Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღნიშნა 7 ნოემბერი ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც პარლამენტის წინ მოწყობილ აქციას არ შეუერთდა


2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის იმ მონაწილეებმა და ლიდერებმა, რომლებიც პარლამენტის წინ მოწყობილ აქციას არ შეუერთდნენ, ერთი წლის წინანდელი მოვლენები სხვადასხვაგვარად გაიხსენეს.

ცნობილი მოვლენების აქტიურმა მონაწილეებმა, გიორგი ცაგარეიშვილმა და გია თორთლაძემ, 7 ნოემბერი სამების საკათედრო ტაძარში აღნიშნეს. პარლამენტის წინ არ მისულა ნოემბრის მოვლენების აქტიური მონაწილე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. ხოლო საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სახით, ტელეკომპანია ”იმედის” წინ შეიკრიბა. მინდა გიამბოთ, როგორ აღნიშნა 7 ნოემბერი ოპოზიციის იმ ნაწილმა რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას არ შეუერთდა.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტის წინ მოწყობილ აქციას არ შეუერთდა, სხვადასხვაგვარად განმარტავს საკუთარ გადაწყვეტილებას. ეროვნული საბჭოს ყოფილმა წევრებმა გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს დემოკრატიული პარტია, შექმნეს და 7 ნოემბერი სამების საკათედრო ტაძარში აღნიშნეს. თუ რატომ, ამას გია თორთლაძის განცხადებიდან შეიტყობთ:

[გია თორთლაძის ხმა] „ერთი წელი გავიდა 7 ნოემბრის შემდეგ... ეს გახლავთ ის ადგილი, სადაც თავი შეაფარა რუსთაველიდან და რიყიდან განდევნილმა ხალხმა. ამიტომ ჩვენ ჩვენებურად გამოვხატავთ პროტესტს.“

გია ცაგარეიშვილის განცხადებით კი, ყველას კონსტიტუციური უფლებაა პროტესტი თავისთვის სასურველი ფორმით გამოხატოს:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ეს დღე დავიწყებას არ მიეცემა და არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა...“

ამ უფლებით ისარგებლა საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი თარგამაძემ, და მისმა პარტიამ. ქრისტიან-დემოკრატები ტელეკომპანია ”იმედთან” შეიკრიბნენ და ერთი წლის წინ ტელეკომპანიაში მომხდარი მოვლენები დაგმეს:

[გიორგი თარგამაძის ხმა] „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც განიცდის დღესაც იმას, რაც მოხდა 1 წლის წინ, ვისთვისაც 7 ნოემბერი იყო დიდი გაკვეთილი. ეს იყო ილუზიების მსხვრევა, რომ საქართველოში ძალადობით მოსული ხელისუფლება ვერასოდეს სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას.“ (სტილი დაცულია)

ქრისტიან-დემოკრატებმა ტელეკომპანია ”იმედის” ძველი მფლობელისთვის დაბრუნება მოითხოვეს და შემდეგ დიდუბის ეკლესიაში გადაინაცვლეს.

ერთი წლის წინანდელ მოვლენებს გამოეხმაურა და საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ახლა კი ოპოზიციური ორგანიზაციის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ. იგი იმის ახსნას შეეცადა, თუ რატომ გამოვიდა ერთი წლის წინ ოპოზიციის საწინააღმდეგო განცხადებებით:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „მაშინდელი მკაცრი განცხადება იყო გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი არ მოხდებოდა და ქუჩებში ტანკები არ ივლიდნენ.“

ნინო ბურჯანაძისგან განსხვავებით, 1 წლის წინანდელი მოვლენების აქტიური მონაწილე იყო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. მიუხედავად ამისა, ის პარლამენტის წინ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას არ შეუერთდა, რადგან მიაჩნია, რომ აქციის ფორმა სულ სხვაგვარი უნდა ყოფილიყო:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „მდუმარე აქცია იქნებოდა ყველაზე შესაფერისი შექმნილი ვითარების, რომელზეც საზოგადოებრივად ცნობილი სახე გააცნობდა საზოგადოებას ჩვენს წუხილს და მოთხოვნებს და შემდგომ, ვთვლიდით, რომ პატივი უნდა მიგვეგო დაღუპულთა ხსოვნისათვის გმირთა მოედანზე და ამით ხაზი გაგვესვა, რომ საქართველოს ჰყავს ორი მოძალადე და ორი მტერი, ესაა ხელისუფლება და რუსეთი და ჩვენ არც ერთ მტერთან ბრძოლაში არ უნდა დავივიწყოთ მეორის არსებობა და ამით სხვას არ მივცეთ საშუალება რაიმე სარგებელი ნახოს ჩვენი გულწრფელი ბრძოლისგან დემოკრატიისთვის.“ (სტილი დაცულია)

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის განცხადებით, ოპოზიციამ უკვე შეძლო მსოფლიოსთვის საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი სახე ეჩვენებინა და დღეს მის წინაშე დგას სულ სხვა ამოცანა - მოახდინოს მაღალი პოლიტიკური კულტურისა და პასუხისმგებლობის დემონსტრირება.
XS
SM
MD
LG