Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა


ობამას ტრიუმფი - ეს არის თემა, რომელსაც დღეს ყველა ქართული გაზეთი აშუქებს.

გაზეთების მიერ გამოკითხულ ექსპერტ–პოლიტოლოგთა თვალსაზრისით, რუსეთის მიმართ ბუშის კონფრონტაციული პოლიტიკის შემდეგ, ობამას შედარებით ზომიერმა პოლიტიკამ, შესაძლოა, კავკასიაში სტაბილურობის დამყარებას შეუწყოს ხელი. საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭრის ხარისხი არ დაიკლებს, - უთხრა გაზეთ „რეზონანსს“ გიორგი ხუციშვილმა, რომლის აზრითაც, ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტი დაარეგულირებს ურთიერთობებს არა მარტო რუსეთთან, არამედ ირანთანაც. „ ბარაკ ობამას პოლიტიკა დაემყარება არა რიტორიკას, არამედ რეალურ სიძლიერეს. საქართველოში ხშირად ეშლებათ ერთმანეთში რეალობა და რიტორიკა. ობამას პოლიტიკა რუსეთის მიმართ რთული არ იქნება. ის ადვილად მოახერხებს რუსეთის ჩართვას საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც რუსეთს სერიოზულ პასუხისმგებლობას დააკისრებს. აქედან გამომდინარე, რუსეთს არ ექნება მხოლოდ დომინანტად ყოფნის სურვილი“, - ფიქრობს გიორგი ხუციშვილი.

ქართულ პრესას დღეს არც ის გამორჩენია მხედველობიდან, რა მესიჯები გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის მომავალ ადმინისტრაციას პრეზიდენტის არჩევნების დღეს, 5 ნოემბერს. „ჩვეული აგრესიული ტონი“ –სტატიაში, რომელსაც გაზეთი „24 საათი“აქვეყნებს, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დუმის წინაშე გამოსვლისას ვაშინგტონს პასუხისმგებლობა დააკისრა როგორც საქართველოში აგვისტოში განვითარებული საომარი მოქმედებების, ისე ფინანსური კრიზისისა და აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განლაგების გამო. გუშინდელი გამოსვლის დროს მედვედევმა ობამას არჩევნებში გამარჯვება არც კი მიულოცა, -წაიკითხავთ, ასევე ”24 საათში” გამოქვეყნებულ სტატიაში „ ექსპერიმენტის შედეგების მოლოდინი“: ”კრემლმა პირველივე დღეს გაუშვა შანსი თბილი სიტყვებით ობამას გული მოეგო. სამაგიეროდ, გათვალა იმაზე, რომ სიხისტითა და მკაცრი განცხადებებით ამერიკის გამოუცდელი პრეზიდენტის დაშინებას შეძლებს, რადგან კრემლის ამოცანაა პირველივე შესაფერის მომენტში ობამა წელში გადატეხოს და ამით სრული უპირატესობა მოიპოვოს. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ამერიკას აქვს თავისი მყარი ნაციონალური ინტერესები და ეს ინტერესები არც ობამას ცვლილებებს ექვემდებარება.“

„ობამამ გაიმარჯვა, რა ელის საქართველოს ხელისუფლებას“– საკითხს კი ამგვარად გაზეთი „ ყველა სიახლე“ სვამს და შეკითხვას თავადვე უპასუხებს: „ სააკაშვილის ხელისუფლებას ხელახლა მოუწევს ვაშინგტონის სახელისუფლებო დერეფნებში ახალი კავშირების დამყარება, თუკი, რა თქმა უნდა, დასცალდა. რესპუბლიკელებისაგან განსხვავებით, დემოკრატები, ტრადიციულად, უაღრესად კრიტიკულნი არიან იმ მთავრობების მიმართ, რომელთა მმართველობისას უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიის სხვა ძირითადი პრინციპები”, - წაიკითხავთ გაზეთ „ყველა სიახლეში“, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებას, ამ მხრივ, იმიჯი ფრიად შელახული აქვს და ნაგვიანევი კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის.
XS
SM
MD
LG