Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას რთული ამოცანები


ორ თვეზე ცოტა მეტიც და ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტი გახდება. ამოცანები, რომელთა წინაშეც ის დგას, რთულია: მათ შორის გლობალური საფინანსო კრიზისი,

ომები ერაყსა და ავღანეთში და ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც, თუ ერთი დასავლელი ჟურნალისტის სიტყვებს მოვიშველიებთ, “კალინინგრადში რაკეტების განთავსების გეგმით მიესალმა” ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევას. როგორ უნდა გაუმკლავდეს ობამა ამ გამოწვევებს?

ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებით, ობამამ სწრაფადვე უნდა მიმართოს ზომებს საფინანსო კრიზისის წინააღმდეგ. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ობამას ახლავე მართებს ფინანსთა მინისტრის დანიშვნა, რათა უკვე დააწყებინოს მუშაობა ამჟამინდელ ფინანსთა მინიტრ ჰენრი პოლსონთან ერთად, პოლსონის გადადგომის შემდეგ კოორდინირებული ზომების გასაგრძელებლად.

მაგრამ არიან ექსპერტები, რომლებიც ასეთ ნაბიჯს არ ემხრობიან. ვაშინგტონში მოღვაწე ისტორიკოსის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ ლიო რიბაფოს შეფასებით, უმჯობესია, ობამამ არ იჩქაროს და მშვიდად გააკეთოს არჩევანი - სწორი არჩევანი - ფინანსთა მინისტრის პოსტზე კანდიდატურის შერჩევისას. და საერთოდაც, ნუ იჩქარებს მასშტაბური პროექტების წამოწყებას, მაგალითად, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

[ლიო რიბაფოს ხმა] “მართალია, ეს კრიზისი, როგორც ჩანს, უარესია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რიგითი რეცესია, რომელიც ერთი წელი, ან შეიძლება ცოტა მეტი გაგრძელდეს. მაგრამ ჩვენ ჯერ მაინც არ ვიცით, რამდენად მძიმე იქნება ის. ორ წელიწადში ეკონომიკა შეიძლება ისევ დადგეს ფეხზე. ამიტომ კონგრესში დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ - და შესაძლოა, ეს სწორიც იყოს - ახალი დიდი პროექტების წამოწყებას. რაც არ ნიშნავს, თითქოს გამართლებული არ იყოს გარკვეული გონივრული ხარჯების გაღება ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად”.

ლიო რიბაფოს პოზიციას იზიარებს ვაშინგტონშივე მოღვაწე პოლიტოლოგი, დემოკრატიული ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი პატრიკ ბეშემი. ის აღნიშნავს, რომ ობამას, ცხადია, უნდა ჰქონდეს მომზადებული გარკვეული პროგრამა, რათა ინაუგურაციის შემდეგ დრო არ დაკარგოს. მაგრამ მანამდე მისმა გუნდმა, უბრალოდ, უნდა შეისწავლოს და გადასინჯოს ფედერალური ხარჯები, რათა იცოდეს, რით დააფინანსებს მნიშვნელოვან პროექტებს.

ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ვარაუდობენ, რომ ობამას გუნდი ხარჯების დაზოგვას შეეცდება, მაგალითად, ერაყიდან ჯარების გამოყვანით. ლაპარაკია თვეში 10 მილიარდი დოლარის დაზოგვაზე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ობამას ნათქვამი აქვს, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანას დაიწყებს პრეზიდენტიდან ინაუგურაციიდან 16 თვეში.

[ლიო რიბაფოს ხმა] “გამიხარდებოდა, ერაყიდან ყველა ამერიკელი ჯარისკაცი რომ გამოიყვანონ, მაგრამ ჩემი ვარაუდით, მათ ნაწილს იქ დატოვებენ საწვრთნელი პროგრამებისთვის - ერაყის მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე - გარკვეული სტაბილურობისთვის, სანამ იქ ვითარება მართლაც სტაბილური გახდება - თუ ოდესმე გახდა”.

ერაყიდან საბრძოლო შენაერთების გაყვანის გეგმას მიესალმება პოლიტოლოგი პატრიკ ბეშემიც, რომლის შეფასებითაც, ასეთი ნაბიჯი არა მარტო მკვეთრად შეამცირებს სამხედრო ხარჯებს, არამედ ხელს შეუწყობს ამერიკის რეპუტაციის გაუმჯობესებას მთელს მსოფლიოში. მაგრამ თუ გამოთავისუფლებული რესურსები პირდაპირ ავღანეთისაკენ მიმართეს, ეს სამხედრო ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. ამ პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად, განაგრძობს ბეშემი, ამერიკას ნატოელი მოკავშირეების უფრო აქტიური დახმარება ესაჭიროება.

[პატრიკ ბეშემის ხმა] “თუ ობამა კონტრტერორისტული ძალისხმევის მასშტაბის გაზრდას აპირებს იმისთვის, რომ საკუთარი სიმტკიცის დემონსტრირება მოახდინოს, შეუძლია ყურადღება გაამხვილოს ავღანეთზე. მან, ალბათ, უფრო ძლიერი არგუმენტი უნდა მოიშველიოს ევროპელებთან - მიუთითოს იმაზე, რომ 11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ევროპას უფრო მეტი ზიანი მიაყენეს ტერორისტებმა და მათმა ადგილობრივმა მიმდევრებმა, ვიდრე შეერთებულ შტატებს”.

რაც შეეხება რუსეთს - მოსკოვთან ვაშინგტონის ურთიერთობა, როგორც ცნობილია, მკვეთრად არის გაუარესებული. უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ამჟამად კი ვაშნიგტონში განთავსებული ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელი, სტივენ პაიფერი ბარაკ ობამას ურჩევს, ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუდგეს შეიარაღების გაკონტროლების შესახებ ახალი ინიციატივით. ეს, მართალია, მთავარი საკითხი არ არის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში, მაგრამ შეუძლია, ხელი შეუწყოს სხვა საკითხებზე მოლაპარაკებასაც, იქნება ეს ნატოსთან, თუ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობა.

სტივენ პაიფერს, ერთი მხრივ, იმედი აქვს, რომ ობამას დიპლომატიური და რიტორიკული ნიჭი ხელს შეუწყობს მხარეების დაახლოებას. მაგრამ ამერიკელი ექსპერტი იმავდროულად შიშობს, რომ მოსკოვში მავანი დაინტერესებულია ამერიკასთან ცუდი ურთიერთობით.

[სტივენ პაიფერის ხმა] “რამდენად დაინტერესებული არიან რუსები ამ ურთიერთობის შეცვლით? კრემლში არის ხალხი - და მე ვერ გეტყვით ეს დიდი ჯგუფია, თუ პატარა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხალხი კრემლში ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებთან ცუდი ურთიერთობა კარგია საშინაო პოლიტიკისთვის, რადგან ამ ხალხს აძლევს შესაძლებლობას თქვან: “გვაქვს ბევრი პრობლემა, ეს ამერიკელების ბრალია”. ეს ხალხი სავსებით შეგნებულად არიდებს თავს ცნებას საფინანსო “კრიზისი” და ძალიან, ძალიან ხშირად აცხადებს: “არსებობს გლობალური საფინანსო პრობლემა, რაც ამერიკელების ბრალია”.

ასეთ ვითარებაში - რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მხრივ - ობამა ვერაფერს გახდებაო, ამ პესიმისტურ დასკვნამდე მიდის ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.
XS
SM
MD
LG