Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ისკანდერები”, რომლებსაც ევროპას უმიზნებს, რუსეთმა საქართველოსთან ომში გამოიყენა


ნატოს შტაბბინა მწვავედ გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის იდეას კალინინგრადში ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები განლაგდეს.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექს ”ისკანდერის” სამიზნე ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდრე ევროპას დაუმიზნებდა, რუსეთმა ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები აგვისტოს ომის დროს საქართველოზე გამოსცადა, მაგრამ მაშინ ამ ფაქტისათვის ევროპის სახელმწიფოებს დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ.

ნატომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კალინინგრადში საშუალო სიშორის რაკეტები განალაგოს. საუბარია ახალი თაობის სარაკეტო კომპლექსებზე, ”ისკანდერ მ”-ზე, რომელიც კალინინგრადიდან თავისუფლად მისწვდება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს. „თუ მედიის ინფორმაციები მედვედევის განცხადების შესახებ დადასტურდება, ეს სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს შეიარაღებაზე კონტროლის არსებულ შეთანხმებებთან შეუსაბამობის გამო”, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ლიდერის 5 ნოემბრის გამოსვლას ნატოს წარმომადგენელი რობერტ პშელი, რომლის გამონათქვამებს 6 ნოემბერს რუსეთისა და საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები იმოწმებენ. თუმცა ეს შეშფოთება ცოტა დაგვიანებული ეჩვენება ცნობილ სამხედრო მიმომხილველს გაზეთ ”კვირის პალიტრიდან”, ირაკლი ალადაშვილს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ”ისკანდერ მ”-ის განლაგება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას და არღვევს სტრატეგიულ ბალანსს, რომელიც ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ წარმოიქმნა.

[ირაკლი ალადაშვილი]

თუმცა რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს არ დაუკონკრეტებია საშუალო სიშორის რაკეტების კალინინგრადში განლაგების ზუსტი თარიღი. ეს დახურული ინფორმაციაა, მაგრამ, გაზეთ ”კომერსანტის”ცნობით, ”ისკანდერ მ”-ის რაკეტებით ქალაქ ჩერნიახოვსკთან (კალინინგრადის ოლქი) განლაგებული სარაკეტო ბრიგადის აღჭურვა ჯერ კიდევ 2008 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, რაც ნაჩქარევ გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული, რამდენადაც რაკეტების გადასროლა მთელი დაჯგუფების გაზრდას და დიდ ფინანსურ დანახარჯებს ითხოვს. თანაც, ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო ბაზა პოლონეთში საბრძოლო მორიგეობას 2010-2011 წლიდან შეუდგება. მანამდე, ცხადია, არც რუსი სტრატეგები სხედან გულხელდაკრეფილები. თუ ნატოს ქვეყნებს რუსეთი მხოლოდ ”ისკანდერების” პოტენციურ სამიზნედ განიხილავს, სამაგიეროდ, მოსკოვისთვის არაფერს შეუშლია ხელი, რათა ტაქტიკური რაკეტები მეზობლის ტერიტორიაზე გამოეცადა. სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ აგვისტოს ომში რუსეთმა საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ბალისტიკური რაკეტით დაბობმა.

[ირაკლი ალადაშვილი]

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ”ისკანდერ მ”-ის თავში შეიძლება განთავსდეს როგორც კასეტური და ფუგასურ-მსხვრევადი, ასევე ბირთვული და ქიმიური საბრძოლო ქობინა. თანაც, საბრძოლო ქობინის მასა 480 კილოგრამს აღწევს და შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მიწისზედა სამიზნე დიდი სიზუსტით, რომლის ცდომილება მხოლო 6-7 მეტრს შეადგენს. თუმცა ოფიციალური რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე ტაქტიკური რაკეტების ან კასეტური ბომბების გამოყენების მცდელობას, რის გამოც ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ფრთხილად ეკიდება საქართველოს მიერ წარდგენილ ნივთმტკიცებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG