Accessibility links

logo-print

ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას საქართველოს


ლიტვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნებულია ფოტოსურათი, რომელზეც ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტების გამოსახულებას ვხედავთ

- ხელის ჩამორთმევის მომენტში. წარწერა კი გვამცნობს, რომ ორმა პრეზიდენტმა გააკეთა ერთობლივი დეკლარაცია “საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ”.

დეკლარაცია რამდენიმე თვალსაზრისით არის საყურადღებო, მათ შორის იმის გამოც, რომ მოიცავს შეფასებას: საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული. და დეკლარაცია მოიცავს მოწოდებას ევროკავშირის მიმართ, რომ, ვიდრე რუსეთს არ შეუსრულებია 12 აგვისტოს ხელმოწრილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება (ეს ეხება ჯარების გაყვანას კონფლიქტამდე პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ გადაადგილებას), ევროკავშირმა არ უნდა განაახლოს რუსეთთან მოლაპარაკება პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების შესახებ.

საქმე ის არის, რომ 13-14 ნოემბერს გაიმართება ევროკავშირ-რუსეთის მორიგი სამიტი. მასზე, როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბერნარ კუშნერმა განაცხადა გასულ კვირაში, სანქტ პეტერბურგში ვიზიტის დროს, განიხილება მოსკოვთან მოლაპარაკების განახლების საკითხიც. საერთოდ ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა (მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, იტალია) გადაჭრით ემხრობა რუსეთთან პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების განახლებას. ამდენად, ძნელი სათქმელია, რა რეაქცია მოჰყვება პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტების დეკლარაციას ბრიუსელიდან. აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთთან ახალი ხელშეკრულების საკითხზე მოლაპარაკების განახლების წინაღამდეგ გამოდიან (ლიტვის და პოლონეთის გარდა) ესტონეთი, ლატვია, ბრიტანეთი, შვეცია.

თუმცა, ერთობლივი დეკლარაცია, როგორც ითქვა, ორმა პრეზიდენტმა - ლიტვის და პოლონეთის ლიდერებმა გამოუშვეს. დეკლარაცია მოიცავს ასევე მოწოდებას, რომ რუსეთის ჯარების უკან დახევა აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე უცხოელი მეთვალყურეების თანდასწრებით უნდა მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ ეუთოს, ისევე როგორც ევროკავშირის მეთვალყურეები თვითგამოცხადებული და რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზეც უნდა შეუშვან.

ამასთან, ევროკავშირის მეთვალყურეების შეშვება სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიებზე, იმავდროულად, ევროკავშირის საერთო მოთხოვნაა. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, რომელიც ორშაბათის გადაცემაში შემოგთავაზეთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პეტერ სემნებიმ დაადასტურა, რომ შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირის მეთვალყურეების შესვლას კონფლიქტის ზონებშიც:

[პეტერ სემნების ხმა] ”დიახ, მათ აქვთ მანდატი, რომელიც მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და რაც გულისხმობს კონფლიქტის რეგიონებსაც. ჯერ კიდევ არ არსებობს პირობები, რომლის თანახმადაც დამკვირვებლები შეძლებდნენ კონფლიქტის ზონაში შესვლას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი, დამკვირვებლები, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც შესრულდება შეთანხმების ყველა პუნქტი, მოახერხებენ ამ ტერიტორიებზეც შესვლას და ეს დრო შორს არ არის.”

თუ ისევ პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას დავუბრუნდებით, ის - როგორც ტექსტის დასაწყისშივეა აღნიშნული - ეფუძნება საქართველოს სუვერენობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG