Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჟურნალისტი, რომელიც გენერალ ხრულიოვთან ერთად დაიჭრა ცხინვალში, ამ ბრძოლას იხსენებს


აგვისტოს ბრძოლებში

რუსეთის 58-ე არმიის განადგურების თემა საქართველოში კვლავ აქტუალურია, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები თითქმის არ არსებობს. რუსი ტელეჟურნალისტი ალექსანდრ სლადკოვი კი იმ ჟურნალისტთა ჯგუფში იმყოფებოდა, რომელიც 9 აგვისტოს 58-ე არმიის სარდალ გენერალ ხრულიოვთან ერთად ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებოდა. სხვათა შორის, სლადკოვი იქ დაიჭრა კიდეც, ისევე როგორც გენერალი ხრულიოვი. თუმცა მანამდე ალექსანდრ სლადკოვი თვალს ადევნებდა და ფირზე აღბეჭდავდა ბრძოლებს, რომლებიც ჯერ ჯავასთან, ხოლო შემდეგ ცხინვალის გარეუბანში ქართველ და რუს სამხედროებს შორის გაიმართა. ამ ბრძოლებსა და დანაკარგებთან დაკავშირებული ზოგიერთი მომენტის გასარკვევად მოსკოვში მცხოვრებ ჟურნალისტ ალექსანდრ სლადკოვს ტელეფონით დავუკავშირდი.

რუსეთის ტელეარხ ”როსსიას” ჟურნალისტი ალექსანდრ სლადკოვი და მისი ოპერატორი ვლადიკავკაზიდან სამხრეთ ოსეთში 8 აგვისტოს დილით ჩვეულებრივი ტაქსით ჩავიდნენ. გზა როკის გვირაბიდან ჯავამდე მოფენილი იყო რუსული სამხედრო ავტომანქანებითა და ჯავშანტექნიკით. ალექსანდრ სლადკოვის თქმით, ნახევარი საათით ადრე, ვიდრე რუსული გადამღები ჯგუფი ჯავაში შევიდოდა, კოლონას ქართულმა ნაწილმა მასირებული ცეცხლი გაუხსნა:

[ალექსანდრ სლადკოვი] ”ვლადიკავკაზიდან როკის გვირაბამდე ჩვენ გვერდს ვუქცევდით დიდი რაოდენობით რუსულ საბრძოლო ტექნიკას, რომელიც ცხინვალისკენ მიდიოდა. 8 საათისთვის აღმოვჩნდი ჯავაში, სადაც ერთი საათის წინ იერიში მიეტანათ რუსეთის კოლონაზე, რომელიც ამ გზით და ამ დასახლებული პუნქტის გავლით მიემართებოდა. მე ვესაუბრე 693- ე პოლკის ჯარისკაცებს, რომელთა დალეწილი მანქანა გზაზე იდგა ჯავასთან ახლოს. ჯარისკაცებმა მიამბეს, რომ ისინი განგაშით წამოაყენეს ღამის ორ საათზე და საბრძოლო წყობით გაგზავნეს როკის გვირაბისკენ.”

რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ სლადკოვი რუსულ სამხედრო კოლონასთან ერთად 8 აგვისტოს ცხინვალში შევიდა ზარის შემოვლითი გზით, რომელიც ქალაქს ზემოდან დაჰყურებს. პირველი ბრძოლა 58-ე რუსული არმიის ნაწილებს ქართულმა არტილერიამ და ქვეითებმა სწორედ იქ გაუმართეს. ალექსანდრ სლადკოვის თქმით, ეს იყო სასტიკი ბრძოლა, რის გამორც რუს სამხედროებს სიმაღლის დათმობა მოუხდათ:

[ალექსანდრ სლადკოვი] ”მე იქ ვნახე პირველი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცები. დილის 8 საათიდან 12-მდე, თითქმის 4 საათი, გრძელდებოდა ბრძოლა ამ სიმაღლის ასაღებად. ტბის[ერცოს ტბის] მხრიდან პოზიციებზე გამოვიდა 4 ქართული ტანკი. ტანკები ისროდნენ პირდაპირი დამიზნებით. მათ პასუხობდა ჩვენი ნაღმსატყორცნთა ბატარეა, ესროდა თვითმავალი საარტილერიო დანადგარების დივიზიონი. მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლა სიმაღლისათვის. ჩემს თვალწინ ბევრი მოკლული იყო. უფრო ზუსტად, რამდენიმე იყო მოკლული, რამდენიმე დაჭრილი. მათ ადგილზევე, ღია ცისქვეშ, ეხმარებოდნენ ექიმები. მათი ტრანსპორტით ევაკუირება შეუძლებელი იყო, რადგან ზუსტად ზარის გზა იბომბებოდა. და რამდენადაც ვიცი, ინტენსიური ცეცხლისა და დიდი დანაკარგის გამო, რუსი ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ ეს სიმაღლე.”

ალექსანდრ სლადკოვი, რუსულ ტელეარხ ”როსსიას” კორესპონდენტი, აპირებს დოკუმენტური ფილმის გადაღებას ომზე. ამ ფილმში დიდ ადგილს დაიკავებს ცხინვალის მისადგომებთან 9 აგვისტოს გამართული ბრძოლა. როგორც ალექსანდრ სლადკოვმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ეს იყო გააფთრებული, ლამის ხელჩართული ბრძოლა ცხინვალის შესასვლელთან, ე.წ. ”შანხაის” რაიონში. ცხინვალის ამ დასახლებიდან, რომელსაც ქართული სპეცდანიშნულების ნაწილები იცავდნენ, რუსეთის 58-ე არმიის ორი ასეული სამშვიდობო ბატალიონი შევიდა მხარდასაჭერად, არმიის სარდალ გენერალ ხრულიოვის უშუალო ხელმძღვანელობით.

[ალექსანდრ სლადკოვი] ”9 რიცხვში ერთი კოლონა, ორი ასეულის შემადგენლობით, წავიდა მარჯვნივ, ზარის გზის მხრიდან, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს. მეორე კოლონა კი, რომელშიც ჟურნალისტებიც ვიყავით, მარცხნიდან მიდიოდა, ეგრეთ წოდებული ”შანხაის” რაიონის მიმართულებით. და როდესაც კოლონა სამშვიდობო ბატალიონს მიუახლოვდა, - რჩებოდა სულ რაღაც 300 მეტრი, - რუსეთის სამხედრო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს ყუმბარსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან, რომლებიც დაყენებული იყო ქართული სპეცნაწილების ამერიკულ ”ლენდროვერებზე”. ბრძოლა საათ-ნახევარს გრძელდებოდა. ეს იყო საცეცხლე კონტაქტი 5, 10,20 მეტრის სიახლოვეში. ჯარისკაცები იბრძოდნენ ხელჩართულნი, დანების გამოყენებით.”

ინტენსიურ ბრძოლას თავად ალექსანდრ სლადკოვი მხოლოდ ნახევარი საათი ადევნებდა თვალს. ის და მისი ოპერატორი ბრძოლაში დაიჭრნენ, ოპერატორი აორტაში, ალექსანდრ სლადკოვი კი - ფეხში. ცხინვალის შესასვლელთან, ე.წ. ”შანხაის” რაიონში, 9 აგვისტოს დაიჭრა თავად 58-ე არმიის სარდალი, გენერალი ხრულიოვი.

[ალექსანდრ სლადკოვი] ”ეს იყო სიტუაცია, როდესაც დაიჭრა ჩვენი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის რამდენიმე ოფიცერი და რიგითები იძულებულნი გახდნენ ასეულების მეთაურობა ეკისრათ. ასეთ რამეს არც კი მოველოდი. ბრძოლაში დაიწვა 22-დან 5 რუსული სამხედრო მანქანა, დაიღუპა 6 ადამიანი. მაგრამ იყვნენ დიდი რაოდენობით დაჭრილები. ბრძოლა საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.”

თუმცა ალექსანდრ სლადკოვი არ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას, თითქოს ცხინვალის ბრძოლებში მთელი 58-ე არმია განადგურებულიყოს. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი გენერალური შტაბის უფროსის წარდგენისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა. რუსი ჟურნალისტი ამბობს, რომ ხმები რუსეთის არმიის განადგურებისა და დიდძალი დანაკარგების შესახებ ერთობ გადაჭარბებულია:

[ალექსანდრ სლადკოვი] ”რაც შეეხება 58-ე არმიას, რა თქმა უნდა, დიდ ომებში ჩვენ არმიებიც კი დაგვიკარგავს, მაგალითად, როდესაც ფაშისტურ გერმანიას ვებრძოდით მთელი საბჭოთა კავშირი. მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში არამცთუ პოლკის, არამედ ცალკეული ქვედანაყოფების განადგურებაზე საუბარიც კი აშკარად გადაჭარბებულია. მე პირადად ასეთ ფაქტებს არ ვიცნობ. ”

ალექსანდრ სლადკოვი, ტელეკომპანია ”როსსიას” სამხედრო კორესპონდენტი, ასევე გადაჭარბებულს უწოდებს ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიერ ომის დღეებში გავრცელებულ ცნობებს ცხინვალის განადგურებისა და მიწასთან გასწორების შესახებ:

[ალექსანდრ სლადკოვი] ”ის ტერიტორია, რომელზეც ჩვენ გადავადგილდებოდით, დიახ, იდენტური იყო იმ სურათისა, რომელიც ჩვენ ომების დროს გვინახავს. მაგრამ, ცხადია, ეს არ იყო გროზნო ან ამჟამინდელი ხორვატიის ტერიტორიაზე არსებული ქალაქი ვუკოვორი. ცხინვალი ასეთ ქალაქებს ნამდვილად არ გაგვახსენებდა.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG