Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები: ''ახალგორისა და კოდორის ხეობის მდგომარეობა შემაშფოთებელია''


სოხუმისა და ცხინვალის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი არ ითვალისწინებს ვითარების მონიტორინგს ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით.

თუმცა, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პეტერ სემნები იმედოვნებს, ევროკავშირის დამკვირვებლები მალე შეძლებენ უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გთავაზობთ ინტერვიუს პეტერ სემნებისთან, რომელსაც კობა ლიკლიკაძე 1 ნოემბერს, რიგაში ესაუბრა.

რადიო ”თავისუფლება”: პირველ რიგში, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ შესრულდა ეგრეთ წოდებული სარკოზის შეთანხმება?

[პეტერ სემნები] ”პირველ ყოვლისა, არსებობს სარკოზის ექვსპუნტქიანი შეთანხმება, ხელმოწერილი 12 აგვისტოს, და შემდგომ მისი განხორციელების გეგმა, რომელიც 8 -9 სექტემბერს დაიდო. რაც შეეხება განხორციელების გეგმას, იგი მეტ-ნაკლებად შესრულდა, თუ არ ჩავთვლით პერევის საგუშაგოს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ, რომელიც დღემდე დავის საგანია და რომელიც, 8-9 სექტემბრის გეგმის თანახმად, უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას, რაც შეშფოთებას იწვევს, მისი დღის წესრიგი კიდევ უფრო ფართოა. ეს შეთამხმება მოიცავს ასევე ჯარების გაყვანას იმ პოზიციებამდე, რომელიც ეკავათ 7 აგვისტომდე. მაგრამ ჩვენ ეს ორი შეთანხმება ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ.”

რადიო ”თავისუფლება”: მაგრამ რა ვუყოთ ახალგორის პრობლემას, რომელიც ასევე დავის საგნად რჩება?

[პეტერ სემნები] ”დიახ, დიახ, ახალგორისა და ზემო აფხაზეთის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ასევე შემაშფოთებელია სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ცენტრალური ნაწილის ბედიც. თუმცა მთავარ პროპლემას წარმოადგენს ახალგორი და ზემო აფხაზეთი. და ასევე პერევიც, რომლიც ამ მომენტისათვის ასევე რთული საკითხია.”

რადიო ”თავისუფლება”: ორი სიტყვა გვითხარით ევროკავშირის დამკვირვებლებზე. სად უნდა იდგნენ ისინი, ამ ტერიტორიების შიგნით თუ გარეთ? როგორია პოზიცია?

[პეტერ სემნები] ”დიახ, მათ აქვთ მანდატი, რომელიც მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და რაც გულისხმობს კონფლიქტის რეგიონებსაც. ჯერ კიდევ არ არსებობს პირობები, რომლის თანახმადაც დამკვირვებლები შეძლებდნენ კონფლიქტის ზონაში შესვლას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი, დამკვირვებლები, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც შესრულდება შეთანხმების ყველა პუნქტი, მოახერხებენ ამ ტერიტორიებზეც შესვლას და ეს დრო შორს არ არის.”

რადიო ”თავისუფლება”: დაბოლოს, ახლოვდება ჟენევის მომდევნო რაუნდის შეხვედრა. როგორია თქვენი მოლოდინი?

[პეტერ სემნები] ”მე არ მინდა ახლა ამ ეტაპზე ამის კომენტარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს შედგა. ეს იყო რთული შეხვედრა, მაგრამ იყო გადაწყვეტილება ასევე, რომ გაიმართოს შემდეგომი შეხვედრა, რაც, ჩემი აზრით, არის იმის ნიშანი, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, არ გაუშვას ხელიდან შესაძლებლობა ამ შეხვედრისა, რომელსაც ხელეწიფება შექმნას მექანიზმი იმისათვის, რომ გაიმართოს დიალოგი უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, მიუხედავად სირთულეებისა, ეს დიალოგი გრძელდება.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG