Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი და კონგრესი დემოკრატიული პარტიის ხელში


შეერთებულ შტატებში 4 ნოემბერს გამართულ არჩევნებში არა მარტო დემოკრატი პრეზიდენტი აირჩიეს:

დემოკრატიულმა პარტიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები ქვეყნის კონგრესშიც. ხომ არ მოასწავებს ეს გარემოება სახელისუფლო ბალანსის დარღვევას, რაც - როგორც ბევრი სხვა ქვეყნის, თუნდაც რუსეთის, ან საქართველოს მაგალითები აჩვენებს - საფრთხეს მოიცავს დემოკრატიისთვის?

[ბარაკ ობამას ხმა] “დღეს საღამოს - იმის შედეგად, რაც გავაკეთეთ დღეს, რაც გავაკეთეთ ამ არჩევნებში, ამ გადამწყვეტ მომენტში - ამერიკაში ცვლილება დადგა”.
ეს სიტყვები შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 4 ნოემბერს წარმოთქვა გამარჯვებულმა ბარაკ ობამამ ჩიკაგოში, 100 000-მდე მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას. მისმა გამარჯვებამ წერტილი დაუსვა შეერთებული შტატების ორი პოლიტიკური პარტიის დაძაბულ ბრძოლას თეთრი სახლის გასაკონტროლებლად - და არა მარტო თეთრი სახლისა.

იმავე დღეს არჩევნებით განისაზღვრა წარმომადგენელთა პალატის მთელი ახალი შემადგენლობა, აირჩიეს სენატის 35 წევრიც. ამჟამინდელი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს დამატებით 20 მანდატი ერგოთ, სენატში - დამატებით 6, რაც ორივე პალატაში უმრავლეობის განაღდებას ნიშნავს.

არჩევნების დასრულების შემდეგ მაკკეინმა ყველა მომხრეს მოუწოდა პარტიული დაპირისპირების დასრულებისკენაც: [ჯონ მაკკეინის ხმა] “მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, ვინც მე დამიჭირა მხარი, რომ მხარში ამომიდგნენ არა მარტო ბარაკ ობამასთვის გამარჯვების მილოცვით, არამედ მისთვის ჩვენი კეთილი ნებისა და სერიოზული ძალისხმევის შეთავაზებით, რათა ვიპოვოთ ერთმანეთისაკენ მიმავალი გზები, მივაღწიოთ საჭირო კომპრომისებს, გადავლახოთ ერთმანეთთან უთანხმოებები და ხელი შევუწყოთ ჩვენი კეთილდღეობის აღდგენას, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება ამ სახიფათო მსოფლიოში და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვოთ იმაზე უფრო ძლიერი, იმაზე უკეთესი ქვეყანა, ვიდრე ჩვენ გვერგო”.

სენატორი ჯონ მაკკეინი, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მართალია, ერთსულოვნებისაკენ ამ მოწოდებით გამოვიდა, მაგრამ დამარცხებამდე ამომრჩეველს მოუწოდებდა: ხმა მიეცათ მისთვის, რესპუბლიკელი მაკკეინისთვის, რადგან დემოკრატი ობამას არჩევის შემთხვევაში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოები ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდებოდა, რაც, საფრთხეს მოიცავს დემოკრატიისათვის.

ეს საფრთხე რომ არსებობს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობის, მათ შორის საქართველოს მაგალითზეც ჩანს. მაგრამ დასავლეთის დემოკრატიებში საქმე მაინც სხვაგვარადაა: სახელმწიფოს ლიდერი ვერ სარგებლობს გაუკონტროლებელი ძალაუფლებით მაშინაც კი, თუკი მისივე პარტია დომინირებს საკანონმდებლო ორგანოშიც.

მიზეზი ცნობილია - ძალაუფლების განაწილება აღმასარულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სახელისუფლო შტოებად. შედეგად, შეერთებულ შტატებში ერთი პარტიის ხელში რომ იყოს თეთრი სახლიც და საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაც, ის მაინც კონტროლდება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. მას შეუძლია, მაგალითად, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს რომელიმე კანონი, ან მთავრობის გადაწყვეტილება; შეუძლია კანონის ინტერპრეტირება სასამართლოში საქმის განხილვისას. ამას გარდა, კონსტიტუციაში შესწორების შეტანა შეერთებულ შტატებში მეტად რთული პროცესია, ითვალისწინებს მასში ყველა შტატის საკანონმდებლო ორგანოების მონაწილეობას. ეს კი ფრიად აძნელებს კონსტიტუციის შეცვლას, ასე რომ უყვართ დიქტატორებს მთელს მსოფლიოში.

და კიდევ: შეერთებულ შტატებში მმართველი პარტიის ინტერესებშივე შედის კონგრესში ოპოზიციასთან თანამშრომლობა თუნდაც იმიტომ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი კანონ-პროექტების დასამტკიცებლად, საკმარისი არ არის კანონდმებელთა უბრალო უმრავლესობა: ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

და ესეც რომ არ იყოს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის არჩევნები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ძალთა ბალანსი მალე შეიძლება ისევ შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG