Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ჯენტლმენი, იახტა და დიდი სკანდალი


ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და რუსი ოლიგარქების

ჯერჯერობით საიდუმლოებით მოცული გარიგებაა დღეს “უხილავი ფარდის” თემა. ამ გარიგებაზე ვარაუდები გამოითქმის და მის მონაწილეებს მაინცდამაინც კარგი დღე არ ადგათ. ლაპარაკია რუსეთის უმდიდრესი კაცის ოლეგ დერიპასკას იახტაზე კონსერვატიული პარტიის წევრის ჯორჯ ოსბორნისა და ლეიბორისტი პოლიტიკოსის პიტერ მენდელსონის სტუმრობის შესახებ, რომელიც ბრიტანელი ბარონის ნათანიელ როტშილდის შუამავლობით შედგა. ანუ ჯენტლმენები, იახტა და ალუმინით მოვაჭრე მილიარდერი პრესისთვის სკანდალის საფუძველია, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფალნიც ვერ ახერხებენ ემოციების მოთოკვას. პრემიერი გორდონ ბრაუნი თავის ძველ მოწინააღმდეგეს, ჯორჯ ოსბორნს, რომელიც შეიძლებოდა ახალ მთავრობაში ხაზინის გამგებელი გამხდარიყო, არგუმენტებით ვერ უმკლავდებოდა. ლეიბორისტები, გამოკითხვების თანახმად, ერთობ მცირე პოპულარობით სარგებლობენ ხალხში და კონსერვატორებს, შესაბამისად, მომავლის იმედი აქვთ. და აი, ოსბორნთან დაკავშირებული სკანდალი! პრემიერ-მინისტრი ბრაუნი ასეთი სიხარულით არასოდეს შეხვედრია ოსბორნს, რომელიც პარლამენტში შეკითხვების საათზე დაიბარეს. ოსბორნი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, ცდილობდა ოლეგ დერიპასკასგან შეწირულობა მიეღო პარტიისთვის, 50 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით. კარგი, ოსბორნი კონსერვატორია და პარტიის საქმეს აკეთებდა, ლორდ პიტერ მენდელსონს რაღა ესაქმებოდა იახტაზე? ის ადრე ევროკომისარი იყო ვაჭრობის სფეროში. და, აი, სკანდალიც სწორედ ამ შეკითხვით დაიწყო: თავისი საქონლის, ალუმინის, სარფიან ტარიფებს ხომ არ სთავაზობდა მენდელსონი დერიპასკას? ფაქტია, რომ ორივე ეს ჯენტლმენი, ლორდი მენდელსონი და პოტენციური მინისტრი ოსბორნი, ეჭვმიტანილნი არიან, მაგრამ ორივე უარყოფს, რომ უკანონობა ჩაიდინეს. ასევე ვერ უმტკიცებენ უკანონობას დერიპასკას. მაგრამ ბრიტანეთის ყოველდღიური “ტაიმსის” საგარეო ურთიერთობათა ექსპერტი მაიკლ ბინიონი ფიქრობს, რომ სიმართლის გამოაშკარავებამ შეიძლება ორივე პოლიტიკოსსა და მათ პარტიებს დიდი პრობლემები შეუქმნას:

(ბინიონის ხმა)
“თუკი სიმართლეა, რომ ლორდი მენდელსონი, როგორც ვაჭრობის კომისარი, დერიპასკასთან შეხვედრის შედეგად, ალუმინის ტარიფების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, ეს შეუსაბამოდ, ანუ უკანონოდ, იქნება შეფასებული. მას მოუწევს პასუხი გასცეს შეკითხვებს წარსულის შესახებ, რაც კაბინეტის მოქმედ წევრს საქმეს გაურთულებს. ასევე ჯორჯ ოსბორნი, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი საფინანსო სფეროში, ცდილობდა უკანონოდ მიეღო შემოწირულობა ბატონ დერიპასკასგან. ეს უკიდურესად დიდ პრობლემებს შეუქმნის კონსერვატიულ პარტიას.”

