Accessibility links

2008 წლის 7 ნოემბერი


2008 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობა ერთადერთი ათვლის წერტილიდან ადევნებდა თვალყურს: ამ დღეს პასუხი უნდა გაეცა რამდენიმე კითხვაზე,

რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვისაც. პასუხები მართლაც გაცემულია, მაგრამ მათი ახსნა–განმარტება ერთგვაროვანი არ არის.

7 ნოემბრამდე ორიოდე კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, თბილისის მოსახლეობის მეტად მცირე პროცენტი აპირებდა საპროტესტო მიტინგსა და მანიფესტაციაში მონაწილეობას. თუმცა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მეტ-ნაკლებად ზუსტი წარმოდგენა, რამდენი ადამიანი მოიყრიდა თავს პარლამენტის წინ: ორი ათასი, ოცი ათასი თუ ორასი ათასი... ოპოზიციის ლიდერები წინასწარ მხოლოდ იმას აცხადებდნენ, რომ დიდი მიტინგის მომზადებას დიდი რესურსი სჭირდება, რაც მათ არ გააჩნდათ.

მომიტინგეების რაოდენობის განსაზღვრას ის ფაქტორი აბრკოლებდა, რომ ამჯერად პროტესტის გამოხატვის მოტივაცია რომელიმე პარტიის ან პარტიათა კოალიციის მოწოდება კი არ იყო, არამედ – ერთი წლის წინანდელი წყენა და შეურაცხყოფა, ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილება ხელისუფლების მოქმედებით ზოგადად და, განსაკუთრებით, აგვისტოს ხუთდღიან ომში.

უცხოური საინფორმაციო წყაროების ცნობით, შვიდი ნოემბრის მიტინგზე 10 ათასი მოქალაქე მივიდა. ოპოზიციის ქართველი ლიდერები კი მანიფესტაციაში მონაწილეთა რიცხვს 50 ათასით განსაზღვრავენ. უკვე ეს ხელოვნური სხვაობა მიუთითებს თბილისის მოსახლეობის გულგრილ დამოკიდებულებაზე არა 7 ნოემბრის, არამედ 7 ნოემბერს ჩატარებული მიტინგის მიმართ.

გასული დღეების განმავლობაში არ დადასტურდა, რომ ოპოზიციის ლიდერები განწყობილნი არიან წლევანდელი შვიდი ნოემბრის საჯარო, გულწრფელი ანალიზისთვის. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოების ინტერესია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ გამოავლინა თბილისის მოსახლეობამ თითქმის საყოველთაო გულგრილობა 7 ნოემბრის მიტინგის მიმართ. იმ არგუმენტის მოტანა, რომ ტელევიზიები ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობენ, ამ შემთხვევაში, ალბათ, სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს: ეს არ იყო მიტინგი, რომელზეც ხალხის გამოყვანა საინფორმაციო უზრუნველყოფას საჭიროებდა. ვერც ოპოზიციის მწირი რესურსი აგვიხსნის, რა მოხდა ამ დღეს თითოეული მოქალაქის ცნობიერებაში, მოქალაქისა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს მიტინგი მას არ ეხება.

მოდით, დავსვათ შეკითხვა: რა შესთავაზეს მიტინგის ორგანიზატორებმა საზოგადოებას? ოპოზიცია წინასწარ აცხადებდა, რომ 7 ნოემბერი იქნება გლოვის დღე, ღირსების დაცვის დღე, ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის დღე. ოპოზიცია აცხადებდა, აგრეთვე, რომ ეს იქნება მშვიდობიანი, კულტურული მიტინგის დღე, როდესაც საზოგადოება გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შარშანდელი 7 ნოემბრის მიმართ და ასევე მშვიდობიანად და კულტურულად დაიშლება.

შესაძლოა, სწორედ ამგვარ განცხადებებში, რომლებიც, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, სრულიად მისაღებია, უნდა ვეძებოთ საზოგადოების მხრიდან მიტინგის მიმართ გულგრილობის მთავარი მიზეზი. შესაძლოა, ხალხი დღეს გაცილებით პრაგმატულია, ვიდრე აგვისტოს მოვლენებამდე იყო. როგორც ჩანს, „შავი თავშლების“ ესთეტიკა მიუღებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გაცილებით მეტი სურთ, ვიდრე კულტურულ მიტინგში მონაწილეობა.

წლევანდელმა 7-მა ნოემბერმა დაადასტურა საზოგადოების ორი განწყობა: გულგრილობა არსებული ოპოზიციის მიმართ და გულგრილობა არაფრისმომცემი მიტინგების მიმართ. შესაბამისად, დასკვნაც ასეთი შეიძლება იყოს: საზოგადოებას სჭირდება ახალი ოპოზიციური ლიდერები ან, თუნდაც, ძველები, ოღონდ ისეთები, რომლებიც შეძლებენ გადადგან გაცილებით ძლიერი, ქმედითი ნაბიჯები და რეალურად შეცვალონ ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა, ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ, როგორც 7-მა ნოემბერმა აჩვენა, საზოგადოება ითხოვს საქმეს ლაპარაკის ნაცვლად და საქმიან ლიდერებს მოლაპარაკე ლიდერების ნაცვლად.

თუ ეს დასკვნა არასწორია, მაშინ მეორე ახსნა მხოლოდ ისაა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა - აგრეთვე, აგვისტოს ომმა - საქართველოს მოსახლეობაში სრულად ჩაკლა საპროტესტო მუხტი. შესაბამისად, ხელისუფლებას შეუძლია მშვიდად გააგრძელოს საქმიანობა, რადგან საკუთარი ხალხისგან კარგა ხანს საფრთხე აღარ ემუქრება.

უახლოესი თვეები გამოავლენს, როგორია რეალური ბალანსი ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი უფრო ზუსტად აიხსნას, რატომ აღმოჩნდა წლევანდელი 7 ნოემბერი ასეთი უნდილი და უსუსური.
XS
SM
MD
LG