თვეც კი სჭირდება. წარმოიდგინეთ, ჯერ უნდა მოხდეს ბიოლოგიური ნიმუშიდან დე-ენ-ემ-ის გამოყოფა და მერე ამ დე-ენ-ემს უნდა ჰქონდეს გამრავლების უნარი შენარჩუნებული, რომ გამრავლდეს და იდენტიფიკაცია მოხდეს. ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ცდა გვჭირდება. სავარაუდოდ, თვით ბოლომდე მნიშვნელოვან ნაწილს გამოვიკვლევთ და გადავცემთ თავდაცვის სამინისტროს.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG