Accessibility links

logo-print

ეკა ტყაშელაშვილი თავს ახალი კაბინეტის წევრადაც ხედავს. ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან


რადიო თავისუფლება: მოგესალმებით ქალბატონო ეკა აქ, პრაღაში, "რადიო თავისუფლების" შტაბ-ბინაში. გუშინ თქვენ შეხვდით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს,

პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა ოფიციალურ პირებს. რა იყო ჩეხეთში თქვენი ვიზიტის მიზანი და თუ შეიძლება შეხვედრების გამოკვეთილ შედეგებზე საუბარი? 1 იანვრიდან ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ამდენად, მისი პოზიცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანია...



ეკატერინე ტყეშელაშვილი: ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებზე მეტად, ბუნებრივია, განვიხილეთ ევროკავშირთან მიმართებით საკითხები. მართალს ბრძანებთ, ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება იანვრიდან მოყოლებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კონსულტაციები გაგვევლო ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მიმართებით. იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხის განვრცობა და ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად თავის თავზე აღება, რომ იყოს ჩართული როგორც მედიატორი კვლავ ამ საკითხთან მიმართებაში და, ბუნებრივია, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რომელიც, ჩვენის აზრით, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს დღეის ვითარებით. ძალიან კარგი პოლიტიკური სიგნალებია და ეს უკვე საქმეში უნდა აისახოს ისე, რომ მალე შედეგიც დავინახოთ.

რ.თ.: თუ იყო ორმხრივი ურთიერთობების საკითხები?

ე.ტ.: ორმხრივთან მიმართებით, საკმაოდ ნათელი და გარკვეულია ჩვენს შორის ურთიერთობები. პარლამენტში შეხვედრაც ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ორივე პოლიტიკური ფრთა მოვიცავით შეხვედრების მრავალფეროვნების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური სპექტრი მთლიანობაში საკმაოდ მყარად, მეგობრულად და პარტნიორულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში.

რ.თ.: გმადლობთ, ვიდრე საერთაშორისო პოლიტიკას დავუბრუნდებოდეთ, ერთი შეკითხვა საქართველოს საშინაო მოვლენებზე მინდა დაგისვათ. გუშინ თანამდებობა დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ. მალე საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. ხედავთ თუ არა საკუთარ თავს მის შემადგენლობაში და რა შეგიძლიათ გვითხრათ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელებულ კანდიდატურაზე, გრიგოლ მგალობლიშვილზე, რომელსაც, როგორც თურქეთში საქართველოს ელჩს, თქვენ კარგად უნდა იცნობდეთ.

ე.ტ.: გეგა არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი ადამიანი. ადამიანი, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს არაერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებით დაგვანახა ყველას ჩვენ და ქართულ საზოგადოებასაც, რამდენად მაღალი დონის პროფესონალია. თურქეთში მისი მოღვაწეობა იყო ძალიან მრავალფეროვანი. დიპლომატია მოიცავს არა მარტო უშუალოდ ისეთ დიპლომატიურ საკითხებს, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს ეხება, არამედ ეკონომიკურ საკითხებსაც. თურქეთიდან წამოსული ინვესტიციები საქართველოში და მათი მოცულობა და დაინტერესება თურქეთისა ამ საკითხებით... ამ მხრივ გეგას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ მისი გამოცდილება და კომპეტენცია მე აბსოლუტურად არ მიტოვებს კითხვის ნიშანს, წარმატებული იქნება თუ არა ის, როგორც პრემიერი. დარწმუნებული ვარ, იგი ძალიან კარგი პრემიერი იქნება ამ კუთხით. პრეზიდენტმა გუშინ ძალიან ნათლად ახსნა, ჩემი აზრით, რას მოიცავს ეს ცვლილებები, რა პოზიტიური როლი შეასრულა ბატონმა ლადომ ომის ვითარებაშიც საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნების და შემდგომი რეაბილიტაციისთვის საფუძვლის შესაქმნელად და რამდენად იქნება მისი როლი მნიშვნელოვანი მომავალშიც ამ მიმართულებით. რაც შეეხება ჩემ თავს, მე ბოლო პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრჯერ მიწევდა მოღვაწეობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ამიტომ მე ჩემს თავს ჩემი კუთხით მოვიაზრებ ადამიანად, რომელსაც შეუძლია თავისი სურვილის და კვალიფიკაციის შესაბამისად ყოველთვის თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ინტერესების უკეთ დაცვაში.

რ.თ.: ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ საქართველოში. ამ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, როცა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შეკითხვებს პასუხობდით, თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენცია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ნამდვილი შოკი იყო, და სწორედ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დაგვიანებული საერთაშორისო რეაქციის მიზეზი. უცხოელ კოლეგებთან მრავალრიცხოვანი შეხვედრებიდან როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ: შოკიდან გამოსვლის შემდეგ რამდენად რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი საქართველოს საკითხი პრობლემად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის?

ე.ტ.: რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი საქართველო პრობლემად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რჩება და რჩება იმდენად, რამდენადაც ამით კვლავ და კვლავ ნათელია ის, რომ რუსეთის ის ამბიციები და ის მიზნები, რისთვისაც მან საერთოდ განახორციელა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, კვლავაც დღის წესრიგშია. რამდენადაც ეს დღის წესრიგში იქნება, ეს იქნება ყოველთვის საფრთხე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ამაზე შეიძლება ნათლად ბევრი თავის განცხადებებში არ ლაპარაკობდეს, მაგრამ მერწმუნეთ, პოლიტიკური აღქმა ამისი არის აბსოლუტურად ადეკვატური საერთაშორისო თანამეგობრობაში.

რ.თ.: ომის პირველ დღეებში საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხშირად ისმოდა განცხადებები, რომ თუ რუსეთს გაუვა ძალადობა საქართველოზე, შემდეგ ეს სხვა "ურჩ" პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც გავრცელდება. როგორ ფიქრობთ, რჩება თუ მოიხსნა ეს შიში? და, საერთოდ, რუსეთის გაზზე დამოკიდებულების პირობებში რამდენად რეალისტურია იმაზე ფიქრი, რომ ტრადიციული ევროპელი მოკავშირეების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გაგრძელდება?

ე.ტ.: ის, რომ ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია, აბსოლუტურად ნათელია. იგივე მოვლენები, რაც უკრაინაში ხდება, ამის ნათელი მაგალითია. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობას სწორი აღქმა აქვს იმისი, რომ თუ გაუვა რუსეთს ის ქმედებები, რაც მან საქართველოში განახორციელა, ეს იქნება საწყისი იმისა, რომ სხვა ქვეყნებშიც შესაძლოა მან ანალოგიური ნაბიჯები გააკეთოს. ანალოგიური პოლიტიკური მიზნებიდან გამომოდინარე, თორემ არ არის აუცილებელი, ყველგან სამხედრო ინერვენცია განახორციელოს. მაგრამ მთლიანობაში მისი ეს ამბიცია რომ სახეზეა, ეს ნათელია. რაც შეეხება რუსეთის გაზზე დამოკიდეუბლებას, ამ მხრივ რუსეთის გაზზე შესაძლოა ევროპა იყოს დამოკიდებული მაგრამ რუსეთიც დიდწილად არის დამოკიდებული ევროპაზე. ამიტომ ეს არის ის რთული მაგრამ დახვეწილი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ევროპამ ძალიან სერიოზულად უნდა განვლოს და ეს თავისი ფაქტორიც უნდა გამოიყენოს საამისოდ. ის ფინანსური კრიზისი, რაც დღეს მსოფლიოს მასშტაბით სახეზეა, ყველასთვის ძალიან დიდი პრობლემაა, თუმცა რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტად. რადგან სწორედ იმ ნაბიჯების გამო, რაც მან საქართველოში განახორციელა, ფინანსური კრიზისი რუსეთში გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის არის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც კრიზისი სახეზეა. ამიტომ რუსეთისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსტრუქციული და პარტნიორული დამოკიდებულება უფრო აქტუალური გახდება დროთა ვითარებაში და ამას აუცილებლად გამოიყენებს საერთაშორისო თანამგეობრობა.

რ.თ.: პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოსვლისას, თქვენ ახსენით რატომ არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ომის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება 7 აგვისტოს. "ჩვენ მაშინ ვცდილობდით შემობრუნებას და სიტუაციისთვის ომის სტატუსის შეძენის თავიდან აცილებას” - ასეთი იყო თქვენი პასუხი შეკითხვაზე, რატომ 7-შივე არ თქვა საქართველომ, რომ რუსეთმა ომი დაიწყო. ეს ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ რამდენად ჩააყენეთ საქმის კურსში დასავლელი პარტნიორები? რატომ საუბრობენ ისინი რუსეთის "გადაჭარბებულ რეაქციაზე" და ზოგჯერ იმაზეც, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა, როცა რუსეთის პროვოკაციას აჰყვა?

ე.ტ.: განცხადებების დონეს ვგულისხმობთ, როდესაც ვლაპარაკობთ, ღიად რატომ არ განვაცხადეთ ომის შესახებ. თუმცა მე იქვე აღვნიშნე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 7 აგვისტოს საჯარო განცხადებაში უკვე აღნიშნული იყო საკმაოდ ნათლად, რომ როკის გვირაბიდან შემოსული სამხედრო ტექნიკის მეშვეობით და ადამიანური რესურსის მეშვეობით ახორციელებდნენ სეპარტისტები იმ შეტევებს და დაბომბვებს სოფლებზე, სადაც შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობა იყო. ამიტომ უკვე მაშინაც ჩვენს განცხადებაში ნათლად იყო მინიშნება იმისა, რომ ეს ტექნიკა, ადამიანური რესურსი... როკის გვირაბიდან უკვე დაწყებული იყო მათი შემოსვლა. ღია განცხადება უკვე, ბენებრივია, აბსოლუტურად პირდაპირ ომის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი იქნებოდა რუსეთთან მიმართებაში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ უშუალო კონტაქტების დროს და დიპლომატიური არხებით მუშაობისას ამის შესახებ სრული ინფორმაცია არ იყო ჩვენი პარტნიორებისთვის მიცემული. აქ გასათვალისწინებელი არის ის, რომ თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც ინფორმაიციას იღებს ჩვენგან, ეს ჩვენგან მიწოდებული ინფორმაცი არის. ბუნებრივია, მათ დრო სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ინფორმაციის გადამოწმება მომხდარიყო, ინფორმაცია შეკრებილიყო და სრული ანალიზი გაკეთებულიყო. ამიტომაც იმავდროულად მკვეთრი განხცადებები შეიძლება ყველასგან არ ყიფილა გაკეთებული და გარკვეული დრო ამისთვის დასჭირდათ. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს მიერ განხორციეელებული ქმედებებისთვის კითხვისი ნიშნის დასმას, ნაწილობრივ ეს შესაძლოა მათი პოლიტიკური არჩევანი იყოს, რას რა კვალიციკაცია მიანიჭონ და არა ის, თუ რეალურად რა სჯერათ ფაქტებთან მიმართებაში. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად ღია ვართ სერიოზული საერთაშორისო კომისიის შექმნისთვის, რომელიც სრულად გამოიძიებს კონფლიქტის მიზეზებს, კონფლიქტის მიმდინარეობას და ადამიანის უფლებების იმ დარღვევებს, რასაც ეთნიკური წმენდა ჰქვია.


