Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


„ევროპა არჩევანის წინაშე“ გაზეთ „24 საათის“ მოწინავე სტატიაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო გაერთიანების წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს,

განაახლონ მოსკოვთან მოლაპარაკება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო შეწყდა. ევროპის პოზიცია საქართველოში რუსეთის ქმედებების მიმართ გაყოფილია, თუმცა 10 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების საკითხზე საერთო ენა გამონახონ, – წაიკითხავთ გაზეთ „24 საათში“, რომელიც შიდაპოლიტიკურ თემებზეც აჩერებს დღეს ყურადღებას. სტატიაში „ოპოზიციის პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი“ დაწვრილებითაა განხილული როგორც უშუალოდ პროგრამის დეტალები, ისე ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების დამოკიდებულება საპროტესტო აქციებისადმი. ამ თემას დღეს განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს ყველა გაზეთი.

გაზეთი „რეზონანსი“, მაგალითად, იუწყება, რომ 7 ნოემბრის საპროტესტო აქციისათვის, ოპოზიციის გარდა, ხელისუფლებაც მოემზადა: „ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი. გარდა ამისა, რეგიონებიდან ჩამოყვანილია პოლიციის და სამხედრო ნაწილების დამატებითი ძალები. აღნიშნულთან დაკავშირებით ტრადიციული სიჩუმეა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვანო მერაბიშვილის უწყებაში კომენტარი არ კეთდება. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს გააჩნიათ ვიდეომასალა, თუ როგორ მოემართება პოლიციის კოლონა ბათუმიდან თბილისის მიმართულებით.“ გაზეთი „რეზონანსი“ 7 ნოემბრის აქციის თემას დღეს რამდენიმე სტატიას უძღვნის. მათში ჩამოყალიბებულია, ცხადია, ის მოთხოვნებიც, რომლებიც აქვთ აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მისამართით. ესენია: მედიის თავისუფლება, ტელეკომპანია „იმედის“ კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება, საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ”იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება 23 ნოემბრამდე ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ოპოზიცია სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირებას დაიწყებს“, - წაიკითხავთ გაზეთ „რეზონანსში“.

გაზეთი ”ვერსია” კი მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, რომელიც, სხვათა შორის, ამბობს: „ჩვენი ახალი პოლიტიკა საერთაშორისო მოვლენებთან სინქრონიზებული უნდა იყოს. ამიტომ დღეს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყება არასწორია. ერთი მხრივ, ეს ქვეყანაში სერიოზულ დესტაბილიზაციას, მოსახლეობის ორად გაყოფას ნიშნავს. მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში მილიარდების ჩადებას აპირებენ, აქვთ ლეგიტიმური ინტერესი, დაინახონ ამ პროცესის შედეგი. მათ ჯერ უკეთესი ალტერნატივა უნდა დაინახონ. ასე რომ, მათი მხრიდან ამ პროცესს ან საერთოდ არ ექნება მხარდაჭერა, ან ძალიან დაბალი ხარისხით. ამ საკითხის, მოსაზრების დაყენება „რესპუბლიკურ პარტიას“ მკაფიოდ მოუწევს შესაძლო პარტნიორებთან“.

„რა ასწავლა საქართველოს შვიდმა ნოემბერმა“–ამ თემაზე კი სტატიას გაზეთ „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ. სტატიის თანახმად, ნოემბრიდან ნოემბრამდე საქართველოში ბევრი რამე შეიცვალა, ხელისუფლება და ოპოზიცია კი იგივე დარჩა. ნდობა ორივე მათგანის მიმართ დაიკარგა და, რაც მთავარია, საქართველომ კიდევ ერთხელ დაკარგა ტერიტორიები.
XS
SM
MD
LG