Accessibility links

logo-print

დასავლეთის პრესაში განვლილი კვირის მანძილზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების თემა დომინირებდა.


დასავლეთის პრესაში განვლილი კვირის მანძილზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების თემა დომინირებდა. 4 ნოემბრამდე წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებდნენ,

4 ნოემბრის შემდეგ - არჩევნების ისტორიულ შედეგს. პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლასაც ქვეყნის მდგომარეობის შესახებ - როგორც ცნობილია, დმიტრი მედვედევის პირველ გამოსვლას, რომელიც ორჯერ გადაიდო, ვიდრე 5 ნოემბერს გაიმართებოდა.

ჟურნალ “ეკონომისტში” გამოთქმული მოსაზრებით, მედვედევის გამოსვლის გადავადებით მოსკოვმა აჩვენა, რომ მის დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს “ისეთი ტრივიალური ამბავი, როგორიც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებია”. “ეკონომისტში” დაბეჭდილი სტატიის ავტორს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ მედვედევს თავის გამოსვლაში არც კი უხსენებია ობამას გამარჯვება - რომ აღარაფერი ვთქვათ მისთვის მილოცვაზე. მოგვიანებით ობამას ტელეგრამა გაუგზვანა.

რაც შეეხება გამოსვლის სხვა თემებს, “ეკონომისტი” მკითხველს ამცნობს, რომ წლის ორ მთავარ მოვლენად მედვედევმა დაასახელა საქართველოში აგვისტოს ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო და ორივესთვის პასუხისმგებლობა დააკისრა ამერიკას. სტატიაში მოყვანილია რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის სხვა დეტალებიც, მათ შორის კალინინგრადის რეგიონში “ისკანდერის” ტიპის რაკეტების განთავსების გეგმა.

რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებით გააშუქმა გერმანიის წამყვანმა კონსერვატიულმა გაზეთმა “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგმაც”. სტატიაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვიტოს ომზე მითითებით იწყება, ვკითხულობთ:

“იმის მაგივრად, რომ ეცადა, დავიწყებას მისცემოდა მიუნხეში 2007 წელს პრეზიდენტ პუტინის აგრესიული გამოსვლა დასავლეთისა და განსაკუთრებით ამერიკის წინააღმდეგ; იმის მაგივრად, რომ ეცადა ახალი პოლიტიკური კურსის აღება ქვეყნის შიგნით დაპირებული რეფორმების დასაწყებად, მედვედევი ზაფხულში ისევ მოსკოვის ძალისმიერი პოლიტიკის ძველ ლიანდაგებს დაადგა. შედეგი იყო დასავლეთისაგან საგარეო-პოლიტიკური იზოლაცია, ამერიკასთან ურთიერთობის გაყინვა და დაბნეულობა “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში”, წერს ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი 6 ნოემბრის ნომერში.

იმავე დღეს “ნიუ იორკ ტაიმსმა” დაბეჭდა სტატია საქართველოში აგვისტოს ომის დროს კასეტური ბომბების გამოყენების საკითხზე. სტატიის ავტორი ავტორიტეტიან უფლებადამცავ ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩის” ბოლო ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქართველმა სამხედროებმა აგვისტოში მეტი კასეტური ბომბი გამოიყენეს, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი; რომ ზოგ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა სერიოზულ ტექნიკურ ხარვეზებს, რის შედეგადაც ბომბები სამიზნეს კი არ მოხვდა, არამედ ქართულ სოფლებში აფეთქდა და გამოიწვია მსვხერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

სტატიაში ვკითხულობთ ასევე, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს “ჰიუმან რაითს უოჩის” ანგარიში. მათი განცხადებით, მთავრობისთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ ქართველი სამხედროების მიერ გასროლილი ჭურვები ქართულ სოფლებს მოხვდა. “ნიუ-იორკ ტაიმსი” მკითხველს ამცნობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ აღიარა ისრაელისაგან შეძენილი კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტი. მაგრამ ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ისინი გამოიყენეს მხოლოდ რუსი სამხედროების და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

რუსეთი კი - ქართული მხარისაგან განსხვავებით - კატეგორიულად უარყოფს ომში კასეტური ბომბების გამოყენებას, მაშინ როცა მტკიცებულებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.”ჰიუმან რაითს უოჩის” გამომძიებლებმა რუსულ წარმოების კასეტური ბომბების ელემენტებს მიაგნეს ქართულ სოფლებში. ამას გარდა, ნიდერლანდის საგარეო უწყების განცხადებით, სწორედ რუსულმა კასეტურმა ბომბმა შეიწირა ნიდერლანდელი ოპერატორისა და კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე გორის ცენტრალურ მოედანზე 12 აგვიტოს მოწყობილი იერიშის შედეგად.

სტატიას ამ თემაზე “ნიუ-იორკ ტაიმსი” აქვეყნებს. ამავე გაზეთის 7 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია ვრცელი პუბლიკაცია აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. მისი ავტორები დაეჭვებული არიან ომის დაწყების ქართული ვერსიით და დაწვრილებით განმარტავენ ამ დაეჭვების მიზეზებს. მათზე უცხოეთის პრესის ამ მიმოხილვაში არ შევჩერდებით, ვინაიდან სტატია დაწვრილებით გავაშუქეთ ჩვენს წინა გადაცემებში, გაგაცანით “ნიუ-იორკ ტაიმსის” ამ, სადავო პუბლიკაციაზე ქართველი ოფიციალური პირების გამოხმაურებაც.

უცხოეთის პრესის მიმხილვის ბოლოს კი ისევ “ეკონომისტს” დავუბრუნდებით - ეკონომიკური პროფილის წამყვან ბრიტანულ ჟურნალს. წარმოგიდგენთ სტატიას რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობაზე სათაურით “რუსული გაკვეთილები”. მასში გაკრიტიკებულია ევროკავშირის ზოგი წევრის მოთხოვნა, განახლდეს რუსეთთან პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს არ შეუსრულებია საამისოდ წაყენებული მოთხოვნა - არ გაუყვანია ჯარები აგვისტოს ომამდე პოზიციებზე. “ეკონომისტში” ვკითხულობთ:

ევროკავშირის “უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ - 27 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა სამიტმა - რუსეთს წაუყენა პირობა, რომელიც მას არ შეუსრულებია. ახლა თავს ისე გვაჩვენებენ, რომ შეასრულა? ცალკეულმა ქვეყნებმა შეიძლება გაატარონ ასე, მხოლოდ პრაგმატიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, მაგრამ ის “კატასტროფული” იქნებოდა ევროკავშირისთვისო, ამბობს ერთ-ერთი მინისტრი ევროკავშირის წევრების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებიდან. ის ფიქრობს, რომ რუსეთთან ევროპის ურთიერთობა, რაც შეიძლება, ზუსტად უნდა განისაზღვრებოდეს წესებით. “როცა ვხედავთ, რომ რუსეთი წესებს არღვევს, ამას ძალიან მკაფიო შეფასება უნდა მივცეთო”.
XS
SM
MD
LG