რ.თ.: საქართველომ წარმოადგინა გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, როგორ შემოდიოდნენ 7-ში საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები, ამის შემდეგ იყო შეფასებები დასალეთში, რომ რუსეთის რეაქცია იყო გადაჭარბებული... რატომ გაჩნდა ასეთი შეფასება, საქართველოს მტკიცებულებები არ იყო დამაჯრებელი?

ე.ტ.: დასავლეთის ნაწილს აქვს ასეთი აღქმა: ძალიან ღია და პირდაპირი დაპირისპირება რუსეთთან შესაძლოა კონტრპროდუქტიული იყოს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ დიალოგი რაღაც დოზით უნდა შევინარჩუნოთ და ამ გზით მივაღწიოთ როგორმე რუსეთის შემობრუნებას. ის ნაწილი, რომელიც რუსეთის ასეთი ღია სახის ქმედებებს აბსოლუტურად ნათელ კვალიფიკაციას არ აძლევს, როგორც ჩანს, ამ იმედს იტოვებს. იმედს, რომ შერბილებული რეაქციის საფუძველზე, შესაძლოა, მასთან დიალოგი უფრო ადვილი გასამართი იყოს. ამას გარდა არის პოლიტიკური არჩევანის საკითხიც. არიან ქვეყნები, რომლებიც მიიჩნევენ , რომ რუსეთთან ღია დაპირისპირება მათთვის საზიანოა. ამიტომ ეს პოლიტიკური არჩევანის საკითხიც არის...

რ.თ.: 7 აგვისტომდე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა განცხადებები, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალები დაპირისპირებაში არ ერეოდნენ, ერთგვარად განზე იდგნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ კოკოითის "თავგასულობის" გამო. რა იყო ეს? მართლა ეგონა ვინმეს ხელისუფლებაში, რომ რუსეთის მშვიდობისდამცველები ნეიტრალურ პოზიციაზე დადგნენ, თუ ესეც ომის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული დიპლომატიური მანევრი იყო?

ე.ტ.: იმ დროისთვის ეს ფაქტების აღწერა ოყო. რეალურად ისინი ამას ამბობდნენ და მათი სიტყვების გადახალისებას ვერ განვახორციელებდით. ჩვენ აღვწერდით იმას, რასაც ისინი ამბობდნენ, თუმცა შეფასებით ნაწილში ვამბობდით, რომ ის, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, რუსეთიდან, როკის გავლით შემოსული ტექნიკით და ადამიანური რესურსით ხდებოდა. შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს იყო ტაქტიკური სვლა რუსეთის მხრიდან, რომ რუსებს თავის თავზე არ აეღოთ იმ დროს თითქოსდა სეპარატისტების მიერ განხორციელებული დაბომბვები სოფლების, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა.

რ.თ.: წინასწარ თუ ხდებოდა იმის ანალიზი, რომ სწორედ ამ ტაქტიკით მიდიოდა რუსეთი და რომ სამშვიდობო ძალების პოზიცია იყო ერთგვარი ხაფანგი?

ე.ტ.: ნდობა იმის, რომ რუსეთი მართლაც ვეღარ აკონტროლებდა სეპარატისტებს, არ გვქონია. აბსოლუტურად არარელური იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ სეპარატისტები მოსკოვის კონტროლიდან გასულები იყვნენ. მით უმეტეს მაშინ, როცა რუსი ეროვნების და რუსეთიდან მოვლინებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული სეპარატისტული მთავრობა. რაც შეეხება სამშვიდობოებს, ისინი მონაწილეობდნენ თუ არა უშუალოდ დაბომბვებში, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონია. კულახმეტოვის 500-კაციანი რაზმი მონაწილეობდა თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. როკის გვირაბიდან შემოსული სამხედროები და მათი ტექნიკა მონაწილეობდა ამ პროცესებში.

რ.თ.: საკმარისად ვილაპარაკეთ წარსულზე, ახლა რაც შეეხება მომავლს. წინ არის ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. თქვენი ინფორმაციით, ჟენევის შემდეგი რაუნდის წინ მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები რუსეთსა და საქართველოს დასავლელ პარტნიორებს შორის? რუსეთი ითხოვს პროცესში სეპარატისტების ჩართვას, საქართველო ამის კატეგორიული წინააღმდეგია. სად არის გამოსავალი და რესურსი მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის?

ე.ტ.: კონსულტაციები მიმდინარეობს, ევროკავშირის წარმომადგენელი პიერ მორელი აწარმოებს ყველა მხარესთან მოლაპარაკებას. ჩვენს პრინციპულ მოსაზრებებში ცვლილებები არ იქნება. თუმცა, ყველამ აღნიშნა ჩვენი კონსტრუქციულობა, ის, თუ რამდენად მოქნილები ვიყავით მოლაპარაკებების დაწყებისთვის. ამ მხრივ შეკითხვები ჩვენი პარტნიორების მცრიდან არ არსებობს. ახლა მთავრია, მოხდეს რუსეთის დარწმუნება, რათა მან პროცესში კონსტრუქციული როლი დაიკავოს და ისეთ ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის, მაგალითად, პირობების შექმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის, დიალოგი დაიწყოს.

რ.თ.: უდიდესი საერთაშორისო მხარადჭერის გამოვლინება იყო ბრიუსელის დონორთა კონფერენციის გადაწყვეტილება, საქართველოს აღსადგენად 4,5 მილიარდი დოლარი გამოეყო. ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხვათ, რამდენადაც საზოგადოებაში ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ამ მილიარდებით ხომ არ სცადა დასავლეთმა, ერთგვარად დაეშოშმინებინა საქართველოს მთავრობა, იმისთვის, რომ უკანა პლანზე გადაიწიოს რუსეთის, როგორც ოკუპანტის საკითხმა?

ე.ტ.: აბსოლუტურად არა. იმავე დონორთა კონფერენციაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პარტნიორების გამოსვლები: საფრანგეთის, ევროკომისიის წარმომადგენლების და ასე შემდეგ. ყველასი, ვინც საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა. პირდაპირ ითქვა, რომ ეს დახმარება არის არა მხოლოდ ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერის გამოხატულება, არამედ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იმისთვის რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა. საფარანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იყო ცალსახა. მან თქვა, რომ არის სერიოზული პრობლემები რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ უნდა გადაწყდეს ახალგორის და პერევის საკითხი. ასევე აფხაზეთის რეგიონი ახსენა, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ნათქვამი კოდორის ხეობას ეხებოდა. კუშნერმა ხაზგასმით თქვა, რომ ევროპა არ შეეგუება დამკვირვებლების შეზღუდვას საქართველოში რუსეთის მიერ განსაზღრულ ბუფერულ ზონებში. რომ დამკვირვებლები უნდა შევიდნენ უშუალოდ კონფლქტის ზონაში.

რ.თ.: შეერთებულ შტატებში სულ მალე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. საქართველოში საზოგადოების კარგა მოზრდილი ნაწილი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელთა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა უფრო ქმედითი იქნება. რამდენად დამოკიდებული იქნება, თქვენი აზრით, ვაშინგტონის მხარდაჭერა იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს - ჯონ მაკკეინი თუ ბარაკ ობამა?

ე.ტ.: ამერიკის შეერთებული შტატები არის ისეთი ქვეყანა, რომელშიც ქვეყნის სტრატეგიული ამოცანები არის გადამწყვეტი. იმდენად ნათელია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ხედვა საქართველოსთან მიმართებაში, რომ რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციაში, მე გადამწყვეტ სხვაობას ამ მხრივ ვერ ვხედავ. აუცილებლად იქნება მყარი დახმარება იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც აუცილებლად შეძლებს ყველა იმ პრობლემის გადაჭრას, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით გააჩნია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG