Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში არ წყდება პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოსათვის საბრძოლო იარაღის მიყიდვის გამო


უკრაინის პარლამენტის დელეგაცია აპირებს საქართველოში ჩამოვიდეს თბილისისთვის უკრაინის იარაღის მიყიდვის ზოგიერთი დეტალის შესასწავლად.

მითქმა-მოთქმა ამ საკითხის გარშემო უკვე მეორე თვეა გრძელდება უკრაინაში და იგი ლამის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს იმპიჩმენტის მიზეზადაც იქცა. უკრაინის პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ საქართველოსთან იარაღით ვაჭრობის საქმეში, რასაც უშუალოდ პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ხელმძღვანელობდა, კორუფციის ნიშნები შეიმჩნევა.

საქართველოსთვის საბრძოლო შეიარაღებისა და ტექნიკის მიყიდვის კანონიერებას უკრაინის უმაღლეს რადაში მეორე თვეა იკვლევს სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც რეგიონების პარტიის წევრი, დეპუტატი ვალერი კონოვალიუკი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რადა დაშალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, კონოვალიუკი აცხადებს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და პრეზიდენტ იუშჩენკოსაც აუცილებლად დაუსვამს მწვავე შეკითხვებს. რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში კონოვალიუკმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას, რამაც უკრაინა ფინანსურადაც აზარალა და სამხედრო თვალსაზრისითაც:

[ვალერი კონოვალიუკი] ”ძირითადი შეცდომა ისაა, რომ ეს მიწოდება ხორციელდებოდა ჩვენი არმიის ბრძოლისუნარიანობის საზიანოდ, იარაღი იყიდებოდა საკმაოდ შემცირებულ ფასად, დიდი რაოდენობით თანხა მიედინებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ საკითხს - ჰქონდა თუ არა უკრაინას მიწოდების უფლება. საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, არა აქვს არავითარი შეზღუდვა. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო ხანებში შეიქმნა საკმაოდ კრიმინალური სისტემა იარაღის ექსპორტში და ყველაზე უფრო მეტად ჩვენ სწორედ ეს ამბავი გვაღელვებს.”

უფრო კონკრეტულად კი, უკრაინის რადის სპეციალური საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მას ყველაზე მეტად ის ფაქტი აღელვებს, რომ ბოლო ორ წელიწადში უკრაინამ საქართველოს მიაწოდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ”ბუკ -მ1”, რომელიც საბრძოლო მორიგეობიდან მოხსნეს. რაც შეეხება შესყიდვების მოცულობას, კონოვალიუკის თქმით, 2005 წლიდან მოყოლებული, უკრაინამ საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის იარაღი მიაწოდა.

[ვიქტორ კონოვალიუკი] ”2 მილიარდ დოლარს როცა ვამბობთ, ლაპარაკი გვაქვს უკრაინის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაყიდულ საბრძოლო იარაღზე. რაც შეეხება საქართველოს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს 300 მილიონზე მეტი ღირებულების იარაღი მიეწოდა.”

თუმცა საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის სკანდალს უკრაინის მთავრობასა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წრეებში ძალაუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში განიხილავენ. გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაციით, უკრაინის უმაღლეს რადაში სპეციალური საგამოძიებო კომისია 2 სექტემბერს შეიქმნა. ეს არის ის დღე, როცა მმართველი კოალიცია დაიშალა და უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. თავად ბატონი ვალერი კონოვალიუკი პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსადმი ოპოზიციურად განწყობილი რეგიონთა პარტიის დეპუტატია. თანაც, ორთვიანი მუშაობის პერიოდში სპეციალურ საგამოძიებო კომისიას არ გამოუქვეყნებია არც ერთი მამხილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კორუფციას უკრაინული იარაღის ექსპორტის საქმეში. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრმა 2005-2007 წლებში ანატოლი გრიცენკომ განაცხადა, რომ სპეციალური საგამოძიებო კომისიის ზოგიერთი წევრი საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის სკანდალს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს:

[ანატოლი გრიცენკო] ”ჩვენ ეს საკითხი თავდაცვის კომიტეტზე განვიხილეთ ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც საქართველოში ომი მიდიოდა, და დოკუმენტები, რომლებიც შევისწავლეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ყველა უწყება მოქმედებდა კანონის თანახმად და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ძნელია კომენტირება იმისა, თუ რატომ გაღვივდა სკანდალი რუსულ პრესაში. ალბათ, რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკაა ამით დაინტერესებული. ასევე ტყუილია მტკიცება, თითქოს ეს შესყიდვები უკრაინის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებდეს.”

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა არაორაზროვნად განაცხადა, რუსეთი არ დაივიწყებს იმათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აიარაღებდაო. ამ განცხადების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადის სპეციალური საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ კონოვალიუკმა უმალვე მოაწყო პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის ზოგიერთი დეტალის შესასწავლად კომისია საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს:

[ვიქტორ კონოვალიუკი] ”დიახ, ჩვენ გვინდოდა შეგვემოწმებინა იარაღის მიწოდება, შესრულებული კონტრაქტების თანახმად. გვინდა ჩავიდეთ რიგ ადგილებში, ფოთსა და ბათუმში.”

თუმცა საქართველოს ხელისუფლება ჯერ არაფერს ამბობს იმაზე, ითანამშრომლებს თუ არა უმაღლესი რადის აღნიშნულ კომისიასთან და უზრუნველყოფს თუ არა უკრაინელ დეპუტატებს საჭირო ინფორმაციით. საზღვარგარეთის ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვის საკითხი საქართველოში მკაცრად გასაიდუმლოებულია და საჯარო განხილვებს არ ექვემდებარება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG