Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზის დიპლომატიური მანევრი: „მოურიდებელი ბლეფი“, თუ „ჩახლართული სამართლებრივი გამბიტი“?


7 ნოემბერს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ – საფრანგეთმა – გამოაცხადა, რომ კავშირი მზად არის, განაახლოს რუსეთთან შეწყვეტილი მოლაპარაკება

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ, აგვისტოს ომის დაწყებისთანავე, ევროკავშირმა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა და მისი განახლების პირობად რუსეთის მიერ სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება დაადგინა. როგორც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი იტყობინება, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ, თითქოს მოსკოვს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეესრულებინოს, გააოგნა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები, რომლებისთვისაც აშკარაა, რომ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.

ნიკოლა სარკოზის დიპლომატიური მანევრი ზოგიერთმა მიმომხილველმა უკვე შეაფასა „ერთ-ერთ ყველაზე მოხერხებულად ევროკავშირის ისტორიაში“. რადიო „თავისუფლების“ დიპლომატიურმა კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა სარკოზის ნაბიჯი ნაწილობრივ „მოურიდებელ ბლეფად“, ნაწილობრივ კი „ჩახლართულ სამართლებრივ გამბიტად“ დაახასიათა. მაგრამ როგორი ეპითეტებითაც უნდა შევამკოთ საფრანგეთის ლიდერის – და, მასთან ერთად, მთელი ევროკავშირის ნაბიჯი – ფაქტი ფაქტად რჩება: 27-წევრიანმა კავშირმა თავადვე უგულებელყო ის პირობა, რომელიც რუსეთს 1 სექტემბერს, ბრიუსელის საგანგებო სამიტზე წაუყენა.

ამ ნაბიჯის გადადგმას ყველა როდი ემხრობოდა. თავად კავშირის წევრთა შორისაც იყვნენ ქვეყნები, რომელთა აზრით, ასეთ საკითხებში სრულიად აუცილებელია პრინციპულობის გამოჩენა. განსაკუთრებით მედგარი იყო წინააღმდეგობა პოლონეთისა და ლიტვის მხრიდან. ამ უკანასკნელის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა ბრიუსელში გამომავალ ყოველკვირეულ გაზეთ „იუროპიენ ვოისში“ ხუთშაბათს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნა, რომ კატასტროფა იქნებოდა რაიმე ნაბიჯების გადადგმა მანამ, სანამ რუსეთის ჯარი საქართველოს მთელს ტერიტორიას არ დატოვებს.

მაგრამ პარასკევს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ადამკუსსა და მის თანამოაზრეებს სარკოზიმ, პრაქტიკულად, უსაყვედურა, კარგად ვერ გაგიგიათ, 1 სექტემბერს რაზე მოვილაპარაკეთო.

[სარკოზის ხმა]„ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ეს მოლაპარაკება არასოდეს ყოფილა შეწყვეტილი – ამ საკითხზე გადამწყვეტი სიტყვა ევროკავშირს ეკუთვნის – რადგან შეწყვეტის თაობაზე აუცილებელი იქნებოდა სამიტის გადაწყვეტილება. ჩვენ კი – პრეზიდენტ ბაროზუსთან ერთად – უბრალოდ, თარიღი გადავიტანეთ.“

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები ზოგს აფიქრებინებს, რომ ეს დიპლომატიური მანევრი პარიზს ჯერ კიდევ სექტემბერში ჰქონდა ჩაფიქრებული. ანუ ის, რაც 1 სექტემბრის საგანგებო სამიტის აღმოსავლეთევროპელ მონაწილეებს ევროპის კავშირის დიდი გამარჯვება ეგონათ, სინამდვილეში არცთუ სამართლიანი წესებით თამაშის ნაწილი ყოფილა; თამაშისა, რომელშიც აღმოსავლეთევროპელები თავადაც აღმოჩნდნენ ჩათრეული.

ნიკოლა სარკოზის არც იმის თქმა მოერიდა, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. პოლონელი ჟურნალისტი ქალის შეკითხვას, დაუბრუნდა თუ არა რუსეთის ჯარი კონფლიქტისწინა პოზიციებსო (რასაც 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები ითვალისწინებდა), სარკოზიმ წარბშეუხრელად უპასუხა:

[სარკოზის ხმა] „მეორე პირობა – რუსეთის ძალების უკან დახევა 8 აგვისტოს კრიზისამდე არსებულ, კონფლიქტისწინა საზღვრებზე. შესრულდა თუ არა ის? დიახ. ვწუხვარ, ქალბატონო, მაგრამ დიახაც, ყურადღებით ვადევნებდი თვალს მოვლენებს.“

სიტყვა „საზღვრები“ ნიკოლა სარკოზის შემთხვევით არ უხმარია. იგი სწორედ „საზღვრებზე“ საუბრობდა და ერთხელად არ უხსენებია „პოზიციები“, რითაც, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ რუსეთისგან არავის არასოდეს მოუთხოვია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დატოვება.

საფრანგეთის ამ დიპლომატიურ იერიშს სრულად დაუჭირა მხარი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, რომელმაც ლიტვა და პოლონეთი გააფრთხილა კიდეც, თუ ერთიანად არ ვიმოქმედეთ, ევროკავშირის წევრები მოსკოვთან შეთანხმებების გაფორმებას ცალ-ცალკე დაიწყებენო. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ბაროზუმ აშკარად ვარშავასა და ვილნიუსს მიმართა, როცა თქვა: შესაძლოა, ბოლომდე არ იზიარებდეთ ევროკავშირის საერთო პოზიციას, მაგრამ თქვენსავე ინტერესშია, არსებობდეს ერთი პოზიცია, და არა სამი ან ოთხიო.

ლიტვამ, პოლონეთმა და მათმა მხარდამჭერებმა მარცხი აღიარეს. თუმცა ამ ქვეყნების წარმომადგენელთა თქმით, 10 ნოემბრისთვის დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისინი ყოველ ღონეს იხმარენ, რათა ერთობლივ განცხადებაში მკაფიოდ ჩაიწეროს: მართალია, პარტნიორობის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა, მაგრამ მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. საფრანგეთი, რომელიც ხვდება, რომ ორშაბათის შეხვედრაზე ასეთი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება, წინასწარვე ამბობს, ერთობლივი განცხადების მიღება საერთოდ არ არის საჭიროო.

რადიო „თავისუფლებამ“ კომენტარი სთხოვა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ანდრუს ანსიპს, რომლისთვისაც რუსეთთან ფართომასშტაბიანი პარტნიორობა ამ ეტაპზე სრულიად მიუღებელია:

[ანსიპის ხმა]„თანამშრომლობაზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან შეგვიძლია ლაპარაკი. რუსეთის შემთხვევაში – სუვერენულ მეზობელზე სამხედრო თავდასხმის გათვალისწინებით – ახლა ვერაფრით ვერ ვისაუბრებთ პარტნიორობაზე ან გაზიარებულ ფასეულობებზე.“
XS
SM
MD
LG