Accessibility links

logo-print

რას შეცვლის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის მიღება?


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“,

რომელმაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებისთვის სამართლებრივი რეჟიმი უნდა განსაზღვროს. კანონის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების გარდა, ოკუპირებულად მიიჩნევა შავი ზღვის აკვატორიის ის მონაკვეთი, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ კანონი მოაწესრიგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების განკარგვისა და სამეწარმეო საქმიანობის საკითხებსაც, ხოლო ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. საკითხავია, რას შეცვლის „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის მიღება.

რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ, პარლამენტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ოკუპირებულ ტერიტორიებად, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი ოკუპანტებად გამოაცხადა. თუ პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს ვერწმუნებით, საქართველოს მოწყვეტილ რეგიონებში ვითარება არც ორი თვის თავზე, ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონების გაუქმების შემდეგ, შეცვლილა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „რუსული ჯარები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ბოლო მონაცემებით, ახალგორში ისინი ზრდიან შეიარაღებას...“

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ მოქმედება გავრცელდება ყველგან, სადაც რუსეთის საჯარისო ფორმირებები იმყოფებიან, მათ შორის, ახალგორზე, ზემო აფხაზეთსა და საჩხერის რაიონის სოფელ პერევზეც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს დააწესებს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „რაც გულისხმობს შეზღუდვას თავისუფალი გადაადგილების კუთხით, რაც გულისხმობს შეზღუდვას საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით და შეზღუდვას სამეწარმეო საქმიანობისა.“

პავლე კუბლაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, კანონს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილმა ოპოზიციამაც. დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მიღებული კანონი ერთმანეთისგან გამიჯნავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით მოქმედ კერძო თუ იურიდიულ პირებს:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „თუ იქნება დიდი მოცულობით ინვესტიციები განხორციელებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით, ეს, რა თქმა უნდა, გამოცხადდება კანონგარეშე ქმედებად და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება მოამზადებს სარჩელებს. მხოლოდ ოფიციალური თბილისის ნებართვით ექნებათ უფლება უცხოურ ფირმებს, არასამთავრობო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გასწიონ რაიმე სახის ეკონომიკური და საფინანსო აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.“ (სტილი დცულია)

ცაგარეიშვილის განმარტებით, კანონი არ შეზღუდავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ისარგებლებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებზე ზეწოლის გაძლიერებას შეძლებს:

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს დიპლომატიური არხებით, რომ საოკუპაციო ზონებად ჩვენმა პარტნიორებმაც აღიარონ ეს ტერიტორიები, არ იყოს ნებადართული ჩვეულებრივად საქმის წარმოება, ბიზნესის კეთება, ინვესტიციების განხორციელება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ წაართვეს მეზობელ ქვეყანას მიწები და მიითვისეს ეს ტერიტორიები.“

დეპუტატების თქმით, ეგრეთ წოდებულ „მითვისებულ ტერიტორიებზე“ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბდა თვისებრივად ახალი ტიპის ურთიერთობები. კერძოდ, 2008 წლამდე საქართველოში რუსეთის ჯარი დაგომისის ხელშეკრულების - ანუ ოფიციალური თბილისის ნებართვის -საფუძველზე იმყოფებოდა, ამჟამად კი მეზობელი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ხელისუფლების სურვილის წინააღმდეგ უკავია. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ალტერნატიული პროექტის ავტორი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ კანონის მიღების აუცილებლობა სწორედ ამ ახალმა რეალობამ განაპირობა:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] „არა მგონია ვინმემ სერიოზული არგუმენტი დაუპირისპიროს იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც ფაქტი, არ წარმოშობს ახალ რეალობებს და ეს ახალი რეალობები არ მოითხოვს რეგულაციას. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ წარმოიშვა ახალი ურთიერთობები, ანუ ადგილი აქვს ოკუპაციას და, მეორე, ეს ურთიერთობა ითხოვს რეგულაციას კანონის დონეზე.“

თავის მხრივ, კანონი, რომლის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“, არალეგიტიმურად ცნობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ყველა სახის ადმინისტრაციას და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასევე არაკანონიერად ჩაითვლება ამ ტერიტორიებზე დადებული ყველა ტიპის ხელშეკრულება და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები.
XS
SM
MD
LG