ზემოთ როტშილდი ვახსენეთ. ბარონი ნათანიელ ფილიპ როტშილდი, საფონდო მენეჯერი და დიდი საბანკო ოჯახის მემკვიდრე, “ატიკუს კაპიტალის”- საინვესტიციო ფირმის -თანათავმჯდომარე და ოსბორნის ყოფილი თანაკურსელია. ის იყო გამრიგებელი ამ კავშირისა ოსბორნსა და დერიპასკას შორის. ხმელთაშუა ზღვაში იახტაზე შეხვედრამდე ორი თვით ადრე ოსბორნი და დერიპასკა ერმანეთს კუნძულ კორფუზეც შეხვდნენ. ახლა, როცა გაიგო, რომ ოსბორნმა მენდელსონის დერიპასკასთან ურთიერთობა გაამხილა, როტშილდი უკმაყოფილო დარჩა. კვირას მან “ტაიმსს” მისწერა, რომ, კონსერვატიული პარტიის შეწირულობების ამკრეფ ენდრიუ ფელდმანთან ერთად, ოსბორნიც იმყოფებოდა იახტაზე და ისინი ერთად ცდილობდნენ პარტიისთვის ფულის მოპოვებას. ის იქვე სწერს გაზეთს, არც ერთხელ არ ახსენებთ, რომ ოსბორნმა, რომელმაც ასევე მიიღო ჩემი მიწვევა, გამოიყენა შესაძლებლობა და პარტიისთვის შეწირულობა სთხოვა დერიპასკასო. ოსბორნი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ შეხვდა დერიპასკას, მაგრამ ისიც და ფელდმანიც უარყოფენ, რომ პარტიისთვის ფული ითხოვეს. ეს, თავისთავად, არ იქნებოდა კანონის დარღვევა, მაგრამ კანონის დარღვევაა მაშინ, როცა შეწირულობა უცხოეთიდან მოდის. სწორედ უცხოეთის - ამ შემთხვევაში რუსეთის - ფულზე ლაპარაკობს ედუარდ ლუკასი ბრიტანეთის გაზეთ “გარდიანში” ამ სკანდალის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში. ლუკასი იხსენებს ძველ დროს, როცა საბჭოთა ოქროს მარაგს ყიდდა მოსკოვის იმპორტის გასაზრდელად, შემდეგ კი გორბაჩოვი და ელცინი დასავლეთიდან დახმარებას იღებდნენ, ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერების - ჯერ მარგარეტ ტეტჩერისა და შემდეგ ჯონ მეიჯორის - ხელშეწყობით. ახლა კი, ამბობს ლუკასი, ვითარება შეიცვალა: რუსეთი ფულის გორებზე ზის, ჩვენ კი ამ ფულის გულისთვის ჩვენს პრინციპებსა და საკუთარი თავის პატივისცემას ვთმობთ. ლუკასი კრიტიკულია ბრიტანეთის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ საფინანსო კრიზისამდე მდიდარ რუსებს პრესტიჟს სთავაზობდა მილიონების სანაცვლოდ: როგორც კი ისინი მოისურვებდნენ მაღალ საზოგადოებაში მოხვედრას ან პოპკულტურაში გარევას, ბრიტანელები მზად იყვნენ მათთვის ამის საშუალება მიეცათ, - წერს ლუკასი. “რუს ახალ მდიდრებს” - ესენი იყვნენ ყოფილი განგსტერები ან “კა-გე-ბეს” ყოფილი თანამშრომლები - ბრიტანეთში მაქსიმუმ პატარა თაღლითებად მიიჩნევდნენ. პრემიერი ბლერი თავის მეგობარ პუტინთან ერთად ოპერაში დადიოდა და ჩვენი როტშილდები და მერდოკები კი, თვით სამეფო ოჯახის, ” უინდსორების, შედარებით მცირე წევრები”, ახალ რუსებს უშინაურდებოდნენ და, ხშირად, სარფიანადაც, - წერს გაზეთ “გარდიანში” ენდრიუ ლუკასი და, ბოლოს, უსაფრთხოებაზეც ლაპარაკობს: ბრიტანეთის მთავრობას არა მხოლოდ მორალურის გაგება აღარა აქვს, მას ასევე დაავიწყდა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო უშიშროებისთვის. ნატო, ცივი ომის შემდეგ პირველად, საგანგებო გეგმაზე მუშაობს, თუ როგორ დაიცვას ამჯერად თავისი წევრები, თვით ქვეყნის შიგნით კი, ჩანს, უბრძოლველად დავნებდითო, - ასრულებს სტატიას ენდრიუ ლუკასი.
სიახლე არ არის, რომ რუსი ოლიგარქები - “ახალი რუსები”, “კა-გე-ბეს” ყოფილი თანამშრომლები - დასავლეთს შეესივნენ. იმავე დერიპასკამ, მას მერე, რაც მან, ყველაზე ახალგაზრდა რუსმა მილიარდერმა და ყველაზე მდიდარმა კაცმა რუსეთში, თავის ქვეყანაში ალუმინის ბაზარი დაიპყრო, ფული უცხოეთშიც დააბანდა, თუმცა საფეხბურთო კლუბ ”არსენალის” ყიდვა კი ვერ მოახერხა, თავისი მეგობრის, აბრამოვიჩისგან განსხვავებით. ახლა ამ სკანდალის შესახებ დერიპასკა არაფერს ამბობს. “ტაიმსის” თანამშრომელი ბინიონი შენიშნავს, რომ დერიპასკას ახლა ამ საქმისთვის არ სცხელა, რადგან საფინანსო კრიზისმა დიდი ზარალი მიაყენა - 16 მილიარდი დააკარგვინა.

(ბინიონის ხმა)
“ საქვეყნოდ ბევრს არ ლაპარაკობს. ადარდებს ის, რომ ბოლო დროის კრიზისის გამო დიდძალი ფული დაკარგა. იმაზეც კი არაფერს ამბობს, აპირებს თუ არა რუსეთის მთავრობას დახმარება სთხოვოს თავისი უზარმაზარი ვალების სასწრაფოდ დასაფარავად. ვფიქრობ, მას ახლა უფრო მნიშვნელოვანი ამბები ადარდებს.”

ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. მენდელსონი პრემიერის მოკავშირეა. ოსბორნის პარტიას, კონსერვატორებს, ამომრჩევლების მიზიდვა სჭირდებათ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ბრაუნმა თქვა, ეს ერთობ სერიოზული საქმეა და იმედი მაქვს, მას შესაბამისი უწყებები გამოიძიებენო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG