Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


გუან ვენ (მალი) ლიუ-ყანდარელი განვლილ კვირაში დღიურებს წერდა მხატვარი,

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პროფესორი გუან ვენ (მალი) ლიუ-ყანდარელი.

26 ოქტომბერი, კვირა
უკვე შუაღამეა. ფაქტიურად დაიწყო ორშაბათი, მე კი ვზივარ და დღიურებს ვწერ. ეს კვირა დღე განსხვავებულად დაიწყო.
გავიღვიძე და ვფიქრობ – სიზმარი საიდან მოდის? განთიადისას ვიხილე სიზმარი, რომელიც ბავშვობიდან მესიზმრება: იგივე მთები, მდინარე, რომელიღაც ქალაქის ასევე „ნაცნობი“ მიხვეულ-მოხვეული ჩიხები. მხოლოდ დეტალები იცვლება, წელიწადის დროები. ნუთუ ეს არის ის, რაც ჩემი წინაპრისათვის იყო ცხადი? სხვანაირად როგორ ავხსნა ასეთი სიზმარი? იქნებ ეს გენეტიკაშია საძიებელი?
დღეს ჩემს მეგობარ პეკინესთან, მაომაოსთან ვერ ვისეირნებ (რაც ორივესათვის ყოველდღიური აუცილებელი პროცედურაა). გუშინ დაწყებული წერილი მაქვს დასამთავრებელი. ქართულ ენაზე სათარგმნელად უნდა გადავცე ჩვენს ერთგულ მთარგმნელს, სწავლულ მდივანს ნინო დახუნდარიძეს. ქართულად წერა მიძნელდება. რუსულად თავისუფლად ვწერ, თუმცა გრამატიკაში მოვიკოჭლებ. სკოლა ჩინურ ენაზე დავამთავრე. ჩემი მშობლების საურთიერთო ენა რუსული იყო, მე მას ბავშვობიდანვე ვეუფლებოდი, მაგრამ გრამატიკა არ მისწავლია – სახლში უამრავი რუსისტი მყავდა და მათ რიგებში ჩადგომა ზედმეტად მიმაჩნდა.
წერილის ადრესატი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია, წერილი კი ასე იწყება:
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
ნება მომეცით, გადმოგცეთ საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრის, ‘აბრეშუმის გზის’ მიერ გამოცემული წიგნი ‘ჩინეთი ჟამთა სივრცეში’. მე, როგორც ‘აბრეშუმის გზის’ პრეზიდენტს, დედით ქართველსა და მამით ჩინელს (მამაჩემი, დედაჩემზე ჯვრისწერამდე, მართლმადიდებლურად მოინათლა, მეც ასევე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ), მხვდა დიდი პატივი დასახელებული წიგნის პროექტის შექმნისა, რომლის განხორციელებისათვის წიგნში მოხსენიებულმა ავტორებმა მუხლჩაუხრელი შრომა გასწიეს.“
თორმეტი საათისათვის გამახსენდა, რომ სამზე შარდენის 19-ში ვარ წასასვლელი, სადაც გივის, როგორც სამხატვრო აკადემიის პროფესორს, სახელოსნო ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ხუთი შემოქმედი ადამიანი იყო – ბიძია დოდიკა (დავით ციციშვილი), გივი, მე, ჩემი არქიტექტორი ვაჟი და მხატვარი ქალიშვილი – გივის არასოდეს უცდია სახლში სახელოსნოს მოწყობა, რისთვისაც ჩვენი დიდი ოთახი იყო ჩაფიქრებული. სამხატვრო აკადემიაში კი თავს იკლავდა ისეთი სახელოსნოს მოსაწყობად, სადაც აღიზრდებოდნენ სტუდენტები და ასპირანტები გობელენის სპეციალობით.
1964 წელს გივი ჩეხოსლოვაკიაში მიავლინეს ანტონ კიბალთან, სამხატვრო აკადემიისათვის ევროპული გობელენის ქსოვის ახალი ტექნიკის ჩამოსატანად. ამიტომ იგი თავს მოვალედ თვლიდა, ეს საქმე საქართველოში დაემკვიდრებინა. არ მინდა სახელოსნოსთან დაკავშირებული პერიპეტიების გახსენება. ეს ძალზე რთული იყო. აკადემიაში გობელენის სახელოსნოსა და მუზეუმის შექმნა გივის იდეის გამარჯვება იყო და ამით ყველა ხარობდა. უკვე მესამე წელია, რაც გივი ჩვენთან აღარ არის. დღეს თბილისობა იყო და სტუდენტებმა პატივი მიაგეს გივი ყანდარელის ხსოვნას, სახელოსნოს შესასვლელთან მისი მემორიალური დაფა განათავსეს.
გივის თბილისობა ძალიან უყვარდა. ცეცხლზე შემოდგამდა ერთ დიდ ქვაბ ხაშლამას, დანარჩენებს ღვინო მოჰქონდათ და იდგა ერთი ჟრიამული. გივი კახელი კაცი იყო, მაგრამ მიწაზე მუშაობა არასოდეს იზიდავდა (ამიტომ საგარეჯოში ყურძენი ვერ მოჰყავდა). ეს იყო ჩვენი იშვიათი კამათის თემა. მე ერთი დღეც არ მიცხოვრია სოფელში, მაგრამ მიწაზე მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.
სახელოსნოში ხალხმრავლობაა. მესამე სართულზე (სადაც გივი ქსოვდა) მისი ნამუშევრებია გამოფენილი. ყველამ გულწრფელად აღნიშნა გივის პირდაპირობა, მისი სულიერი და ფიზიკური, ქართული სილამაზე. წლევანდელი თბილისობა ჩემთვის და, ვფიქრობ, გივის ბევრი ახლობლისათვის ამ მოვლენასთან გაიგივდა…
სახლის აივანზე გამოვედი კატების მოსანახულებლად. ორი კატა მყავს: სიამის კატა მიმი და ერთიც უბრალო, ვერცხლისფერბეწვიანი მიმი. „მიმის“ რომ დავიძახებ, ორივე კატა მეხმიანება, ამიტომაც ასე შევარქვი.
სიამის მიმის ოთხი კნუტი ჰყავს, რომლებმაც, სამწუხაროდ, დედის ჯიში ვერ გააგრძელეს. დედა მადლიერია, რომ მისი შვილები, რომლებიც ვირთხებს უფრო ჰგვანან, ვიდრე კატებს, მორიგეობით ამყავს ხელში. სიამის კატას ღამით თვალები წითელი უხდება და მტაცებელ ცხოველს ემსგავსება, თუმცა მასში მტაცებლური არაფერია.
ჩემი აივნიდან ღამე ძალიან ლამაზია.

