Accessibility links

logo-print

ობამა თუ მაკკეინი? სამი კურიოზული მეთოდი მომავალი პრეზიდენტის ვინაობსი წინასწარ გამოსაცნობად


ობამა თუ მაკკეინი? ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ არჩევნებში? საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვის საფუძველზე,

გამარჯვების უკეთეს შანსს, როგორც ცნობილია, ბარაკ ობამას აძლევენ. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გარდა, არსებობს ნაკლებად ცნობილი და ნაკლებად სერიოზული მეთოდები გამარჯვებულის წინასწარ ამოსაცნობად.

ერთი ასეთი მეთოდი ამერიკულ ფეხბურთს უკავშირდება ...

70 წელია, გუნდ “რედსკინსის” ბოლო მატჩი საკუთარ მოედანზე - საპრეზიდენტო არჩევნების წინ - ზუსტად წინასწარმეტყველებს არჩევნების შედეგს. თუ “რედსკინსმა” გაიმარჯვა, პრეზიდენტის პოსტზე ირჩევენ მოქმედი პრეზიდენტის თანაპარტიელს. ხოლო თუ გამარჯვება რედსკინსის მეტოქეს ერგო - თეთრ სახლში პარტიული ცვლილებაა მოსალოდნელი. ამ მეთოდით თუ ვიმსჯელებთ, გამარჯვების იმედი ისევ ობამას უფრო უნდა ჰქონდეს - “რედსკინსი” ბოლო შეხვედრაში დამარცხდა.

მეორე მეთოდი - ბუკმეკერები.

ამათუიმ კანდიდატზე ფსონის დადებით დიდი ფულის მოგება, ან წაგება შეიძლება. როგორც იუწყებიან, წელს გაცილებით მეტი დებს ფსონს ბარაკ ობამაზე, ვიდრე მის მეტოქეზე. უპირატესობა იმდენად ცალსახაა, რომ, მაგალითად, ირლანდიაში კომპანია “პედი პაუერმა” უკვე გადაუხადა მოგება ყველას, ვინც ფსონი ობამაზე დადო. ამის შემდეგ, “პედი პაუერის” პრეს-მდივან შარონ მაკჰიუს განმარტებით, სხვა მიმართულებით შეუდგნენ ფსონების მიზიდვას: [მაკჰიუს ხმა] “ჯონ მაკკეინი მადლობას არ გვეტყვის იმის გამო, რაც გავაკეთეთ, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ კონკურენცია თითქმის აღარ არსებობდა და შევეცადეთ მოგვეფიქრებინა სხვა ნაძლევები, რათა უფრო დაგვეინტერესებინა ხალხი საარჩევნო დაპირისპირებით. შევჩერდით იმაზე, რაც უშუალოდ კენჭისყრის შემდეგ უნდა მოხდეს - ეს უნდა იყოს მაკკეინის განცხადება, რომლითაც ის დამარცხებას აღიარებს. ჩვენ ვთქვით, რომ რახან მაკკეინი ყოფილი სამხედრო ტყვეა, უბრძოლველად უკან არ დაიხევს. ამიტომ, ასე ვიტყოდი, რომ ოთხშაბათს, 5 ნოემბერს გააკეთებს ამ განცხადებას - 2:1 კარგ ნაძლევად მიმაჩნია. მაგრამ შეიძლება მან უფრო ადრეც აღიაროს დამარცხება. ვფიქრობ, ობამა დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.”

დაბოლოს, რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის წინასწარ ამოცნობის კიდევ ერთ, ჩვენს სიაში რიგით მესამე არასერიოზულ მეთოდს: პოლიტიკოსების ნიღბებს.

ასეთი ნიღბები (პოლიტიკოსების რეალისტური თუ კარიკატურული გამოსახულებებით) ბევრ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, ცხადია, შეერთებულ შტატებშიც. გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ვის ნიღაბსაც უფრო მეტს ყიდულობენ, არჩევნებშიც ის იმარჯვებს. ამ შემთხვევაშიც ობამა ლიდერობს, გაყიდული ნიღბების 55 პროცენტით.

მოკლედ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკელ კანდიდატ ჯონ მაკკეინის შანსები - საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის წინასწარ ამოცნობის სერიოზული თუ არასერიოზული მეთოდების გამოყენებით - არც თუ დამაიმედებლად გამოიყურება. თუმცა, მაკკეინი აქამდეც ბევრჯერ ყოფილა არც თუ დამაიმედებელ მდგომარეობაში. უთუოდ, ამის გამოც არის, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გამორჩეულ ინტერესს იწვევს.
XS
SM
MD
LG