Accessibility links

რა საჭიროა ეუთოს სამეთვალყურეო მისია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე?


როცა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ანუ ეუთო არჩევნებზე თავის მეთვალყურეებს აგზავნის ხოლმე,

ეს ჩვეულებრივ ხდება ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიზაციის გზას ადგანან - მეტ-ნაკლები წარმატებით, როგორც ამას თუნდაც ბელორუსიისა და უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს მაგალითები აჩვენებს. მაგრამ 4 ნოემბერს ეუთოს 100-ზე მეტი მეთვალყურე დააკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყანაში, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს წამყვან დემოკრატიად არის აღიარებული - შეერთებულ შტატებში.

თავიდანვე უნდა ითქვას: პრობლემებს არჩევნების დღეს ეუთო არ მოელის. მისი მეთვალყურეები, უბრალოდ, მიიწვიეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამ განმარტებას იძლევა კლას ბერგმანი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილების დირექტორი. მისივე თქმით, მისიაში მონაწილეობას მიიღებს 55 ქვეყნის წარმომადგენელი 120-მდე მეთვალყურე (რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის).

არჩევნებიდან ორ დღეში, ანუ 6 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართება ეუთოს მეთვალყურეების პრეს-კონფერენცია, რომელზეც (წინასწარვე მეტ-ნაკლებად ნათელია) რაიმე სერიოზულ დარღვევებზე ლაპარაკი არ იქნება.

[ბერგმანის ხმა] “ერთადერთი, რასაც გვინდა, რომ დავაკვირდეთ ამერიკის არჩევნებზე, პრინციპში არის ის, თუ რა ხდება არჩევნების დღეს: როგორ ტარდება არჩევნები? რამდენი ხანი უწევს ლოდინი ამომრჩეველს? როგორ მოქმედებს მექანიზმი? და მანამდე ცოტა ადრე - როგორ ჩატარდა ამომრჩეველთა რეგისტრაცია?”

კლას ბერგმანის ეს განმარტება აჩვენებს ეუთოს სამეთვალყურეო მისიის განსხვავებულობას შეერთებულ შტატებსა და, თუნდაც, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის. შეერთებული შტატების შემთხვევაში, მაგალითად, ზედმეტად არის მიჩნეული ეუთოს მეთვალყურეობა მასმედიაზე, რაც სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც კეთდება ხოლმე იმის დასადგენად, თუ რამდენად ობიექტურად, ან დაბალანსებულად შუქდება კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია საინფორმაციო საშუალებებში.

მეორე მხრივ, ბევრი სხვა ქვეყნის, მათ შორის ისევ საქართველოსაგან განსხვავებით, აშშ-ში არ არსებობს “ცენტრალური სარჩევნო კომისია”. თითოეული შტატი და შტატში შემავალი ოლქები არიან პასუხისმგებელი თავ-თავიანთ საარჩევნო პროცესზე.

[ბერგმანის ხმა] “არჩევნები ამერიკაში, გარკვეული თვალსაზრისით, განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის თავისი დეცენტრალიზებული სისტემის გამო. საარჩევნო პროცესის მართვაშია ჩართული არა მარტო 50 შტატი, არამედ შტატებს თვითონაც ახასიათებს გამოკვეთილი დეცენტრალიზაცია, რის შედეგადაც არჩევნები, ფაქტობრივად, ოლქების დონეზე ტარდება. ამდენად, ეს გარემოება გარკვეულ სირთულეს ქმნის. თან, რასაკვირველია, საქმე ეხება უზარმაზარ ქვეყანას”.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის შეფასებას, რომ საარჩევნო პროცესის დეცენტრალიზაციას გარკვეული სირთულე უკავშირდება, იზიარებს ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი, სტივენ ჰესი.

[ჰესის ხმა] “მეთვალყურეები იქ ვერ აღმოაჩენენ გაყალბებას, სკანდალებს, ან დარღვევებს, როგორსაც ბევრ ქვეყანაში ხედავ. შიგადაშიგ ვიღაცა რაღაც სკანდალურს აღმოაჩენს ხოლმე, მაგრამ ეს ისეთი იშვიათობაა, რომ ამერიკული პოლიტიკაში რაიმე სერიოზულ საკითხად არ ითვლება. ასეთ დიდ ქვეყანაში მეთვალყურეები ყოველთვის იპოვიან რაღაცას, რაც საარჩევნო მექანიზმში კარგად არ ფუნქციონირებს და იწვევს რიგებს საარჩევნო უბნებთან, იწვევს უკმაყოფილებას და ა.შ.”

სტივენ ჰესმა საარჩევნო მექანიზმი ახსენა - ის, რის გამოც ამერიკელი დარჩა უკმაყოფილო 2000 წლის არჩევნების შედეგით. მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი გადაწყვიტა ფლორიდის შტატმა, რომელშიც რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯორჯ ბუშმა სულ 537 ხმით აჯობა დემოკრატ ელ გორს. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიულეტენების განმეორებით დათვლაზე უარი ითქვა.

მაგრამ პოლიტოლოგი სტივენ ჰესი ირწმუნება, რომ ბუშ-გორის დაპირისპირება ფლორიდაში არის უკიდურესად მჭიდრო კონკურენციის უკიდურესად იშვიათი შემთხვევა, რომელიც ძალიან ძნელი წარმოსადგენია, გამეორდეს. და თუ წინასწარი გამოკითხვის შედეგებს ვენდობით, არც გამეორდება: ამჟამინდელი მონაცემებით, ბარაკ ობამა ამომრჩეველთა ხმების 7,5 პროცენტით უსწრებს ჯონ მაკკეინს.
XS
SM
MD
LG