Accessibility links

როგორ აისახება აზერბაიჯანის პოლიტიკაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი?


”ეს არის გეოგრაფიულად რთული რეგიონის ქვეყანა: ჩრდილოეთით - რუსეთი, სამხრეთით - ირანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის დასავლეთისკენ იყურება,

თავისი ნავთობი ამერიკელებსაც შესთავაზა ასათვისებლად, ნატოსთან დაახლოებაზეც დაფიქრდა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომმა მისი არჩევანი დაავიწროვა”, - წერს ”ნიუ- იორკ ტაიმსი” აზერბაიჯანის შესახებ სტატიაში, სათაურით: ”ჩრდილოელი მეზობელი იღრინება, აზერბაიჯანი კი, უწინდებურად, თავის ვარიანტებზე ფიქრობს”. გაგაცნობთ ამ სტატიაში მოყვანილ რამდენიმე მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ როგორ ისახება აზერბაიჯანის პოლიტიკაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი.

ბაქოში უკვე მეორედ შედგა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საპრეზიდენტო ინაუგურაცია. 15 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აზერბაიჯანის პრეზიდენტად ის ხმების 88, 73 პროცენტით იქნა არჩეული. ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონიაზე ოფიციალურ მოსკოვს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი სერგეი ნარიშკინი წარმოადგენდა, აზერბაიჯანის უახლოესი მეზობელი ქვეყნებიდან საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის ვიცე-პრემიერი ჯემილ ჩიჩეკი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საზეიმო ცერემონიაზე ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მოსახლეობას მისთვის ნდობის მეორედ გამოცხადებისთვის და სიტყვით გამოსვლისას ძირითადი აქცენტი აზერბაიჯანის მთავარ პრობლემაზე - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - გააკეთა, მთიან ყარაბახთან დაკავშირებულ კონფლიქტზე:

[ილჰამ ალიევის ხმა] ”აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. მთიანი ყარაბახის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, ეს არ ყოფილა და არც იქნება. მთიანი ყარაბახი დამოუკიდებლობას არც დღეს მიიღებს და არც 50 წლის შემდეგ. აზერბაიჯანი მას არასდროს აღიარებს.”

საქართველოსთან ომით შერყეული საერთაშორისო ავტორიტეტის რამენაირად აღსადგენად, რუსეთი ამ ომის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობაში აქტიურობს. ”საქართველოსთან ომის შედეგად, მან კავკასიაში მტაცებლის სახე შეიქმნა და ახლა მთიანი ყარაბახის საკითხით ცდილობს მომრიგებლის სახე აღიდგინოს”, - აღნიშნავს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ახლახან, ერევანში ყოფნისას, რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით მოსკოვში მოხდეს შეხვედრა სამკუთხედის ფორმატში: მოსკოვი, ერევანი, ბაქო.. ” არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს დასავლური ენერგოპროექტების, პირველ რიგში, ”ნაბუკოს” სანაცვლოდ ყარაბახის პრობლემის გადაწყვეტაში დახმარებას ჰპირდება”, - ამბობს რადიო ”თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურის თანამშრომელი ელხან ნასიბოვი და იქვე დასძენს: ”არავინ იცის რას შესთავაზებს ერევანსა და ბაქოს მოსკოვი, ის ორივე მხარეს ჰპირდება, რომ ინიციატივა აქვს, მაგრამ რაში მდგომარეობს ეს ინიციატივა, არავინ იცის. ”

”რუსეთი, ტრადიციულად, მხარს უჭერს სომხეთს, მაგრამ დრო იცვლება”, - წერს ”ნიუ-იორკ ტაიმსი”, რომლის სტატიის ავტორსაც მოჰყავს აზერბაიჯანის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის მოსაზრება: ”რუსეთის პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: შეერთებული შტატები მოვიდა თქვენს ქვეყანაში, მიაქვს თქვენი ენერგორესურები, მაგრამ ეფექტიან მხარდაჭერას ვერ გამოგიხატავთ, ასეთ ვითარებაში რატომ არ უნდა შემობრუნდეთ ჩვენკენ? ”

შემობრუნებისთვის ”გაზპრომის” წარმომადგენელმა ბაქოს აზერბაიჯანულ გაზში ევროპული ფასი შესთავაზა; ანალოგიური შეთავაზებით უკვე რუსეთის პრეზიდენტიც გამოვიდა.. ”თუ აზერბაიჯანი რუსეთის წინადადებას მიიღებს, პროექტი ”ნაბუკო” ჩაიშლება”, - წერს ”ნიუ-იორკ ტაიმსი”. ამ პროექტის თანახმად, თურქმენული და ყაზახური ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან თურქეთში, იქიდან კი ევროპაში უნდა გადაიზიდოს. მართლაც არის თუ არა რეალური საშიშროება ამ პროექტის ჩაშლის? ვკითხეთ რადიო ”თავისუფლების” აზერბაიჯანული რედაქციის თანამშრომელს ილხან ნასიბოვს. ” აზერბაიჯანი მომხრეა ამ პროექტის, მაგრამ საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ ფრთხილობს და ერიდება ინიციატივით გამოსვლას”, - გვითხრა მან და დასძინა:

[ელხან ნასიბოვის ხმა} ”აზერბაიჯანი ყოველთვის დაიცავს საქართველოს, მაგრამ სიტუაცია ისეთია, აზერბაიჯანს არ სურს ინიციატივებით გამოვიდეს. ის თავის კურსს მშვიდად გააგრძელებს და, თუ დასავლეთი მყარად დაიცავს მთელ ამ თავის ენერგეტიკულ პროექტებს, - მათ შორის, ” ნაბუკოს”, - აზერბაიჯანი მიჰყვება დასავლეთს.”
XS
SM
MD
LG