Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიდის თუ არა ევროკავშირი რუსეთთან კომპრომისზე საქართველოს ინტერესების ხარჯზე?


მაშინ, როცა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში ქართველების ეთნიკური წმენდის საფრთხე სულ უფრო იზრდება, ევროკავშირი გამოხატავს მზადყოფნას, გააღრმავოს რუსეთთან თანამშრომლობა.

ამ საკითხზე 10 ნოემბერს ბრიუსელშიც მსჯელობდენ, საგარეო ურიერთობათა საბჭოს სხდომის ფარგლებში. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა განიხილება მოსამზადებელ ეტაპად რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ, რომელიც ნიცაში 14 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. საკითხის დადებითად გადაწყვეტას მედგრად ეწინააღმდეგებიან პოლონეთი და ლიტვა, რომლებიც მოსკოვთან თანამშრომლობის განახლებას მიუღებლად მიიჩნევენ მანამ, ვიდრე რუსეთი არ დაუბრუნდება აგვისტოს ომამდელ პოზიციებს. საფრანგეთის, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კი დარწმუნებით აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ უკან სწორედ ისე დაიხია, როგორც ეს მას 6-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით მოეთხოვებოდა. როგორ აღიქმება სარკოზის სვლა თბილისში და რით ეწინააღმდეგება ის ევროკავშირის მეთვალყურეთა პოზიციას?

რუსეთთან ერთიანობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირს სჭირდება იმის დემონსტრირება, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით გაერთიანების წინაშე აღებული ყველა ვალდებულება შეასრულა, რაც ევროკავშირის საბჭოს 1 სექტემბრის სამიტის მკაცრ მითითებასაც წარმოადგენდა - პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი სწორედ ასე ცდილობს ახსნას ნიკოლა სარკოზის მიერ 7 ნოემბერს გაკეთებული განცხადება. საფრანგეთის - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - პრეზიდენტმა რუსეთის მისამართით აშკარა კმაყოფილება გამოხატა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც პოლონელმა ჟურნალისტმა ქალმა მას რიტორიკული შეკითხვა დაუსვა - დაუბრუნდა თუ არა რუსეთის ჯარი კონფლიქტისწინა პოზიციებს, რასაც 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები ითვალისწინებდა:

[სარკოზის ხმა] „მეორე პირობა – რუსეთის ძალების უკან დახევა 8 აგვისტოს კრიზისამდე არსებულ, კონფლიქტისწინა საზღვრებზე. შესრულდა თუ არა ის? დიახ. ვწუხვარ, ქალბატონო, მაგრამ, დიახაც, ყურადღებით ვადევნებდი თვალს მოვლენებს.“

ნიკოლა სარკოზიზე არანაკლებ ყურადღებით და თანაც უფრო ახლო მანძილიდან ადევნებს მოვლენებს თვალს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია, რომელიც შეშფოთებას ვერ მალავს საჩხერის რაიონის სოფელ პერევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ რუსების მიერ კონტროლირებად ბლოკ-საგუშაგოზე 8 ნოემბრის შემდეგ ოსური დროშა ფრიალებს. ტერიტორია სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა რუსი ოკუპანტების ხელდასხმით დაიკავეს. ფაქტი ჯიუტია: ისევე როგორც ახალგორის რაიონი და ზემო აფხაზეთი, არც სოფელი პერევი ყოფილა ოკუპირებული აგვისტოს ომამდე. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიისთვის ნათელია, და ეს 8 ნოემბერს გავრცელებულ მის განცხადებაშიც არის აღნიშნული, რომ პერევის ბლოკ-საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა (დასავლეთით) მდებარეობს. ევროკავშირის მეთვალყურეები ორშაბათს დიდხანს და ამაოდ ცდილობდნენ ამ უკანონო საგუშაგოზე გავლას. თბილისი ქართველების ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს მსოფლიოს. ოსების მხრიდან საფრთხეს აშკარად ხედავენ პერეველებიც:

(პერევის მკვიდრთა ხმები) ”... მაგენი, რო დათვრებიან, სუ ყველა აგრესიულები არიან. ხელში იარაღი უჭირავთ და ჩვენ რა უნდა ვქნათ მაგათთან.../ ბოვშები გავგზავნე სხვაგან, მე ქე ვარ აქა.../ დათვრნენ და დეესივნენ პერევლებს. კონდახები ურტყეს გულში სულ...” (სტილი დაცულია)

ასეთია კონტრასტი რეალობასა და საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ 7 ნოემბერს გაკეთებულ, ბევრისთვის გამაოგნებელ, განცხადებას შორის. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ფიქრობს, რომ სარკოზიმ, რომელიც რუსეთის იზოლაციის წინააღმდეგია, მოვლენებს გადაასწრო:

(იაკობაშვილის ხმა ) ”საფრანგეთი ცდილობს, რომ, ასე ვთქვათ, გამარჯვება გამოაცხადოს დროზე ადრე... ევროპაში ორად არის გაყოფილი აზრი. ერთი ნაწილი თვლის, რომ რუსეთის საბოლოო იზოლაცია მთლად სწორი არ არის და ჯობია, რომ ჩვენ ყველა ეს პრობლემური თემა მაგიდაზე დავალაგოთ და ისე ველაპარაკოთ... და არის მეორე ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ასეთი დიპლომატია რუსეთთან არ მუშაობს და მას უნდა ცალმხრივად უთხრა, რომ - არა, არაფერი არ მოხდება, სანამ შენ პირობებს არ შეასრულებ... და ახლა ეს ორი დიპლომატიური სკოლა, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ჭიდილშია და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს...” (სტილი დაცულია)

ამ დაპირისპირების ფონზე, თემურ იაკობაშვილს, ისევე როგორც ბევრს თბილისში, ერთგული მეგობრების იმედი აქვს. საქართველოს მხარდამჭერთა შორის ყველაზე მედგრად დგას პოლონეთი და ლიტვა, რომელთა პოზიციაც უცვლელია: ვიდრე საქართველოს არ დატოვებს, რუსეთთან ევროკავშირმა მოლაპარაკებები არ უნდა განაახლოს. სხვა საკითხია, რამდენად ემთხვევა საქართველოს ერთგული მეგობრების სურვილი შესაძლებლობას.

პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი ფიქრობს, რომ 14 ნოემბერს ნიცაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ევროკავშირი საქართველოს პრობლემაზე თვალს შეგნებულად ხუჭავს:

(ხუციშვილის ხმა) ”ამ შეხვედრას რომ ჰქონდეს წყნარი, პოზიტიური ფონი, ამისათვის უნდათ, რომ შექმნან წინაპირობა - აი, სრულდება ხელშეკრულება... უნდათ, რომ არაფერმა არ შეუშალოს ხელი და ეს მოლაპარაკება ნორმალურად წარიმართოს, მაგრამ... ვერ წარიმართება ეს მოლაპარაკება ნორმალურად იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება სწორი ინფორმაცია მიწოდებული ყველა მხარისთვის.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG