Accessibility links

logo-print

რუსეთი უფრო აქტიურად იწყებს ზრუნვას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე


რუსეთი აფართოებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს და ამავე დროს აძლიერებს კავკასიაში თავისი გავლენის ბერკეტებს.

კრემლმა გამოაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მოსკოვში გამართავენ კონფლიქტური რეგიონის თაობაზე შეხვედრას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ითამაშებს შუამავლის როლს.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სერჟ სარქისიანსა და ილჰამ ალიევს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში 2 ნოემბერს გაიმართება.

ჩვენი რადიოს ანალიტიკური განყოფილების კავკასიის რეგიონის სპეციალისტის, ლიზ ფულერის აზრით, რუსეთის ინიციატივა არის მცდელობა, საქართველოში ომის შემდეგ აჩვენოს, რომ მოსკოვი არ არის აუცილებლად კონფლიქტების მხოლოდ და მხოლოდ გამღვივებელი და რომ მას მათი მოგვარებაც შეუძლია:

[ფულერის ხმა] "რუსეთს სურს გამოიყენოს საკუთარი თავის რეაბილიტაციის შანსი და აჩვენოს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს სადმე კიდევ შეუძლიათ დადებითი როლის თამაში ყოფილ საბჭოთა კავშირში."

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებს კოორდინაციას უწევს ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები.

მოსკოვმა შეიძლება მინსკის ჯგუფის ფარგლებში გამოიყენოს შანსი, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა უფრო ფართო როლი ითამაშონ კონფლიქტის შემდგომ ნებისმიერ შეთანხმებაში და ამით კრემლმა შეიძლება გააძლიეროს რეგიონში თავისი გავლენა.

[ფულერის ხმა] "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში მინსკის ჯგუფის წინადადებების ძირითადი კონტურები ნათელია. მაგრამ ერთ-ერთი რამ, რაც ჯერ არ არის გარკვეული, არის ლაჩინის დერეფანი, რომელიც ყარაბაღს სომხეთის ძირითად ნაწილთან აკავშირებს. მაქვს ეჭვი, მედვედევმა შესაძლოა სარქისიანს და ალიევს შესთავაზოს, რომ ეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები ძირითადად ან მთლიანად რუსეთის იყოს."

ფულერის და სხვა ექსპერტების აზრით, მოსკოვი ცდილობს გაიმყაროს გავლენა სომხეთში, რომელიც კავკასიაში მისი ძირითადი მოკავშირეა, მას მერე, რაც აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ რეგიონში დაძაბული ვითარება შეიქმნა.

მაგრამ უკანასკნელ ხანებში მთიანი ყარაბაღი არა მხოლოდ რუსეთის ყურადღების ცენტრiია მოქცეული. 17 ოქტომბერს ერევანში ვიზიტისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დენიელ ფრიდმა განაცხადა, რომ ახლა შესაძლებელია 20-წლიანი კონფლიქტის მოგვარებაში გარდატეხის მიღწევა.

სექტემბერში კი სომხეთს ეწვია თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული. თურქეთი აზერბაიჯანის მჭიდრო მოკავშირეა და მას არა აქვს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები.

გიულის ვიზიტს მოჰყვა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობა, რამაც, თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას შეიძლება შეუწყოს ხელი.

მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ მას მერე, რაც ექვწლიან კონფლიქტში 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და მილიონამდე ლტოლვილად იქცა. საზავო შეთანხმება 1994 წელს იქნა მიღწეული. მას მერე გრძელდება სპორადული შეტაკებები. კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მცდელობებს ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია.

XS
SM
MD
LG