Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუამარ კადაფის ვიზიტი ბელორუსიაში


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ორშაბათს პირველად ჩავიდა ბელორუსიაში, სადაც ის მოსკოვიდან ჩაფრინდა.

საერთოდ, ეს რეგიონში მისი პირველი ტურნეა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. კადაფიმ მოლაპარაკებები გამართა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ხელმოწერილია ორმხრივი შეთანხმებები.

ალექსანდრ ლუკაშენკომ იმისთვის იზრუნა, რომ სტუმარი სათანადო დიპლომატიური პომპით მიეღოთ. ბულორუსიის პრეზიდენტი კადაფის კვირას დახვდა მინსკის აეროპორტში და პირობა მისცა, რომ მისი ქვეყანა მხარში უდგას ლიბიას.

ორშაბათს ორმა ლიდერმა გამართა მოლაპარაკებები, რომელსაც მთელი რიგი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა მოჰყვა. მათ შორისაა ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულება და ორი ქვეყნის სასამართლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება.

შეხვედრის შემდეგ გამოსვლაში ლუკაშენკომ პარალელები გაავლო ბელორუსიასა და ლიბიას შორის:

[ლუკაშენკოს ხმა] "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ბედნიერები საერთაშორისო არენაზე თქვენი გამარჯვებით. ვიცით, რამდენად ძნელი იყო უკანონოდ თავსმოხვეული საერთაშორისო სანქციების გაძლება და, ამასთან, ქვეყნის აყვანა იმ სახელმწიფოების რანგში, რომლებიც დღეს მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავენ."

შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ბელორუსიას სანქციები დაუწესეს ადამიანის უფლებების სფეროში დარღვევების გამო.
მაგრამ განსხვავებით ლუკაშენკოსგან, რომელსაც ვაშინგტონი "ევროპის უკანასკნელ დიქტატორს" უწოდებს, კადაფიმ წარმატებით შეძლო სტატუსის შეცვლა და "ცოფიანი ძაღლიდან" (როგორც მას რონალდ რეიგანი უწოდებდა), რესპექტაბელურ დიპლომატიურ პარტნიორად იქცა.

დასავლეთის ქვეყნებმა ტრიპოლისთან ურთიერთობები 2005 წელს განაახლეს, მას მერე, რაც კადაფიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვებაზე ზრუნვაზე, დაგმო ტერორიზმი და კომპენსაცია გადაუხადა 1986 წელს ბერლინში მოწყობილი ტერაქტისა და 1988 წელს შოტლანდიაში, ლოკერბის თავზე საჰაერო ლაინერის აფეთქებისას დაღუპული 270 ადამიანის ნათესავებს.

სექტემბერში ლიბიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ისტორიულმა ვიზიტმა ბეჭედი დაუსვა კადაფის დიპლომატიურ რეაბილიტაციას. ეს ამერიკის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი იყო ლიბიაში 1957 წლის შემდეგ.

რაც შეეხება მინსკს, მას მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოკრძალებული სესხი მიეცა საერთაშორისო ფინანსურ კრიზისთან გასამკლავებლად.

მიმომხილველთა აზრით, ახლა ლუკაშენკოსაც სურს დასავლეთის თვალში სანდო პარტნიორად იქნეს აღქმული.

მინსკელი ანალიტიკოსის, ანდეი ფიოდოროვის თქმით, ბელორუსიის მთავრობისთვის კადაფის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

[ფიოდოროვის ხმა] "ბელორუსიას კადაფის ვიზიტი იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ არ არის იზოლაციონისტი სახელმწიფო და რომ იქ სახელმწიფოს მეთაურები ჩადიან. მხარეები ასევე ალბათ ცდილობენ გააფართოვონ ეკონომიკური და, გარკვეული თვალსაზრისით, სამხედრო კავშირებიც."

მარტო მინსკი არ არის დაინტერესებული ლიბიასთან ურთიერთობების გაუმჯობესებით. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებიც ცდილობენ ამას. ლიბია მდიდარი ქვეყანაა და მსოფლიო პოლიტიკის მოთამაშეები შეეცდებიან, საკუთარ მხარეზე გადაიბირონ ის.

კვირას მუამარ კადაფი მოსკოვში სტუმრობდა. როგორც იტყობინებიან, მან რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა გარიგებაზე, რომლის ფარგლებში რუსეთი ლიბიისთვის ააგებდა ბირთვული კვლევის რეაქტორს და საწვავს მიაწვდიდა მას.

ლიბია ასევე დაინტერესებულია თავისი სამხედრო შეიარაღების მოდერნიზაციით, რის საშუალებაც მას არ ჰქონდა საერთაშორისო სანქციების პირობებში.

კადაფი თავის ტურნეს სამშაბათს დაასრულებს უკრაინაში.

XS
SM
MD
LG