Accessibility links

logo-print

ქართული გაზეთები ახალ მოსალოდნელ სამხედრო პროვოკაციებზე საუბრობენ


დღეს გამოსული ქართული ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდისა და

ქართული ჯარისა და პოლიციის საპასუხო მზადების სავარაუდო მიზნები მოექცა. „განმეორებითი თავდასხმის საფრთხე“ - ასე აფასებს შექმნილ ვითარებას გაზეთი „24 საათი“. მის მიერ გამოკითხული ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აზრით, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის, სამხედრო მოქმედებების ხელახალი ესკალაცია. საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს პროფესორ დავით აფრასიძეს „არაპროგნოზირებადი რუსეთის“ თაობაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს. მისი აზრით, საფინანსო კრიზისის ფონზე, წესით, რუსეთი არ უნდა იყოს დაინტერესებული კრიზისის გამწვავებით, თუმცა მისი აზრით, რუსეთს არც კრიზისის განმუხტვა აძლევს ხელს. დავით აფრასიძე მცირემასშტაბიან პროვოკაციებს არ გამორიცხავს.“

მოსალოდნელია თუ არა შეიარაღებული შეტაკების მეორე რაუნდი – ასე საკითხს გაზეთი „რეზონანსი“ სვამს. მისი ერთ-ერთი რესპონდენტი კი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარება სერიოზულ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუმცა ექსპერტთა ნაწილი - მაგალითად, გიორგი თავდგირიძე - თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანას უკავშირებს არა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ სამხედრო პროვოკაციებს, არამედ 7 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას. საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავს ირაკლი სესიაშვილი: „ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდებოდეს 7 ნოემბერს. ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა დღეს იმდენად უსუსურია, რომ საკუთარ ხალხს ძალას ვერ დაუპირისპირებს. კარგი იქნება, თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდება. რადგან საფრთხეები არსებობს, სანამ სიტუაცია მაქსიმალურად არ დარეგულირდება, სასურველია ჩვენი შეიარაღებული ძალები იყვნენ მუდმივ მზადყოფნაში“, - უთხრა „რეზონანსს“ ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა. აქვე შევნიშნავთ, რომ, გაზეთის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლას უარყოფს, თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხეს ადასტურებს.

დღეს გამომავალი თითქმის ყველა გაზეთი აქვეყნებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ღია წერილს, რომლის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. წერილის თანახმად, წაგებული ომით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მედიასა და ბიზნესზე დამყარებული კონტროლით, რეალურად ერთპარტიული და ფიქტიური პარლამენტითა და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტრუქციებზე დამოკიდებული სასამართლოთი სახელმწიფო ურთულესი პოლიტიკური კრიზისის ფაზაში შედის: „ შეუძლებელია მშვიდობისა და საქართველოს გამთლიანებისაკენ რეალური სვლა განხორციელდეს იმავე პოლიტიკით, მართვის იმავე სტილით, მეთოდებით და იმავე პოლიტიკური გუნდით, რომლის დროსაც დაიწყო და ტრაგიკული მარცხით დამთავრდა ეს ომი.“ წერილის ბოლოს ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ იბრძოლებს, რათა რევოლუციის 5 წლის შემდეგ ქვეყანაში არ იდგეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა სტაბილურობა, სამართლიანობა და თავისუფლება.

„სააკაშვილის ხელისუფლება მალე აღარ იარსებებს“ - ასეთ პროგნოზს გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. „ ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა მოვამზადოთ ალტერნატივა, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება დიდხანს ვეღარ გაძლებს და თავის თავს ჩაძირავს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე მუდამ ვაცხადებდი, რომ ამ ხელისუფლების გადარჩენის შანსია ძალაუფლების გადანაწილება, რაც ხდება ყველა კრიზისში შესულ ქვეყანაში. საქართველო კი ღრმა კრიზისშია. ეს კრიზისი კი არა, ქვეყნის დანგრევაა. საქართველოში ძალაუფლება უნდა გაიყოს და გადანაწილდეს“, - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „ახალ თაობას“.
XS
SM
MD
LG