Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ომი კონტუზირებული გენერლის განცხადებამ გამოიწვია?


პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე 28 ოქტომბერს სამხედრო მაღალჩინოსნები წარდგნენ.






თავდაპირველად საპარლამენტო კომისიამ ქართული სამშვიდობო ოპერაციების სარდალი გენერალი მამუკა ყურაშვილი დაკითხა, რომლის პასუხებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა უშიშროების საბჭოს მდივნის სკანდალური განცხადების ფონზე. ლომაიამ 27 ოქტომბერს თქვა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა გენერალ მამუკა ყურაშვილის 7 აგვისტოს სატელევიზიო განცხადება, რაც საერთაშორისო საზოგადოებისათვის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის საქართველოს მიერ დაწყების მთავარ მტკიცებულებად ითვლება.

ქართული სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი გენერალი მამუკა ყურაშვილი საქართველოს მოსახლეობამ ბოლოს 7 აგვისტოს ღამის საათებში იხილა. კონფლიქტის ზონიდან გამოსულმა გენერალმა განაცხადა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს სამხრეთ ოსეთში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა. ამის შემდეგ გენერალი თვალსაწიერიდან გაქრა. გენერლის ადგილსამყოფელს ბოლო მომენტამდე საგულდაგულოდ ასაიდუმლოებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც უარყოფდა პრესით გავრცელებულ ინფორმაციებს მამუკა ყურაშვილის დაჭრისა და დაპატიმრების შესახებ. მაგრამ 28 ოქტომბერს გენერალმა ყურაშვილმა დუმილი დაარღვია, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგა და სენსაციური განცხადება გააკეთა. გენერლის თქმით, 7 აგვისტოს ღამით მის მიერ ტელეეკრანიდან გაკეთებული განცხადება, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა იწყებაო, თურმე ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა:

[მამუკა ყურაშვილი]

თანაც, ეს ”იმპულსური განცხადება” ქართველმა სარდალმა გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვის შემდეგ, რომლის თანახმად, არც ერთ ქართულ ქვედანაყოფს არ ჰქონდა უფლება გაეხსნა საპასუხო ცეცხლი. რაკი გენერლები პრეზიდენტის ბრძანების თანახმად მოქმედებენ, გენერალ ყურაშვილის განცხადება დღემდე ითვლება უტყუარ მტკიცებულებად იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიანი საარტილერიო შეტევა ცხინვალზე საქართველომ 7 აგვისტოს გაუფრთხილებლად დაიწყო. თუმცა აქ ერთი შეუსაბამობა აშკარად ჩანს: რატომ იყო საჭირო 2 თვიანი ლოდინი იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის სიმართლე თქმულიყო და დროულად მომხდარიყო იმპულსური განცხადების დეზავუირება?
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრს, ”ქრისტიან-დემოკრატ” ნიკა ლალიაშვილს, ეჭვი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გენერალი ყურაშვილი გაწირა საკუთარი ტყავის გადასარჩენად:


[ნიკა ლალიაშვილი]


აღსანიშნავია, რომ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ პირველმა განაცხადა კომისიის წინაშე 27 ოქტომბერს, რომ გენერალ მამუკა ყურაშვილმა ცხინვალში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენის განცხადება ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გააკეთა.

კახა ლომაიამ 27 ოქტომბერს ისიც განაცხადა, რომ, თავდაპირველი ჩანაფიქრით, ცხინვალში შეიარაღებული ძალების შესვლა არ იგეგმებოდა. შეკითხვა, თუ რატომ შევიდნენ მაშინ საქართველოს სამხედრო ძალები ცხინვალში და ვინ გასცა სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება, საპარლამენტო კომიის წევრებმა 28 ოქტომბერს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს გენერალ ზაზა გოგავას დაუსვეს. ზაზა გოგავამ განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყების თაობაზე ბრძანება საქართველოს პრეზიდენტისაგან 23 საათსა და 35 წუთზე მიიღო:

[ზაზა გოგავა]

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გარკვეულ საკითხებზე ერთიანი პოზიცია არც ომის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ არსებობს. ამის მაგალითია კიდევ ერთი შეუსაბამობა, რაც კომისიის წინაშე ორი პასუხისმგებელი პირის გამოსვლის დროს გამოაშკარავდა. საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა გელა ბეჟუაშვილმა 27 ოქტომბერს საგამოძიებო კომისიას მოახსენა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის მზადების თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ჰქონდა მიღებული. თუმცა გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ზაზა გოგავამ განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაცია ამგვარი დასკვნის საფუძველს ბოლომდე არ იძლეოდა:

[ზაზა გოგავა]

ასეა თუ ისე, გენერალური შტაბის უფროსის მოსმენამ საგამოძიებო კომისიაზე შეკითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.
თუკი არ არსებობდა ბოლომდე გადამოწმებული სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის აგრესიის მზადების შესახებ, თუკი არ არსებობდა სამხედრო გეგმები სამხრეთ ოსეთში შეტევითი სამხედრო მოქმედების განსახორციელებლად, თუკი თავდაპირველად არ იგეგმებოდა ცხინვალში შესვლა, მაშინ საერთოდ რა აზრი ჰქონდა კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ძალების გაგზავნას და ომის გამოცხადებას? იმედია, ამ შეკითხვებზე პასუხს პარლამენტის დროებითი კომისია თავად საქართველოს პრეზიდენტისგან მოისმენს.




  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG