Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მთავრობის შედგენაზე ზრუნვას იწყებს


მსოფლიოს მასმედიის ყურადღების ცენტრში კვლავინდებურად ბარაკ ობამა რჩება. ოღონდ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაანალიზება

და ობამას გამარჯვებაზე საერთაშორისო გამოხმაურების მიმოხილვა ჩრდილში მოაქცია სხვა თემამ: ბარაკ ობამას მზადებამ ვაშინგტონისთვის თავისი პოლიტიკური გუნდის შესაქმნელად. ობამას სურვილია, რომ მთავრობის შემადგენლობა გარკვეული იყოს მის ინაუგურაციამდე, ანუ 20 იანვრისთვის.

ვაშინგტონში უკვე გადაწყვეტილად ითვლება, სულ ცოტა, ერთის ბედი - ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტებიდან. ეს არის თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც, სავარაუდოდ, რამ იმანუელი დაიკავებს, დემოკრატი კონგრესმენი.

იმანუელი 48 წლისაა (მომავალ პრეზიდენტზე ერთი წლით უფროსი), მაგრამ უკვე გამოცდილ ვეტერანად ითვლება, რამდენიმე წელი მუშაობდა პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგან მასზეა დამოკიდებული სამუშაო პროცესის ორგანიზება თეთრ სახლში.

[ბრაიან უიტმორის ხმა] “ეს არის კაცი, რომელიც, შეიძლება ითქვას, პრეზიდენტის კართან დგას - კაცი, რომელზეც დამოკიდებულია, შეხვალ თუ ვერა პრეზიდენტთან. კონგრესმენ იმანუელის შერჩევით, ობამამ არჩევანი შეაჩერა ვაშინგტონში ძალიან კარგად გათვითცნობიერებულ კაცზე, რომელიც იქ ჩიკაგოდან არის ჩასული, დიდი ხანია მხარს უჭერს ობამას. ყველაზე მთავარი კი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რაც შეეხება - არის ის, რომ მას უნდა ენდობოდე, აბსოლუტურად,”- განმარტავს ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი, ბრაიან უიტმორი. მისივე თქმით, ყველა ჩამოთვლილი ასპექტის გათვალისწინებით, რამ იმანუელი კარგ არჩევანად ითვლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტისთვის.

მალევე აპირებს ობამა კანდიდატურის შერჩევას კიდევ ერთი საკვანძო მნიშვნელობის პოსტზე: ეს არის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც, გლობალური საფინანსო კრიზისის ფონზე, ბუნებრივია, რომ გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლო კანდიდატებს შორის ასახელებენ ლორენს სამმერს - ისიც კლინტონის ადმინისტრაციის წევრი იყო, ახლა კი ჰარვარდის უნივერსიტეტში ასწავლის.

გამორჩეულ ინტერესს იწვევს აგრეთვე, ვინ მოექცევა სათავეში საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ოპონენტების კრიტიკას იწვევდა ობამას - მათი შეფასებით - სირბილე ტერორიზმის პრობლემასთან მიმართებით. ახალი პრეზიდენტი ყველანაირად შეეცდება, თავიდან აიცილოს მასშტაბური ტერაქტი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე - განსაკუთრებით მმართველობის პირველ თვეებში.

უცხოეთში კი განსაკუთრებული ინტერესით მოელიან, ვინ ჩაუდგება სათავეში აშშ-ის საგარეო უწყებას, ვინ გახდება სახელმწიფო მდივანი, რომელსაც მოუწევს მუშაობა საკითხებზე, როგორიცაა - ობამას დაპირებისამებრ - ამერიკელი სამხედროების მოკლე ვადებში გაყვანა ერაყიდან, უსაფრთხოების მხრივ მძიმე ვითარების გამოსწორება ავღანეთში, ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის მოგვარების პროცესი, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა, რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობა.

სახელმწიფო მდივნის პოსტისთვის კანდიდატების რიცხვში რესპუბლიკელებიც კი სახელდებიან. ისევ ბრაიან უიტმორს მოვუსმინოთ:

[ბრაიან უიტმორის ხმა] “პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური მოტივი იყო ბოლოს მოღება პარტიული დაპირისპირებისთვის ვაშინგტონში. ეს არ ნიშნავს, რომ ორი პარტია ყველაფერში საერთო პოზიციას გამონახავს, მაგრამ ობამას სურს, ბოლო მოუღოს ერთმანეთის აგდებულად მოხსენიებას, პოლიტიკურ უმწიფრობას, რაც დედაქალაქს ბოლო წლებში ახასიათებს.”

რაც შეეხება კონკრეტულ თანამშრომლობას, განაგრძობს ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი, ლაპარაკია რამდენიმე რესპუბლიკელის კანდიდატურებზე საკვანძო პოსტებისთვის ობამას მთავრობაში. [ბრაიან უიტმორის ხმა] “მაგალითად, თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი. ვაშინგტონში ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ პრეზიდენტი ობამა, სულ ცოტა, მოკლე ვადით მაინც დატოვებს გეიტსს თავდაცვის მინისტრის პოსტზე - პოლიტიკური კურსის გასაგრძელებლად. ასეა თუ ისე, ამერიკა ამჟამად ორ ომს აწარმოებს! რაც შეეხება სხვა შესაძლო კანდიდატურებს ობამას მთავრობის მაღალი პოსტებისთვის, ლაპარაკია სენატორ რიჩარდ ლუგარზე, სენატორ ჩაკ ჰეიგელზე - ორ რესპუბლიკელზე, რომელთაც ასახელებენ შესაძლო სახელმწიფო მდივნად და შესაძლო თავდაცვის მინისტრად! ამდენად, ვფიქრობ, ამჟამად ვაშინგტონში ორ პარტიას შორის თანამშრომლობის გაცილებით მეტი შანსია, ვიდრე დიდი ხნის მანძილზე გვინახავს”.
XS
SM
MD
LG