Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


"ევროპის მტკიცე პოზიცია" – ასე ასათაურებს გაზეთი "24 საათი“ მოწინავე სტატიას, რომლის თანახმადაც, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას

ევროპის საბჭო მომავალ სხდომაზე დაადგენს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებით, კომისიის საქმიანობა შესაძლებელს გახდის მოვლენათა მონაწილეების პასუხისმგებლობის დადგენას და კონფლიქტის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღებას. რა უფლება გვაქვს ჩვენ, პუტინის აგრესიის პასუხად, იმედგაცრუებული გულუბრყვილო ადამიანების როლი გავითამაშოთ? ამ შეკითხვას კი ამოიკითხავთ ანდრე გლუკსმანის სტატიაში ”პუტინის დოქტრინა”, რომელსაც ასევე „24 საათი“ აქვეყნებს. სტატიაში ავტორი პუტინის დოქტრინის ფუნდამენტური აქსიომებიდან გამოყოფს საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეას და დემოკრატიული მოძრაობების, მათ შორის, ვარდებისა და ნარინჯისფერი რევოლუციების, როგორც პერმანენტული რევოლუციების, ტალღის საფრთხეს. "განა ისეთი რა სიყრუე გვჭირს, რომ არ გვესმის?” - კითხულობს ექსპერტი და კითხვას თავადვე უპასუხებს: "თუკი ევროკავშირი ახლად შეძენილ და ჯერჯერობით ისევ მყიფე სიმტკიცეს შეინარჩუნებს, თავისი დიდი მეზობლის დამპყრობლური მიზნების დამუხრუჭებას შეძლებს. საზოგადოებრივი აზრი მტკიცე და ურყევი უნდა იყოს, საზოგადოებამ არავის უნდა მისცეს დაშინების უფლება აპოკალიპტური ჯადოებით, რომელთა მოფიქრება ასე ეხერხებათ კრემლის პროპაგანდისტებს. გვამხნევებს ისიც, რომ სარკოზიმ დაგვიცვა იმ საცოდავი სპექტაკლის განმეორებისგან, რომელიც 1981 წელს ნაციონალურ ასამბლეაში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პიერ მორუამ მოაწყო. მაშინ მორუამ განაცხადა, „ ჩვენ არ უნდა დავამატოთ პოლონელთა უბედურებას ფრანგების უბედურებაც, ფრანგებისა, რომლებიც, შესაძლოა, გაზის გარეშე დარჩნენ და ვეღარ მოამზადონ სადილად ბიფშტექსი შემწვარ კარტოფილთან ერთადო.“

გაზეთი „რეზონანსი“ კი უბრუნდება ახალგორში შექმნილ მდგომარეობას და, ახალგორის ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ზურაბ ფიცხელაურზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ამ დღეებში ცხინვალში გადაწყდება, ვინ უნდა მართოს ახალგორი. „ახალგორში რუსულ-ოსური ჯარის ვითომდა ოსი მოსახლეობის დაცვისათის შესვლა - ეს არის მორიგი დემაგოგია და პროპაგანდა რუსეთის მხრიდან“, - შენიშნავს „რეზონანსთან“ საუბარში ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, რუსეთს თავიდანვე იმისთვის უნდოდა ქართული მხარის ჩათრევა საომარ მოქმედებებში, რომ მთლიანად საქართველო, მისი სტრატეგიული ადგილებიანად, გაეკონტროლებინა. „ სამწუხაროდ და საუბედუროდ, ყველაფერი ეს არის შედეგი 7 აგვისტოს მოვლენებისა. ახალგორი რომ დაიკარგებოდა, ეს თავიდანვე ჩანდა. დღეს კი ახალგორი დაიკარგა იმდენად, რამდენადაც დაკარგულია ჩვენთვის ცხინვალი”, - უთხრა გაზეთ „რეზონანსს“ პაატა ზაქარეიშვილმა.

"რომელი მინისტრი შეინარჩუნებს სავარძელს მგალობლიშვილის ახალ კაბინეტში“ - ამ თემაზე პროგნოზებს თითქმის ყველა გაზეთი აკეთებს. მათ შორის, „ახალ თაობაში” წაიკითხავთ, რომ მთავრობაში, სავარაუდოდ, დარჩებიან მოქმედი ძალოვანი მინისტრები, პოსტებს კი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების თავკაცები დატოვებენ. „ახალი თაობა“ ვარაუდობს ასევე, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლის მინისტრთა კაბინეტში მოხვედრა ამ ეტაპზე გამორიცხულია, რადგან კოალიციურ მთავრობაზე საუბარიც კი არ არის.

„ნოღაიდელიდან გურგენიძემდე“ , ანუ რა გზა განვლო ქვეყანამ ზურაბ ჟვანიას, ზურაბ ნოღაიდელისა და ლადო გურგენიძის პრემიერ-მინისტრობის დროს და რა კვალი დაატყვეს მათ საზოგადოებას. ესაა საკვანძო საკითხები, რომლებზეც გაზეთი ”ვერსია” ამახვილებს ყურადღებას. უმთავრესი კი ამ აქცენტებიდან ისაა, თუ რას შეცვლის ახალი პრემიერ-მინისტრი. „პრეზიდენტმა გაგვიმხილა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი, გრიგოლ მგალობლიშვილი, თურქეთიდან ინვესტიციების მოსაზიდად ჩამოიყვანა. ძნელი სათქმელია, მოსალოდნელი შიდა დესტაბილიზაციისა თუ ომის პირობებში ამას როგორ მოახერხებს ნაელჩარი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ექსპერტები ცალსახად აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება ბიზნესს საკუთარი წნეხისგან გაათავისუფლებს, ქვეყანაში ნამდვილად არსებობს გარემო ბიზნესის რეალურად განვითარებისათვის. თუ ბიზნესმენი ბიზნესს გააკეთებს და საარჩევნო კამპანიებს არ დააფინანსებს, ქვეყანაში ინვესტიციაც შემოვა და სიღარიბის პრობლემაც აღარ იარსებებს.“ - ასეთია გაზეთ ”ვერსიის” აზრი.
XS
SM
MD
LG