Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მეთვალყურეთა მანდატი რეალურ საჭიროებას ვერ უპასუხებს


ევროკავშირის 200 მეთვალყურე თითქმის ერთი თვეა ახორციელებს მისიას საქართველოში. მათ იციან, რომ მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს,

თუმცა დღემდე ისინი სრულფასოვნად ვერ ასრულებენ თავიანთ მანდატს. მათ არათუ ცხინვალსა და სოხუმში, ახალგორსა და კოდორშიც არ უშვებენ. მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელობა ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს სამოქალაქო მისიაა და მათი ამოცანა მხოლოდ ვითარებაზე დაკვირვება, ინფორმაციის მოპოვება და მისი გავრცელებაა. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მიმართ მოლოდინი მეტია, ვიდრე ამას მათი მანდატი ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია ”ჰიუმან რაითს უოჩმა” მისიის მანდატში სამართალდაცვითი ფუნქციის შეტანა მოითხოვა. ევროკავშირის მეთვალყურეთა მიმართ პრეტენზია აქვს რუსეთის ხელისუფლებასაც: გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის მეთვალყურეები უყურადღებობაში დაადანაშაულა - იმის მიმართ უყურადღებობაში, რასაც, ლავროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სჩადის.

დღეს საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის მეთვალყურეთა 4 ოფისი: ბაზალეთში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში. ევროკავშირის მეთვალყურეებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის, აგრეთვე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები სამხედრო, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში. მართალია, მოქმედი სამხედრო პირი მისიაში არ მონაწილეობს, მაგრამ არიან სამხედრო გამოცდილების მქონე პირები. პეკა კორსტრომი, ევროკავშირის მეთვალყურეთა ბაზალეთში მდებარე ოფისის ხელმძღვანელი, მისიის ფუნქციებს განგვიმარტავს. ის ამბობს, რომ მეთვალყურეები მუშაობენ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, შუაღამისასაც კი; მათი ყურადღებ მიმართულია არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებისადმი, არამედ ისინი დევნილთა მდგომარეობასაც სწავლობენ და ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ არა მარტო ევროკავშირს, არამედ საქართველოს შესაბამის უწყებებსაც აწვდიან. ევროკავშირის მეთვალყურე არ ერევა საკითხის მოგვარებაში, ის არ არის აღმასრულებელი, - ამბობს პეკა კორსტრომი, რომელიც საქართველოში პირველად გაეროს ეგიდით 1992 წლის შემოდგომიდან 1993 წლის ზამთრამდე იმყოფებოდა და, ძირითადად, აფხაზეთში საქმიანობდა. დღეს აქ იგი სამოქალაქო მეთვალყურის სტატუსით მოღვაწეობს.

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი, შესაძლოა, თავად ევროკავშირის აქტიურმა როლმა განაპირობა იმ მოლაპარაკებათა პროცესში, რომელიც აგვისტოში დაიწყო და დღემდე გრძელდება. არადა, მონიტორინგის მისიის უფლება-მოვალეობებში მართლაც მხოლოდ მონიტორინგი შედის, - არც დანაშაულის აღკვეთა, არც წესრიგის დამყარება და არც რაიმე სხვა მოქმედება, გარდა მეთვალყურეობისა, - უპირველესად კი, იმ პროცესების თვალყურის დევნება, რომლებიც პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულებას უკავშირდება.

სპეციფიკურია რუსეთის პრეტენზია ევროკავშირის მეთვალყურეთა მიმართ. რუსეთის პრეზიდენტი მონიტორინგის მისიას სამხედრო მეთვალყურეებად მოიხსენიებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი კი ევროკავშირს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტს უწოდებს და მის მეთვალყურეებს თბილისის მოქმედებების მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს:

[ლავროვის ხმა] ”ქართული მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას სამხედრო ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ და დროდადრო სპეცდანიშნულების რაზმის წევრებსა და სხვა შეიარაღებულ ფორმირებებს გზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში. ჩვენ გვაღელვებს ის, რომ ევროკავშირის მეთვალყურეები ჯერჯერობით ძალიან მცირე ყურადღებას უთმობენ ამ ასპექტებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტად გვევლინება და ასეთი მსუბუქი მიდგომა იმ ფაქტებისადმი, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარშემო ხდება, ჩვენ გვაშფოთებს. ეს არის ცეცხლთან საშიში თამაში. თუკი ევროკავშირის მეთვალყურეების კონტროლითა და ეუთოსა და გაეროს მეთვალყურეთა მონაწილეობით ამ ზონებში არ დამყარდება მკაცრად დემილიტარიზებული რეჟიმი, შეიძლება დაიწყოს მოქმედება, რომელიც სახიფათო შეტაკებებამდე მიგვიყვანს. ჩვენ, ვიმეორებ, პრაქტიკულად ყოველდღე მოვუწოდებთ კოლეგებს ევროკავშირიდან შეასრულონ ძალის გამოუყენებლობის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყონ ამ ზონებში ისეთი რეჟიმი, რომელიც გარანტიების მატერიალურ საფუძვლად იქცეოდა.”

ერთია რუსეთის მიდგომა, რომელსაც შეიძლება განაპირობებდეს უამრავი ფაქტორი და მეორე ის მოლოდინი, რაც ევროპელ მეთვალყურეთა გამოჩენას მოჰყვა საქართველოში. ადამიანის უფლებათა დამცველები სულ უფრო ხშირად საუბრობენ საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საპოლიციო ძალების ყოფნის აუცილებლობის შესახებ. ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ ”ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი გოგიამ განაცხადა. გუშინ კი ომის ზონაში არსებული სოფლებიდან დაბრუნდნენ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციებია: ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ”ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი”, ”ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტის შესწავლის კავკასიის ცენტრი”, ”ავსტრიის ჰელსინკის ფონდი”. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონათხრობიც ადასტურებს, რომ დღესდღეობით რეგიონში არსებული ვითარება მართლაც მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო აქტიურ ჩარევას, ვიდრე მხოლოდ მეთვალყურეობაა. ჰელსინკის ნორვეგიის კომიტეტის წარმომადგენელი ქართულ-ოსურ სოფელ დისევის შესახებ ჰყვება. ეს სოფელი ოსებისა და რუსების მიერ კონტროლდება. ის პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს:

[ხმა] ”ჩვენ იქ ორშაბათს ვიყავით და, ჩვენი შეფასებით, სახლების დაახლოებით სამი მეოთხედი იქ დამწვარია. ზოგიერთ სახლს ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა, რადგან ისინი სულ ახლახან დაწვეს. ისეთი სურათი იქმნება, თითქოს სადამსჯელო გეგმის აღსრულება გრძელდება. დისევში ყოფნისას ვნახეთ, რომ მოძრაობდა დიდი მანქანები, რომლებითაც ნაძარცვი გაჰქონდათ. ვესაუბრეთ რამდენიმე მოხუცს, რომელიც დღემდე რჩება სოფელში. ზოგიერთმა სოფელი სულ რაღაც ბოლო დღეების მანძილზე დატოვა, სულ ახლახან იქცნენ დევნილებად. ჩვენ შევხვდით მოხუცებულ კაცს, რომელიც ბოლო დრომდე რჩებოდა სოფელში. მისი ოჯახის წევრთა უმრავლესობამ კარგა ხნის წინ დატოვა დისევი. მის თვალწინ დაიწვა მისი ოჯახის 4 სახლი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ კაცს ემუქრებოდნენ, სცემდნენ, მაგრამ ვერ ტოვებდა სოფელს, რადგან მისი 98 წლის სიდედრი არ ტოვებდა იქაურობას. გასულ პარასკევს ამ კაცის მეუღლესა და სიდედრს სცემეს. ამის ჩამდენნი, სავარაუდოდ, ოსების გასამხედროებული ბანდის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი დაიმუქრნენ, რომ დაბრუნდებოდნენ და კაცს მოკლავდნენ. ამიტომ გასულ პარასკევს ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლ-კარი.”

ჰელსინკის ნორვეგიის კომიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთია პასუხისმგებელი ამ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე, იმისდა მიუხედავად, რუსების მიერ არის ჩადენილი ის თუ არა, რადგან რუსი სამხედროები აკონტროლებენ იქაურობას.

რამდენად ცვლის ევროკავშირის მეთვალყურეთა შემოსვლა საქართველოში ვითარებას ნაომარ ადგილებში? საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ცვლის, თუმცა ჯერ ადრეა შეფასება. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი სიმონ პაპუაშვილი კი დასძენს:

[პაპუაშვილის ხმა] ”ის ფაქტი, რომ მათი როლი, მანდატი არის საკმაოდ შეზღუდული, აისახება იმ რეალობაში, რომელსაც ადგილი აქვს ამ სოფლებში, განსაკუთრებით - განაპირა სოფლებში. მაგალითად, ერთ-ერთი სოფელი, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, ეს არის სოფელი დვანი, რომელიც საზღვარზე მდებარეობს. ამ სოფელში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, იმიტომ რომ ქართული მოსახლეობა დაბრუნდა. მეორე მხრიდან არის ოსური მოსახლეობა და, არა მხოლოდ მოსახლეობა, არიან ოსური სამხედრო ფორმირებები, რომლებიც გადმოდიან ამ სოფლის ქართულ ნაწილში და დღესაც გრძელდება იქ ქურდობა, სახლების დაწვა და ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ საკმაოდ დიდი მასობრივი გადაადგილებები და ჯავშან-ტექნიკის მობილიზება აი, ამ სოფლის საზღვართან. ანუ, ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მათი იქ ყოფნა არის პოზიტიური ნიშანი, რეალურად, მათი მანდატიდან გამომდინარე, მათი როლი არის საკმაოდ შეზღუდული. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ეს პოლიტიკურ დონეზე ვიღაცისთვის ანგარიშგასაწევი ფაქტორია, მაგრამ თვითონ იქ მყოფი ადამიანებისთვის და თუნდაც ქართული პოლიციის თანამშრომლებისთვის ან ოსური ფორმირებებისთვის, რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს არიან, იქ ევროკავშირის დამკვირვებლების ყოფნა არავითარი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის.” (სტილი დაცულია)

დღეს საქმე არა იმდენად მეთვალყურეთა მიმართ პრეტენზიას, არამედ სხვა ტიპის მისიის საჭიროებას ეხება - იმ ტიპის მისიისა, რომელზეც უკვე წლებია მიმდინარეობს საუბარი. თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ომის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჯერჯერობით მხოლოდ მეთვალყურეთა შეყვანა შეძლო.
XS
SM
MD
LG