Accessibility links

საქართველოში ფართომასშტაბიანი ამნისტია იგეგმება


ამნისტია, რომელიც 23 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 3000 ადამიანს შეეხება.

გათავისუფლდებიან პატიმრები, რომლებსაც სასჯელი მე-60 მუხლით აქვთ შეფარდებული. საუბარია, ძირითადად, მსუბუქი ხასიათის დანაშაულის ჩამდენ პირებზე. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ანტიკრიზისული საბჭოს ინიციატივით მიიღო. ადამიანის უფლებათა დამცველები ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს ”საშვიდნოემბრო პიარს” უწოდებენ.

ჯერჯერობით არ არსებობს იმ პატიმართა სია, რომლებიც ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ამის იმედი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ მათ, ვინც სასჯელს მსუბუქი კატეგორიის დანაშაულისთვის იხდის. ამ ეტაპზე დგინდება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები, რომლებსაც ამნისტია უნდა შეეხოს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით მე-60 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგიერთი მათგანი სახელდება:

(თორთლაძის ხმა) ”აქ არის ნაწილობრივ ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული ხალხი... ნარკოტიკების მოხმარებისთვის... ავტოავარიისთვის... გაუფრთხილებლობით გამოწვეული დანაშუალისთვის... შეეხება ამნისტია ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს მისჯილი პირობითი სასჯელი. გარეთ არის ეს ხალხი, მაგრამ უხდებათ ყოველკვირეულად სიარული და, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის გავლა. ამ ხალხსაც შეეხება ამნისტია.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ 31 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ის მიზეზიც დაასახელა, თუ რატომ მიიჩნია საჭიროდ მისმა საბჭომ ხელისუფლების წინაშე ასეთი ინიციატივა წამოეყენებინა:

(თორთლაძის ხმა) ”საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესისთვის აუცილებელი იყო ასეთი ამნისტიის გამოცემა.” (სტილი დაცულია)

ამნისტიის გამოცხადების მიზეზს განსხვავებულად აღიქვამენ ადამიანის უფლებათა დამცველები. მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პატიმართა შეწყალების პროცესი საქართველოში ხშირად პოლიტიკური ფაქტორით არის განპირობებული და კეთილი ნების აფიშირება ხელისუფლების ჩვეულებრივი პიარია. ასე ფიქრობს ნანა კაკაბაძეც, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”. კაკაბაძე 23 ნოემბრისთვის დაგეგმილ ამნისტიას 7 ნოემბრის საპროტესტო აქციას უკავშირებს:

(კაკაბაძის ხმა) ”დღეს ამას უცხადებენ 25 ათასზე მეტი პატიმრის ოჯახებს და ამ პატიმრებს, რომ აი, ჩვენ ვამზადებთ ამ ამნისტიას და იმ მოსალოდნელ მიტინგზე, რომელიც 7 ნოემბრისთვის მზადდება, რომ ხალხმა თავი შეიკავოს, რომ იქნება გვეშველოს და გამოუშვან... ეს არის მორიგი ტყუილი, მოტყუება 7 ნოემბრის წინ, რომ როგორღაც საპროტესტო ტალღა შეამცირონ ყველა მიმართულებით და მათ შორის - პატიმრების მიმართულებით.” (სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ 23 ნოემბრისთვის დაგეგმილი ამნისტია მაქსიმუმ 300 პატიმარს შეეხება და ამიტომ ციხეში მსხდომ ადამიანებს ზედმეტი იმედების გაღვივებას არ ურჩევს. ადამიანის უფლებათა დამცველის თქმით, შარშან ასევე ნოემბრისთვის გამოცხადებული ამნისტიის დროს რეალურად გათავისუფლებული ადამიანების რიცხვი წინასწარ გამოცხადებულზე მინიმუმ ერთი ნულით ნაკლები იყო. საპირისპიროს ირწმუნება ხელისუფლება, რომელმაც შარშან განხორციელებულ ამნისტიას თავის დროზე ”უპრეცედენტო” უწოდა.

წლევანდელი 23 ნოემბრისთვის დაგეგმილ ამნისტიას ბოლო პერიოდში პირველად მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტრო; უფრო მეტიც, 30 ოქტომბერს პირველად სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილისგან შეიტყო საზოგადოებამ, რომ საქართველოში პატიმართა მასშტაბური ამნისტია განხორციელდება:

(მერაბიშვილის ხმა) ”... ასეულობით ადამიანი, რომლებიც არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის სერიოზულ საფრთხეს, შეიძლება 23 ნოემბრისთვის გათავისუფლებული იყვნენ ჩვენი ციხეებიდან... და ეს არის თითქმის პირველი შემთხვევა ჩემი მინისტრობის ისტორიაში, როდესაც ამას მიესალმება თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ აქ შედეგები ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი.” (სტილი დაცულია)

ამნისტირებულთა სიაში შესაძლოა მოხვდეს საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთა სიაც პარლამენტის ანტიკრიზისულმა საბჭომ ხელისუფლებას საგანგებოდ გადასცა. მათ შორის არის ტელეკომპანია 202-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი, რომელმაც ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს საგანგებო წერილით მიმართა. შალვა რამიშვილი ითხოვს ბათილად გამოცხადდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დაუსაბუთებელი აქტი, რომლის მიხედვითაც, მას ვადაზე ადრე გათავისუფლების საშუალება არ ეძლევა. ანტიკრიზისული საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ტელეკომპანია 202-ის ხელმძღვანელი გათავისუფლდება.


XS
SM
MD
LG