Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპეკმა ნავთობის პროდუქციის შეკვეცა გადაწყვიტა


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, ანუ ოპეკი დღეს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბა იმის გადასაწყვეტად, თუ რა ზომას უნდა მიმართოს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების წინააღმდეგ. უფრო ზუსტად, თუ რა ზომას მიმართავდნენ, წინასწარვე ნათელი იყო: ნავთობის მოპოვების შემცირებას. ოღონდ, რამდენად შეამცირებდნენ, ეს იწვევდა აზრთა სხვაობას ოპეკის წევრებში. ვიდრე მათი შეხვედრის შედეგებზე გიამბობდეთ, შეგახსენებთ, რომ ოპეკში გაერთიანებულია ათზე მეტი ქვეყანა: ალჟირი, ანგოლა, ეკუადორი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა.

ნავთობის წარმოება დღეში 1,5 მილიონი ბარელით შემცირდება - ეს არის ოპეკის წევრთა კომპრომისული შეთანხმება, რომელიც აუცილებლად მიიჩნიეს ნავთობის ფასის ბოლოდროინდელ ვარდნასთან დაკავშირებით. ვარდნა მართლაც შემაშფოთებელია ნავთობის ექსპორტიორებისთვის: ივლისის შემდეგ, როცა ერთი ბარელის ფასმა ყველა რეკორდი მოხსნა 140 დოლარის გადაჭარბებით, ნავთობი 50 პროცენტზე მეტით არის გაიაფებული.

ოპეკის ზოგი წევრი ნავთობის წარმოების კიდევ უფრო მეტი, დღეში 2 მლნ ბარელით შეკვეცას მოითხოვდა, მაგრამ სხვები ნაკლებად მკვეთრ ნაბიჯს ემხრობოდნენ.
კომპრომისული გადაწყვეტილება “პრაგმატული მიდგომის” დემონსტრირებად მიაჩნია ოპეკის პრეზიდენტს, ალჟირის ენერგეტიკის მინისტრ ჩაკიბ ხელილს.

[ხელილის ხმა] “აქ საქმე არ ეხება ფასების შეზღუდვას, საქმე არ ეხება მიზნად რაიმე ფასის დასახვას. ვფიქრობ, როგორც ადრეც ვთქვი, რომ ფასს ბაზარი გადაწყვეტს”.
ეს შეფასება ხელილმა ოპეკის ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა. შეხვედრის დაწყებამდე კი მანვე განაცხადა: [ხელილის ხმა] “გადაწყვეტილებამ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები არ უნდა მიიყვანოს ისეთ მდგომარეობამდე, რომ ისინიც დაემატნონ იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც უკვე ზარალდებიან საფინანსო კრიზისით”.

ხელილის განმარტებით, ნავთობის ექსპორტიორები არ უნდა დაზარალდნენ საიმისოდ, რომ ზარალი შემსუბუქდეს ნავთობის იმპორტიორი, ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყნებისთვის. პარასკევს დილით, როცა ოპეკის შეხვედრის მონაწილეები იკრიბებოდნენ, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 65 დოლარზე ნაკლები იყო.
XS
SM
MD
LG