Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე 2009 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს


საქართველოს მთავრობა ჯერაც მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე. არადა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,

საფინანსო გეგმის პროექტი პარლამენტში პირველ ნოემბრამდე უნდა შესულიყო. ბიუჯეტის პროექტის მომზადების დაგვიანება ახალი მთავრობის ფორმირებას უკავშირდება. ახალმა პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტს სთხოვა, რომ მისთვის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების საშუალება მიეცათ. რა ცვლილებებს გეგმავს ახალი მთავრობა მომავალი წლის საფინანსო გეგმაში და რა იქნება მისი ძირითადი პრიორიტეტები?

საქართველოს პარლამენტმა პირველ ნოემბერს დამტკიცებულ ახალ პრემიერ- მინისტრს, გრიგოლ მგალობლიშვილს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადასამუშავებლად ვადა 15 ნოემბრამდე მისცა. საქმე ისაა, რომ ძველი მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანომ სოციალური პრიორიტეტების ნაკლებობის გამო დაიწუნა. პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების წინ გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ კორექტირების შემდეგ მომავალი წლის ბიუჯეტი ახალი მთავრობის ახალ ამოცანებს უპასუხებს:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „ეს ბიუჯეტი უნდა იყოს აღდგენის და დასაქმების ბიუჯეტი. ამიტომ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მე დავიწყებ ბიუჯეტის პროექტის განხილვას, თქვენთან კონსულტაციას, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს იმ ამოცანებსა და გეგმებს, რომლებიც დასახული აქვს მთავრობას.“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობა ბიუჯეტის პროექტში იმ სოციალურ დაპირებებს ასახავს, რომლებიც მიმდინარე წლის მანძილზე გასცა:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ გათვალისწინებული იქნება ის საკითხები, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის - მასწავლებელთა ხელფასების ზრდა; აქედან გამომდინარე, ვაუჩერების რაოდენობის გაზრდის დაფინანსება, ასევე პენსიების 100 დოლარამდე გაზრდა და ჩინოვნიკების ხარჯების შემცირება.“

მასწავლებელთა ხელფასის 50 ლარით მომატებისა და ყველაზე გაჭირვებული ფენისთვის საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზრდის გარდა, მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარ ამოცანას სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდაც წარმოადგენს. თუ როგორ უნდა შეძლოს ეს 2009 წლის საფინანსო გეგმამ, ჯერჯერობით არავის განუმარტავს. 5 ნოემბერს, ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე, ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტის წევრებს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხოლოდ ხალხთან დაახლოება დაავალა:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „ეს უნდა იყოს ბიუჯეტი, რომელიც რეალურად ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც შექმნის იმ გარემოს, იმ ახალ მასტიმულირებელ ფაქტორებს, რაც დაასაქმებს ჩვენს ხალხს. ამისთვის მოგიწოდებთ, უფრო მეტი ეკონტაქტოთ ხალხს.“

ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ სამუშაო ადგილების შექმნას ინვესტიციების მოცულობისა და ეკონომიკის ლიბერალიზაცია იწვევს. სახელმწიფო ბიუჯეტს კი ამის გაკეთება სახელმწიფო შესყიდვების მოცულობის გაზრდით შეუძლია. მომავალი წლის ბიუჯეტიდან რამდენიმე ასეული მილიონი ლარი აგვისტოს ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას მოხმარდება. ეკონომიკის ექსპერტის დავით ებრალიძის კომენტარი:

[დავით ებრალიძის ხმა] „რაც უფრო მეტ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს სამუშაო ადგილებზე. მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა იმის იმედი კი არ უნდა გვქონდეს, რომ სამუშაო ადგილები გაიზრდება, არამედ აქ უნდა იყოს ლაპარაკი არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.“

სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტმა სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდისა და სხვა ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად სამთვიანი ვადა მისცა.

XS
SM
MD
LG