Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია საჯარო პირების დაკითხვას იწყებს


პირველი საჯარო პირი, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული

სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრების შეკითხვებს გასცა პასუხი, საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გელა ბეჟუაშვილი იყო. კომისიის 25 ოქტომბრის სხდომაზე, ბეჟუაშვილის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილიც მიიწვიეს.

წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომები საჯაროა, თუმცა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ღიაა, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსმენისას კი სხდომა იხურება. ასე მოხდა საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის გელა ბეჟუაშვილის, ეგრეთ წოდებული, დაკითხვის დროსაც. მისი მისამართით დახურულ სესიაზე დაისვა, მაგალითად, შეკითხვა, ვისი მეშვეობით აპირებდა რუსეთი საქართველოში მმართველობის შეცვლას და ჰყავდა თუ არა მას მოკავშირეები და დასაყრდენი ადგილზე. ამ შეკითხვაზე პასუხი ცნობილი არ არის, ისევე როგორც მომდევნოზე, რომელიც კომისიის წევრმა, ქრისტიან–დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ დასვა:

[ლევან ვეფხვაძის ხმა]“ ბატონო გელა, ერთი მსუბუქი კითხვა უნდა დაგისვათ, იმიტომ რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი მითქმა–მოთქმაა და ათასი ჭორი არსებობს. თუ გახსოვთ თქვენი მონაწილეობა ბატონ პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრის დროს. ბატონმა პუტინმა ცალკე რაღაცა გითხრათ და სულ არის ეს ჭორი და მითქმა–მოთქმა, რა გითხრათ თქვენ ბატონმა პუტინმა პირადად. მაშინ იყავით, სხვათა შორის, ახალი დანიშნული ამ თანამდებობაზე.“(სტილი დაცულია)

საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის გელა ბეჟუაშვილის მისამართით დასმული შეკითხვები, ძირითადად, შეეხებოდა იმას, ჰქონდათ თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებს რუსეთის მხრიდან საომარი ესკალაციის საფრთხეებზე წინასწარი ინფორმაცია. როგორც გელა ბეჟუაშვილმა განმარტა, რუსეთმა პრინციპული გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღების შესახებ ჯერ კიდევ 2007 წლის მეორე ნახევარში მიიღო, რასაც მოგვიანებით მოჰყვა პროვოკაციების ნაკადი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]“შექმნილი იყო ასეთი ესკალაციისთვის აუცილებელი რესურსები, სეპარატისტული ფორმირებების მომზადება, მათი შეიარაღება, წვრთნა, კაზაკთა და ჩრდილოკავკასიელთა ფორმირებების მობილიზება და მათი სხვადასხვა დროს შეყვანა მოკლე პერიოდით ორივე კონფლიქტურ ზონაში. ხდებოდა რუსული ძალების კონცენტრაცია საქართველოს საზღვრების სიახლოვეს და მათი მზადყოფნის უპრეცედენტო გაძლიერება, რეგულარული წვრთნები, აღჭურვა, დაკომპლექტება, ინფრასტრუქტურა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიღებული ჰქონდათ ბრძანება კონკრეტული, დაეწყოთ საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში. წინასწარ შემუშავებული გეგმების მიხედვით, ამ ესკალაციისთვის ყველაფერი კეთდებოდა.“(სტილი დაცულია)

საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობაში არსებობდა პოლიტიკური ნება საქართველოს წინააღმდეგ და კონფლიქტის ზონებში დაგეგმილი ინტერვენციაც ლამის 2–3 წლის განმავლობაში მზადდებოდა. რაც შეეხება აგვისტოს მოვლენებს, გელა ბეჟუაშვილის თქმით, ცხინვალის ზონაში რუსული სამხედრო შენაერთების შეყვანა 7 აგვისტოს 3.41 საათზე და 3.52 საათზე მოხდა. ინფორმაცია დაზვერვის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა; თავის მხრივ, დეპარტამენტმა ამ ძალების როკის გვირაბიდან ზნაურისა და ცხინვალის მიმართულებით გადაადგილება დაადასტურა. 7 აგვისტოსვე დადასტურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოზდოკის აეროდრომი სამხედრო თვითმფრინავებით შეივსო:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]“ მათ შორის, ქალაქ ივანოვოდან - ეს არის მოსკოვის ოლქი - ა–50-ის - ეს არის ავაქსის ტიპის თვითმფრინავი - დაშვება ქალაქ მოზდოკში. ინფორმაცია ჩვენ მივიღეთ 7–ში, მაგრამ ეს ინფორმაცია ამბობდა იმას, რომ 4–ში და 5–ში - 4–5 აგვისტოს - თვითმფრინავი იქნა გადმოსროლილი ივანოვოდან მოზდოკის აეროდრომზე. ეხლა რატომ არის საგულისხმო ეს ფაქტი. ეს არის შორეული რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავი, რომელიც, მათ შორის, ახორციელებს ცეცხლის მართვას - ცეცხლის მართვას არტილერიის, ასევე სარაკეტო კომპლექსების.“(სტილი დაცულია)

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა: მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის დღისა და ვადის დადგენა ნებისმიერი დაზვერვის უწყებისთვის რთულია, ვითარების ესკალაციას ჩვენი სამსახური სექტემბერ–ნოემბერში ვარაუდობდაო. თუმცა მოსალოდნელი აგრესიის მასშტაბების განსაზღვრა მაინც ძნელი იყო. მაგალითად, სამსახურს არ ჰქონდა ინფორმაცია ფოთში, სენაკსა და ზუგდიდში მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებო:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]“ ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ გალის რაიონში, ოჩამჩირის რაიონში და ტყვარჩელის რაიონში მიმდინარეობდა სერიოზული კონცენტრაცია ძალების. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კოდორის ხეობაზე იგეგმებოდა თავდასხმა. რაც შეეხება ფოთს და სენაკს, კონკრეტული სადაზვერვო ცნობები ამის თაობაზე ჩვენ არ გვქონდა. ანალიზი ცხადყოფდა, რომ ის სამშვიდობოები, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ ენგურს აქეთ, იყო რუსეთის პოსტები, ალბათ, იქნებოდა სამიზნე კოდორის აღების ოპერაციის შემთხვევაში.“(სტილი დაცულია)

საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის განმარტებები შეეხებოდა ასევე საქართველოზე რუსული აგრესიის მოტივაციას, კერძოდ, მიზანს, მიეღწიათ საქართველოს დასავლური ორიენტაციის შეცვლისა და რუსულ ორბიტაში მისი დაბრუნებისათვის. ამ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმაც, რომელიც 25 ოქტომბერს გელა ბეჟუაშვილის შემდეგ წარდგა კომისიის სხდომაზე. როგორ ფუნქციონირებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთი მხრივ, რუსული აგრესიის პრევენციის, მეორე მხრივ კი, აგვისტოს მოვლენების შემდეგ საერთაშორისო არენაზე დიპლომატიური აქტივობის მიმართულებით? ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხების გარდა, მინისტრმა განმარტა ისიც, თუ რატომ არ გაკეთდა დაუყოვნებლივ საჯარო განცხადება 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსული საჯარისო ნაწილების როკის გვირაბით სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა]“ მაქსიმალურად ვცდილობდით ჩვენ, რომ შემოტრიალება მომხდარიყო ვითარების საიმისოდ, რომ ჯერ კიდევ ამას ომის სტატუსი რუსეთთან არ შეეძინა, პირდაპირი გაგებით. და კვლავ გვეცადა, რუსეთთან პირდაპირი კონტაქტით თუ საერთაშორისო ჩართულობის თვალსაზრისით, დაგვეცხრო ვითარება, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს არ გადაზრდილიყო ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციაში საქართველოში. ამიტომ პირდაპირი სახელწოდების თვალსაზრისით, რომ უკვე სახეზე იყო სამხედრო ინტერვენცია შვიდშივე, დღის პირველ ნახევარში, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, ამ მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.“(სტილი დაცულია)

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის წევრები საგანგებოდ დაინტერესდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოებთან მუშაობის, განსაკუთრებით კი რუსეთში საქართველოს საელჩოსთან კოორდინირებისა და ოპერატიული ინფორმაციის მიღების მდგომარეობით. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, რუსეთში საქართველოს ელჩი ყოველთვის სრულად ვერ ართმევდა თავს პოლიტიკურ წრეებთან საქმიანობას. დაბოლოს, დაისვა კითხვა, აგვისტოს მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მართლაც გააფრთხილა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თავი აერიდებინა რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის გამწვავებისთვის. ამ კითხვას, რომელიც პარლამენტის დროებით კომისიაში საზოგადოების სახელით დაისვა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასე უპასუხა:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა]“ გაფრთხილება რამდენად შეიძლება ეწოდოს ამას, არც კი ვიცი ჯეროვნად, რადგან ზოგადი ურთიერთგაგება ორივე მხარეს შორის საიმისოდ და, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, შეხსენება ამერიკული მხარის მხრიდან, რომ მოულოდნელი არ იქნებოდა არავისთვის, მათ შორის არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ რუსეთი შეეცდებოდა მანიპულირება მოეხდინა ადგილზე იმისთვის, რომ განგრძობადად პრობლემა აქტივიზირებული შეენარჩუნებინა და, შესაბამისად, პროვოკაციები განეხორციელებინა და ამას ჩვენ თავშეკავებით უნდა შევხვედროდით, საიმისოდ, რომ ესკალირება ფართომასშტაბიანი პრობლემის არ მომხდარიყო.“(სტილი დაცულია)


[







XS
SM
MD
LG