Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა


1 ნოემბერს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს მინისტრთა კაბინეტს.

ახალ პრემიერ-მინისტრს და ოთხი სამინისტროს შეცვლილ ხელმძღვანელებს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ. ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობა, არასაპარლამენტო ოპოზიციაც მინისტრთა შემადგენლობის საფუძვლიან ცვლილებას მოითხოვს.

საქართველოს პარლამენტმა, ხმების უმრავლესობით, - 96 მომხრე და 11 წინააღმდეგი, - ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ახალ პრემიერ-მინისტრს.

[პარლამენტის თავმჯდომარის ხმა] “გადაწყვეტილება მიღებულია, მე ვულოცავ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერ-მინისტრს.“

გადახალისებულ მინისტრთა კაბინეტში ოთხი მინისტრი შეიცვალა: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინიტრი სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გოგა ხაჩიძე გახდა; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ ვაშაძე; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – კობა სუბელიანი; იუსტიციის მინისტრი კი - ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გრიგოლ მგალობლიშვილის პიროვნების საწინააღმდეგო ოპოზიციასაც არაფერი აქვს, მთავრობამ მაინც ვერ მოიპოვა საპარლამენტო უმცირესობის ნდობა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის კომენტარი:

[გიორგი თარგამაძის ხმა] „მხარს ვერ დავუჭერთ იმ მთავრობას, რომელმაც ვერ მოახერხა არსებული საფრთხეების ზუსტი პროგნოზირება და ქვეყანა ხაფანგში გაბმული აღმოჩნდა. ვერ დავუჭერთ მხარს იმ მთავრობას, რომლის სოციალურმა პოლიტიკამ ქვეყანაში გაზარდა უმუშევრობა და დაამძიმა სოციალური ფონი.”

საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ცაგარეიშვილის, განცხადებით, პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობაზე მხოლოდ ლაპარაკობს:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „ეს არის ცრუ მოლოდინი, არავითარი მუშაობა ამ მიმართულებით არ მიდის. რომელ კოალიციაზეა საუბარი, როდესაც პრეზიდენტს შემოაქვს ახალი მთავრობა და იქ განსხვავებული აზრის მქონე არავინაა.“ (სტილი დაცულია)

ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შესაქმნელად რეალური ნაბიჯების გადადგმას ხელისუფლებისგან მოელის და მზადაა მონაწილეობა მიიღოს კოალიციური მთავრობის შემუშავებაში. საქართველოს პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ, ოპოზიციის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გადახალისებული მთავრობის შემადგენლობის შეცვლა. მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობამ ახალ პრემიერ- მინისტრსა და რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი პირის შეცვლას,პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განმარტებით, მხარი შემდეგი მიზეზების გამო დაუჭირა:

[აკაკი მინაშვილის ხმა] „ახალ პრემიერ-მინისტრს, ახალ მთავრობას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშე საქართველო დგას - ის სოციალური პრობლემები, ის პრობლემები, რაც ახლავს ინვესტიციების მოზიდვას. მე მომწონს მისი ლიბერალური პოლიტიკა და მჯერა, რომ მას შესწევს ძალა ეს პრობლემები გადაწყვიტოს.“

სწორედ ეს გამოწვევები დაასახელა თავისი საქმიანობის ძირითად ამოცანად ახლა უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა. მან პარლამენტს „აღდგენის, ზრუნვისა და განვითარების“ პროგრამა გააცნო:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „თქვენთან ერთად, ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად და, რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს - ერთიან საქართველოს, სიღარიბის გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება 50 თვიანი გეგმა და სწორედ ამას მოემსახურება ჩვენი მთავრობა.“

ახალი პრემიერ-მინისტრის ახალი პროგრამა რეკონსტრუქციის 18 თვიანი პროგრამისა და პრეზიდენტის 50 თვიანი პროგრამის ნაერთია, რომელშიც, სოციალური დაცვის გარანტიებთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკის ლიბერალიზაციასა და ინსტიტუტების დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდას. გრიგოლ მგალობლიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციასთან ითანამშრომლოს კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხებზე.
XS
SM
MD
LG