Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას ეხმაურება. ”ალია” ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ეკითხება

გრიგოლ მგალობლიშვილის შესახებ. რამაზ კლიმიაშვილი: ”ერთი რამ ვიცი ნამდვილად, რომ გეგა, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, მოისურვებს ბევრი რამ გააკეთოს. შეძლებს თუ არა, ეს უკვე მასზე აღარ არის დამოკიდებული”. სოსო ცისკარიშვილი: ”სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ გეგა მგალობლიშვილისნაირი ღირსეული ახალგაზრდა კაცები საქართველოს თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავს. როგორც ”ჯარისკაცის მამაში” სერგო ზაქარიაძის გმირი გერმანიაში შემთხვევით ნანახ ვენახს ეფერება, მეც ისე მოვეფერებოდი დღეს გეგას: ”აქ რამ მოგიყვანა, შენ დალოცვილო შენა...” თავისთავად, უმაღლესი რანგის დიპლომატი, მოსწყვიტეს მის საქმიანობას”, - ამბობს ცისკარიშვილი. დავით გამყრელიძე: ”მე მგონი, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ყოველი შემდეგი პრემიერი არის რეალურად სრულიად უცნობი ადამიანი”, - ამბობს გამყრელიძე და დასძენს: ”გაურკვეველია, ვინ არის ეს ადამიანი, რა გამოცდილება აქვს, რა პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია და ა.შ. მე მგონი, მას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში, ვინ ვინ არის და ამით სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა დემონსტრირება, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს წყვეტს, არის თავად სააკაშვილი”. ლეიბორისტ გიორგი გუგავას ინფორმაციით, მგალობლიშვილი პრეზიდენტის დედის პროტეჟეა. გიორგი თარგამაძე ახალი პრემიერისგან აქტიური პოლიტიკური ამბიციის გამოვლენას არ ელის. ”ეროვნული ფორუმის” წევრი, ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი კი ამბობს: ”არ ვიცი, ატუზეს, კენჭი ყარეს, თუ რა ქნეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვალოდია ჯინჭარაძე გვყავს პრემიერ-მინისტრად”.- ექსპერტთა და პოლიტიკოსთა მოსაზრებებს ახალ პრემიერ-მინისტრზე ”ალია” ბეჭდავს.

”ახალი თაობა”: ”დიპლომატ მგალობლიშვილით ბიზნესმენ გურგენიძის ჩანაცვლება, შეიძლება ითქვას, არანაირი ტაქტიკური მანევრი არ იყო პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა ამბობენ, რომ შეიძლება ეს კადრების პრობლემითაც იყოს გამოწვეული. ნოღაიდელი გურგენიძემ ნოემბრის მოვლენების შემდეგ ჩაანაცვლა”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი. ამავე გაზეთში დღეს რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. საუბარი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასაც შეეხება. ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ გამოძიებას სიმართლე არ აინტერესებს: ”ეს არის სპექტაკლი, რომელშიც ორი მხარე მონაწილეობს, მაგრამ მესამეც სჭირდებათ - მაყურებელი”. ბერძენიშვილის აზრით, ხელისუფლებას კომისია დემოკრატიულობის სურათის შესაქმნელად სჭირდება. ”ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მხარეს ბრალი დაედო ომის დაწყებაში. შესაბამისი დოკუმენტი არის ევროსაბჭოს მიერ მიღებული. ამაზე გვინდა პასუხი, თუ სააკაშვილს პასუხის გაცემა შეუძლია. დანარჩენი არ არის საინტერესო, ვინ რა კითხვას დასვამს და რა დიდი გამომძიებელი იქნება გენერალი ”ჩვენ თვითონ” და რა დიდი ხალხი დაიკითხება მის მიერ”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

პრესა წერს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებაზეც. ”24 საათი”: ”იმ პრეტენზიებიდან უმთავრესი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბურჯანაძე ღია წერილით უყენებდა ხელისუფლებას, მას შეუძლია საკუთარ თავსაც წაუყენოს”. თუმცა, წერილის ავტორის აზრით, ”ყველაფრის მიუხედავად, მისი ოპოზიციაში წასვლა პოზიტიური მოვლენაა. გაჩეჩილაძის შემდეგ მთავარი ოპონენტის როლში ბურჯანაძე ქართული დემოკრატიისთვის ნამდვილი წინსვლაა, თუმცა - რამდენად დიდი, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება”, - წერს ”24 საათი”.

”რეზონანსი” წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაღესტნიდან კახეთში რამდენიმე ათეული ლეკი ჩამოვიდა და თავს ყვარლის რაიონის ლეკურ სოფლებში მცხოვრებ ნათესავებს აფარებენ. ჩამოსულთა ცნობით, დაღესტანში - კერძოდ კი, მახაჩყალის რაიონში - უაღრესად დაძაბული ვითარებაა. სამხედრო ხელისუფლების ბრძანებით, ადგილობრივი სამართალდამცავები 18-დან 38 წლამდე მამაკაცებს შეიარაღებულ ძალებში მასობრივად იწვევენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი აკავებენ. ”რეზონანსიდანვე” მკითხველი შეიტყობს, რომ 30 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ ინგუშები. ”როგორც ინგუშეთიდან დევნილი ბაგაუდინ ბარახოევი აცხადებს, ყველა, ვინც ”წინააღმდეგობის ორგანიზაციასთან” კავშირში შეამჩნიეს, ან საერთოდ გაუჩინარდა, ანდა რამდენიმე დღით გაქრება და შემდეგ სახლში სასტიკად ნაცემი ბრუნდება”, - წერს ”რეზონანსი”. ინგუშები მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენას 30-ში თბილისიდან, 31 ოქტომბერს კი ბრიუსელში დაგეგმილი აქციით შეეცდებიან.

”ფიქრები 2008 წლის აგვისტოს გამო” - ასეთი სათაურით მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის წერილი ქვეყნდება ”საქართველოს რესპუბლიკაში”. ის საქართველოს წინაშე მდგარ არაერთ პრობლემას ჩამოთვლის და დასძენს: ”ზემოთ მოყვანილი პრობლემების გადაჭრა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. თუ შეძლებს ამ ამოცანების დაძლევას, ეროვნული გმირის სახელს დაიმკვიდრებს, თუ ვერა - ნაცარქექიას წოდება განაღდებული აქვს, უარესი რამ თუ არ შეარქვა ხალხმა”, - წერს ჭაბუა ამირეჯიბი და ასე ასრულებს: ”ქართველებმა უნდა მივაღწიოთ ჩვენი მიწა-წყლის დაცვის ისეთ დონეს, რომ ბრძოლის ბედს წყვეტდეს არა აგრესორის სიმრავლე, არამედ საქმის უმაღლესი ცოდნითა და ნიჭიერებით განხორციელებული თავდაცვის ორგანიზება. ეს კი მხოლოდ თანამედროვე მაღალი დონის ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო ტექნიკის და მტრის წინააღმდეგ როგორც რეგულარული, ისე პარტიზანული შენაერთების ოსტატურად გამოყენებით მიიღწევა. მკითხველს ვთხოვ, ნუ დამძრახავს, რომ შევეხე ისეთ პრობლემებსაც, რომელთა სპეციალისტი და ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ამ სტატიას გონიერების მარცვალი ახლავს. ჭკუით, ქართველებო, ჩვენ ობოლი ერი ვართ, მხოლოდ გონიერება გვიხსნის!”
XS
SM
MD
LG