Accessibility links

logo-print

სამხედრო ექსპერტი დანკან ლენოქსი “ისკანდერის “ ტიპის რაკეტების განთავსების გეგმის შესახებ


“ამ განზრახვით კრემლი უფრო მყეფარ ძაღლს ემსგავსება,

ვიდრე კბენისთვის მზადმყოფს”, ასე აფასებს რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ მოსკოვი ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან, კალინინგრადის ოლქში, “ისკანდერის” ტიპის რაკეტებს განათავსებს, “ჯეინის სტრატეგიული სამხედრო სისტემების” გამომცემელი დანკან ლენოქსი.

“ისკანდერი” რაკეტების ოჯახის დასახელებაა. მასში შედის რამდენიმე ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი: “ისკანდერ-ე”, ასევე “ისკანდერ-ემ” და “ისკანდერ-კა”, - განგვიმარტავს ლენოქსი და გვიხსნის, რომ პირველი საექსპორტო ვერსიაა, რომლის მოქმედების მანძილი 280 კილომეტრია და მეორე, რუსეთის შეიარაღებაში არსებული, -უფრო შორს მოქმედი, 400 კილომეტრამდე სიშორის რაკეტა. ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ რუსები არ იძლევიან ცხად ინფორმაციას იმაზე, თუ როგორია მათ შეიარაღებაში არსებული რაკეტების მოქმედების ზუსტი მანძილი.
რაც ამ რაკეტებს ახასიათებს, ყოფილა მათი მიზანში მოხვედრის მაქსიმალური სიზუსტე. რამდენად მართალია ეს, როგორია, სინამდვილეში, მათი სიზუსტე?
ლენოქსი განმარტავს:

(ლენოქსის ხმა) “დიახ, ძალიან ზუსტია. 30 მეტრია მიზნიდან გადახრა და, თანაც, ერთი ქობინი აქვს, მისი წონა კი 480-დან 700 კილოგრამამდეა და ძლიერი აფეთქება მოჰყვება ხოლმე. მისი ამუნიცია არაერთ მცირე ბომბს შეიცავს.”

აქვე გეტყვით, რომ “ისკანდერის” ტიპის რაკეტის აღჭურვა შეიძლება სხვადასხვა ამუნიციით, იმის მიხედვით, თუ რა მიზანს დაუსახავენ რაკეტას - ტანკსაწინააღმდეგო, ბუნკერების გასანადგურებელი თუ მიზნის თვითმაძიებელი ბომბებით, რომელთა რიცხვი ათეულობით შეიძლება იყოს.

იმ კონტექსტში,რომ რუსეთი ამ ტიპის რაკეტებს კალინინგრადის ოლქში განათავსებს, პოლონეთსა და ჩეხეთში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემების საპასუხოდ, საინტერესოა, თუ რამდენად ძალუძს მოსკოვს “ისკანდერი” უფრო შორი მოქმედების რაკეტად აქციოს.
დანკან ლენოქსი ლაპარაკობს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომელიც საშუალო სიშორის ბირთვულ შეიარაღებას ეხება:

(ლენოქსის ხმა) “ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან რუსეთი ჩართულია საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის ხელშეკრულებაში, რომელიც 1987 წელს დაიდო და რომელიც უკრძალავს აშშ და რუსეთს ჰქონდეთ 500 კილომეტრზე მეტი სიშორის ბალისტიკური რაკეტები. ორივე ქვეყანამ გაანადგურა თავიანთი “ეს-ეს 23”, რადგან ის უფრო შორი მოქმედებისა იყო. ვფიქრობ, ისინი თავს შეიკავებენ, გაზარდონ მოქმედების მანძილი, რადგან შეთანხმება ძალაშია.”

ერთი დამატება: რუსეთი წარსულში დაიმუქრა, რომ გამოვიდოდა ამ ხელშეკრულებიდან, მაგრამ ამ განზრახვას განვითარება არ მოჰყოლია.

ახლა რაც შეეხება სამიზნეს, პოლონეთში ანტისარაკეტო გადამტაც რაკეტებს და ჩეხეთში რადარს. მისწვდება თუ არა კალინინგრადის ოლქიდან “ისკანდერი” პოლონეთში აშშ-ის ბაზას? ლენოქსი ამბობს, რომ მისწვდება, მაგრამ, ალბათ, ვერ დააზიანებს. რატომ გგონიათ, რომ ვერ დააზიანებს?

(ლენოქსის ხმა) “იმიტომ რომ, თუკი ამერიკელები ოდესმე განათავსებენ თავიანთ რაკეტებს პოლონეთში, ისინი მიწისქვეშა სილოსში განთავსდება და დიდი დარტყმის რაკეტასაც გაუჭირდება მათი დაზიანება, თუკი არ იქნა განსაკუთრებულად ზუსტი დარტყმა და ძალიან წარმატებული ნასროლი.”

რაც შეეხება ჩეხეთს, ჩვენი თანამოსაუბრე ფიქრობს, რომ ამ მანძილზე რადარს კალინინგრადიდან რუსული რაკეტა ვერ მისწვდება.

მაშ რა ხდება, რუსეთის ეს გეგმა მხოლოდ მუქარაა?
ლენოქსი ფიქრობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, რომელიც ვაშინგტონმა არ შეცვალა, რუსეთის პროტესტის მიუხედავად, მოსკოვს აღიზიანებს და გაანაწყენებს. მაგრამ ეს ხომ არ არის ახალი ინიციატივა? არა, ამბობს ლენოქსი. ბოლო 9 თვის მანძილზე რუსეთის მაღალი რანგის პოლოტიკოსები - ასევე მთავრობის წევრები - ამაზე ლაპარაკობდნენ. აშშ-ის ეს ქმედება, მართლაც, იწვევს მათ გაღიზიანებას და იმედგაცრუებას.

ჩვენმა კორესპონდენტმა ჰკითხა დანკან ლენოქსს, რომელიც “ჯეინის სტრატეგიული სამხედრო სისტემების” გამომცემელია, მართალია თუ არა, რომ რუსეთს “ისკანდერის” ტიპის რაკეტების განვითარების საქმეში შეფერხება ჰქონდა.

(ლენოქსის ხმა) “არაერთი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის - რუსეთის არმიაში ფინანსების ნაკლებობა , რომელსაც ახლა გამოასწორებენ. თუ გახსოვთ ნიდერლანდის მთავრობის სრულიად აშკარა განცხადება, რომ ზაფხულში საქართველოში “ისკანდერი” იქნა გამოყენებული, რასაც რუსეთი უარყოფს.”

თვითონ ლენოქსი ფიქრობს, რომ ნიდერლანდის პოზიცია სარწმუნოა. მან სათანადოდ გამოიძია თავისი ჟურნალისტის სიკვდილი და ამიტომ მგონია, რომ რუსეთის არმია ”ისკანდერებს” მოიხმარსო, გვითხრა მან.

შეგახსენებთ, რომ გორში რუსეთის არმიის მიერ ამ ტიპის რაკეტის გამოყენებას მოჰყვა სწორედ ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის, სიკვდილი.
XS
SM
MD
LG