27 ოქტომბერი, ორშაბათი
ადრე ვდგები, ყავას ვსვამ და ინსტიტუტში მივდივარ.
პირველი ლექცია ყოველთვის ჩემია. აუდიტორიაში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის რექტორი გურამ ჩიქოვანი შემოდის. სასიხარულო ამბავი მოაქვს: „აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში კონფუციუსის ცენტრი იხსნება!“ ამას სამი წელია ველოდებით, როგორც ციურ მანანას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აქვს პროგრამა, რომელიც საჭირო პირობების არსებობის შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ვრცელდება.
ცენტრში ისწავლება ჩინური ენა და კულტურა. პროგრამის არსი გამოიხატება ენის კაბინეტების აღჭურვაში სახელმძღვანელოებით, კომპიუტერებითა და სწავლისათვის საჭირო სხვა ინვენტარით. ამას ემატება ჩინური ენის სპეციალისტების ჩამოყვანაც. ჩინეთის სახელმწიფო ამ პროგრამის განსახორციელებლად უზარმაზარ თანხებს ხარჯავს. კონფუციუსის ასეთი ინსტიტუტები არსებობს ამერიკაში, რუსეთში, ევროპის ბევრ ქვეყანაში. თბილისში დღემდე არ იყო ასეთი ცენტრი, მიუხედავად ჩინეთის საელჩოსა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური განყოფილების ძალისხმევისა. აქამდე მთავრობის მხრიდან რატომღაც არ იყო მხარდაჭერა. ბოლოს, როგორც იქნა, ნებართვა მივიღეთ!
მე და ნინო დახუნდარიძე, ჩინური ენის პედაგოგი, დიდხანს ვმსჯელობდით, თუ რამდენ სიკეთეს მოუტანდა ჩვენს ახალგაზრდობას კონფუციუსის ინსტიტუტი, ეს ამბავი უფრო ადრე რომ მომხდარიყო. მაგრამ ჯობია გვიან, ვიდრე არასდროს…
დღევანდელი დღეც ჩამთავრდა.

28 ოქტომბერი, სამშაბათი
დღესაც ადრიანად გავრბივარ ინსტიტუტში, ისევ პირველი ლექცია მაქვს. შემდეგ ჩემს დეიდაშვილთან რუსუდან ქუთათელაძესთან მივდივარ, ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რედაქტორს, როსტომ ჩხეიძეს უნდა შევხვდეთ. ბატონი როსტომის წყალობით, ამ ჟურნალში ვბეჭდავთ გამოჩენილი ჩინელი მწერლის, ფუ სუნგლინის (1622-1715) მეორე მოთხრობას. პირველი ექვსი თვის წინ დაიბეჭდა.
ფუ სუნგლინი ძალიან პოპულარული ავტორია, საქართველოში კი მას პრაქტიკულად არ იცნობდნენ. ამ ძალიან პოპულარულ მოთხრობას კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ვინ კაფკას ადარებდა (მიუხედავად მათი მოღვაწეობის პერიოდებს შორის ორსაუკუნოვანი განსხვავებისა), ვინ კიდევ ვის… ილუსტრაციები მე შევასრულე. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი… მეორე მოთხრობაც –„მეოთხე დაიკო“ – მე დავასურათე. ჩემი აზრით, გრაფიკაში მოვიკოჭლებ. ვფიქრობთ ორმოცდაათი მოთხრობის გადათარგმნასა და გამოცემას, თუმცა ჩვენი ცარიელი ჯიბეებით ამას ვერ შევძლებთ. ვეძებთ ხალხს, ვინც ამ საქმეში დაგვეხმარება (ეს პროცესი უსიამოვნოა, მაგრამ უნდა ავმაღლდეთ საკუთარ გრძნობებზე). მაინც არ მჯერა…

29 ოქტომბერი, ოთხშაბათი
როგორც იქნა, დღეს გულში ჩახუტებულ მაომაოსთან ერთად მივდივარ სასეირნოდ. ძაღლები ბავშვებივით არიან. მის სიხარულს საზღვარი არ აქვს. მაომაომ ეს დაიმსახურა. შემოსასვლელი სუფთად დამახვედრა. საერთოდ, უყვარს „სავიზიტო ბარათების დატოვება“ სადაც მოესურვება. უყვარს თავისუფლება და მორჩა!
მართალია, ჩემს ოცმეტრიან, კლდეზე გაშენებულ ბაღს ბოლო დროს ხელი ვერ შევავლე (მებაღეობის არაფერი გამეგება), მაგრამ შემოდგომა მაინც თავის კვალს ტოვებს. საოცრად ლამაზია!
მაგონდება გაზაფხული, ხეები ის-ის იყო ფოთლებს ისხამს. ჩვენი ნორვეგიელი მდგმური გაოცებულია: მდოგვის თესლისტოლა ბაღში როგორ იზრდება ყურძენი, ორი ლეღვის ხე, მუშმალა, კარალიოკი, ატამი, ბროწეული და ჟასმინის ბუჩქი?! კიდევ უფრო აღფრთოვანებული შეძახილები აღმოხდა ბზისა და კიდევ ერთი ბუჩქის (სახელი დამავიწყდა) დანახვაზე. არადა, მიწა არ ნოყიერდება, მეც მაინცდამაინც დიდ დროს ვერ ვუთმობ (თუმცა ძალიან მიყვარს და ამიტომ განვიცდი ხოლმე). აი, რატომაა საქართველო სამოთხე. ომის დროს რუსებმა მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინეს, გადაწვეს ათასობით ჰექტარი ბორჯომის ხეობის უნიკალური ტყეები, „ჭკუა გვასწავლეს“.

