Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ მსოფლიოში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს?


აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევას ფართო გამოხმაურება ახლავს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ხშირად ისმის სიტყვა “ისტორიული”.

საქმე მართლაც ისტორიულ სიახლეს ეხება: შავკანიანის არჩევას პრეზიდენტად ქვეყანაში, სადაც ასეთი რამ სრულიად წარმოუდგენელი იყო თუნდაც ბარაკ ობამას დაბადების წელს, 1961-ში. ამერიკის სამხრეთ შტატებში მაშინ ჯერ კიდევ რასობრივი სეგრეგაცია სუფევდა, ზოგ შტატში შავკანიანებს საარჩევნო უფლებაც კი არ ჰქონდათ, მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის მხოლოდ იწყებოდა. ამიტომაც უწოდებენ ობამას “პოსტ-რასობრივი” ამერიკის სიმბოლოს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ კევინ რადს ეკუთვნის შეფასება, რომ ბარაკ ობამამ რეალობად აქცია ლეგენდარული შავკანიანი უფლებადამცველის, მარტინ ლუთერ კინგის ოცნება, რომ ობამამ იმედით აღავსო არა მარტო ამერიკელები- “არამედ მთელი მსოფლიო”. [რადის ხმა]

ბარაკ ობამას გამარჯვების ისტორიულობაზე მიუთითებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნიც: მისთვის საქმე ეხება “მომენტს, რომელიც ისტორიაში დარჩება, სანამ ისტორიის წიგნები დაიწერება”. [ბრაუნის ხმა]

ობამას გამარჯვებისადმი ევროკავშირის დამოკიდებულება აისახა ევროკომიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით: [ბაროზუს ხმა] “ეს არის შემობრუნების წერტილი შეერთებული შტატებისთვის და შესაძლოა, იყოს შემობრუნების მომენტი მთელი მსოფლიოსთვისაც (...) ევროპაში იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ ობამასთან ერთად მივაღწევთ მიზნებს, დასახულს გლობალიზაციის ამბიციური დღის წესრიგით: დავძლევთ საფინანსო კრიზისს, ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და შანსებს, შევებრძოლებით კლიმატურ ცვლილებებს”.

იმედით არიან განწყობილი ახლო აღმოსავლეთშიც. ამერიკელ დემოკრატ სენატორს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა: [პერესის ხმა] “მინდა მივულოცო ახალ არჩეულ პრეზიდენტს - ახალგაზრდას, ენერგიულს, დამაიმედებელს, რომელიც ცვლილებას წარმოადგენს და ცვლილებას გვათვაზობს”.

ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც. თავის პირველ გამოსვლაში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მედვედევმა, ერთი მხრივ, მკაცრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების პოლიტიკა, მეორე მხრივ გამოთქვა იმედი, რომ შესაძლებელი იქნება ამერიკის ახალ პრეზიდენტთან კონსტრუქციული დიალოგის განვითარება. [მედვედევის ხმა] “ჩვენ არა გვაქვს პრობლემები ამერიკელ ხალხთან, არა გვაქვს თანდაყოლილი ანტიამერიკანიზმი. და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთდება არჩევანი რუსეთთან სრულფასოვანი ურთიერთობების სასარგებლოდ”.

დაბოლოს, გამოხმაურება კენიიდან. აფრიკის ამ ქვეყანაში, ალბათ, ყველაზე მეტად გაუხარდათ ობამას გამარჯვება: როგორც ცნობილია, ობამას მამა კენიელი იყო. სადიკ ობამას, ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ნახევარძმის, თქმით: [სადიკ ობამას ხმა] “ძალიან გახარებულები ვართ - შევიკრიბეთ მამაჩემის ეზოში ჩვენი ძმის გამარჯვების აღსანიშნავად. როგორც ხედავთ, ყველა ძალიან გახარებულია. ეს საუცხოო ამბავია!”
XS
SM
MD
LG