30 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დღეს ბილეთი შევუკვეთე 15 ნოემბრისათვის. პეკინში მივემგზავრები. გობელენის საერთაშორისო გამოფენაზე „ბოჭკოს ხელოვნების საერთაშორისო ბიენალე ლოზანა–პეკინი“. ჟიურის წევრი ვარ. ამ ბიენალეს დამფუძნებლები ვიყავით გამოფენის ყველაზე აქტიური მონაწილენი – მე და გივი. გობელენისათვის „ფიროსმანის სიზმარ“ მან ჟურნალისტებისაგან „გობელენის მეფის“ წოდება დაიმსახურა. 26-მეტრიანი “ფიროსმანის სიზმარი“ ახლა მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ჰკიდია - სიბნელეში, დაჭმუჭვნილი… გობელენის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ეს ცუდად მოქმედებს. კულტურის სამინისტროს მივმართეთ თხოვნით, ეს ნამუშევარი სიღნაღის მუზეუმის ფიროსმანის დარბაზში გადაიტანონ, მაგრამ პასუხი არ ისმის. დასანანი იქნება, გივის ეს ნალოლიავები ნაწარმოები ჭია-მატლმა შეჭამოს. ჩემს სიცოცხლეში ალბათ ვერც გივის აკვარელების მოწერიგებას შევძლებ, ისე გაძვირდა ჩარჩოები.

31 ოქტომბერი, პარასკევი
დღეს მესამედ მოვუყარე თავი ლტოლვილებისათვის გადასაცემ ნივთებს – ზამთრის ტანისამოსს, ქვეშაგებსა და ჭურჭელს. ჩემმა შვილიშვილმა, ათი წლის ლუკამაც დაუზარებლად მოაგროვა ბავშვებისათვის სათამაშოები თუ წიგნები. ძალიან მძიმეა ამ ხალხთან შეხვედრა. საშინელებაა, როცა წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით მოპოვებულ სარჩო-საბადებელს თვალწინ, წამებში გინადგურებენ და, რაც მთავარია, შენი თანდასწრებით ხალხს ხოცავენ. პიროვნულად ითრგუნები და დამცირებული რჩები... არა მგონია, რუსეთს უჭირდეს მიწა, ეს, უბრალოდ, იმპერიული ინსტინქტია, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გაათმაგებული საშინელი მეთოდების კომპლექსი.
მსოფლიოსათვის, განსაკუთრებით კეთილდღეობაში მყოფი ქვეყნებისათვის, ძნელი აღსაქმელია ქართველი ხალხის მუდმივი ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ, რამაც მათ სიცოცხლისუნარიანობის ძალა გამოუმუშავა. ამის ნათელი დასტური იყო მილიონი მომღერალი, მოცეკვავე, მტირალი თუ მდუმარე ადამიანის მიერ შეკრული ჯაჭვის აქცია. ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ უკმაყოფილება გამოხატა. ნუთუ დაღვრემილი, გაბოროტებულსახეებიანი ადამიანებით შეკრული ჯაჭვი უფრო „ეფექტური“ იქნებოდა?! ქართველებისა და საქართველოს ბუნება დაღვრემილობასა და სიბოროტეს მოკლებულია. მისი ტემპერამენტის შებოჭვა ჩრდილოელი ხალხების მსგავსად შეუძლებელია. მიმაჩნია, რომ ასეთი სიცოცხლისუნარიანობა მას მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში ამღერებს, აცეკვებს და ცრემლსაც ჰგვრის. ეს არის ქართული სული, რომლის გატეხვაც იოლი როდია. რა ეშველებოდა საქართველოს წარსულში, ყოველი მარცხის შემდეგ ხალხს ცეკვა-სიმღერა რომ დაევიწყებინა? მე ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ვიყავი და გული მწყდებოდა, როდესაც ერთმანეთის ლანძღვა-გინება მესმოდა. ეს ხომ მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა, რაც ქვეყნის შიგნით არაფერს ცვლის. ქვეყნის გადასარჩენად კი სწორედ ახლაა საჭირო ერთ მუშტად შეკვრა.

1 ნოემბერი, შაბათი
შემოდგომა თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი დროა, მით უმეტეს ძველ თბილისში, სადაც თითქმის 40 წელია, ვცხოვრობ.
რა ლამაზია ჩემი მარცვალა ბაღი!
არა მარტო ძველი თბილისის ქუჩები მოგაჯადოებს, არამედ ჩემი აივნიდან დანახული მთაწმინდა, მტკვარი და ყვავებშემომჯდარი, ფოთოლგაცვენილი ალვაც, ფეხქვეშ გაფენილი ყავისფერი ფოთლების ხალიჩით. ასეთი პეიზაჟის ტყვეობაში აღმოჩნდა გივი და აკვარელით ჩახატა კიდეც. სამწუხაროდ, ის სურათი ახლა ერთი ინგლისელის კოლექციას ამშვენებს.
საქართველომ არქიტექტურული პროექტების უმკაცრესი კონტროლი უნდა დააწესოს, რადგან თბილისის სილამაზეში ყველაზე ღირებული მისი თანმდევი ბუნებაა. კლდიდან ჩამოვარდნილი სამკურნალო წვეთები, მიწიდან ამოხეთქილი ცხელი წყლები, ასწლოვანი ხეები, აღმართ-დაღმართები, გავაკებული თუ საბურთაო მოედნები და კიდევ, ვინ მოთვლის მის ყველა საოცრებას…
ნუ დავუკარგავთ თბილისს საკუთარ იერსახეს – ყარაჩოღულ ჩუღურეთსა და კინტოურ ავლაბარს, ეზოების განსაკუთრებულ სტილსა და სამი მხრიდან მიდგმულ აივნებიან სახლებს. ჩვენს ბუმბერაზ ხეებს ნუ შევცვლით ჯუჯებით… პალმით თბილისი არასოდეს მოურთავთ, პალმა ბათუმს უფრო უხდება. სად გაქრა მაგნოლიები და ვარდისფერი მიმოზა? კორპუსების აივნებზე ყვავილების ნაცვლად ჭრელა-ჭრულა ქაღალდის ფსევდოყვავილები – გირლიანდები გამოუფენიათ.
ნუ ვაქცევთ თბილისს ბეტონის ქალაქად, განსაკუთრებით მის ცენტრსა და ძველ უბნებს. როგორც ჩინელები ხუმრობენ, ცხვრის ფარაში ნუ გამოვაჩენთ აქლემს.
აქ მთავრდება ტკივილნარევი ლირიკა და მეძახის ყოფა. მეზობლების წყალობით, გაზის ფასი უცვლელი დარჩა. შუქი თუ იქნება? ბუხრისთვის შეშა კი გვაქვს, მაგრამ ვის ეყოფა?
15 ნოემბერს მივდივარ სამშობლოში. პეკინში მელოდებიან ნათესავები, სკოლისა და ინსტიტუტის მეგობრები, ასევე, არცთუ ისე ცოტა ჩემი ყოფილი სტუდენტი-სინოლოგი. კაცმა რომ თქვას, რა ელოდება ადამიანს სამშობლოში, ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ მალევე მომენატრება თბილისი – შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილი, სახლის პატრონ-მცველები – მაომაო, ორი მიმი. ჩამოვალ ახალი წლისათვის, საშობაოდ – აუცილებლად საჩუქრებით. მიყვარს საჩუქრებით ახლობლების გახარება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG